[:ka]
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ლანჩავამ, ჩინეთში, ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
დავით ლანჩავამ „ეკონომეტრის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ადვოკატთა კორპუსი მსგავს მასშტაბურ კონფერენციაზე მიიწვიეს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჰონგ-კონგში, სადაც 65 ქვეყნის ადვოკატები და 24 იურისდიქცია იყო წარმოდგენილი. ჩვენ ის პრინციპები გავიზიარეთ, რომლითაც ვთანხმდებით „აბრეშუმის გზის“ ამ დიდ მეგაპროექტზე, ვიზიარებთ იმ პრინციპებს, რომლის საფუძველზეც უნდა ვითანამშრომლოთ კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სისტემის დახვეწის და კლიენტის ინტერესების დაცვისთვის. რეფორმები და პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ის გარანტიაა, რომლის საფუძველზეც ამ ფორუმზე მიგვიწვიეს“, – განუცხადა მედიას დავით ლანჩავამ.
საუბრისას, სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ახალ ინიციატივაზე „ ერთი სარტყელი ერთი გზა“ გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა ინიციატივის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
„აბრეშუმის გზის პროექტი ჩინეთის მთავრობამ 2013 წელს დააანონსა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ თანამშრომლობას და ძველი აბრეშუმის გზის ქვეყნებთან ურთიერთობას. პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზა “ უნდა გავიაზაროთ რა არის შინაარსობრივად – ეს არის 6 სახმელეთო მარშრუტი, რომელიც ჩინეთიდან სხვადასხვა მიმართულებით გადის და ამასთან ერთად ერთი საზღვაო გზა. ეს არის საუკუნის მეგაპროექტი, რომელშიც 65 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის, გადამწყვეტი ხმის უფლებით ჩინეთი. 2014 წელს ჩინეთმა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგად ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგა და პროექტისთვის შექმნა სპეციალური ბანკი, რომელსაც 100 მილიარდი დოლარის პორტფელი აქვს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ერთი წლის შემდეგ კი შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა ინვესტიციების განხორციელება. ჩვენ უნდა გავიაზროთ რამხელა ეკონომიკური შესაძლებლობები იწყება ევრაზიის კონტინენტზე და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჩართულობას ამ პროექტში“, – განაცხადა დავით ლანჩავამ.
შეგახსენებთ, რომ ამაწლის 13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
[:]