მაისი5 , 2024
Home Blog Page 137

ჩინური ტრადიციული დღესასწაულები

0

[:ka]

ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულებია: „ჩუნ-ძიე“ – გაზაფხულის დღესასწაული ანუ ჩინური ახალი წელი, „ცინგმინგ-ძიე“ – გარდაცვლილთა მოხსენიების დღე, „ტუან’უ-ძიე“ – ნავების შეჯიბრი და „ჭუნგციუძიე“ – შუა შემოდგომის დღესასწაული.

„ჩუნ-ძიე“. ეს არის გაზაფხულის დღესასწაული ანუ ჩინური ახალი წელი. „ჩუნ-ძიე“ მიჩნეულია ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად. ახალი წლის დადგომის თარიღი დაკავშირებულია მთვარის კალენდართან და იცვლება ყოველწლიურად. ფესტივალი ტარდება დაახლოებით იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე. უძველესი დროიდან ეს დღესასწაული იყო გაზაფხულის მოსვლის სიმბოლო. მისთვის მზადებას მეთორმეტე თვიდან იწყებენ. ამ დროს სახლს რთავენ ნაყიდი და ოჯახის წევრების მიერ დამზადებული ქაღალდისგან გამოჭრილი სამშვენისებით, ხალხური ნახატებით და ა.შ. წითელი ფერი ახალი წლის უმთავრესი ატრიბუტია. ამ დღეებში, ტრადიციულად, ადამიანები იცვამენ წითელი ფერის ტანისამოსს, ერთმანეთს უგზავნიან საჩუქრებს, რომლებიც წითლად არის შეფუთული, ქუჩები წითლად არის მორთული. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ წითელი ფერი, ხმაური და ცეცხლი განდევნის ბოროტ სულებს.
ახალი წლის წინა ღამეს ეწოდება „ჩუსი“. ამ დღეს ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, ცვლიან გასული წლის ნახატებს, მოსართავებსა და წარწერებს. ამ დღეებში ტარდება წინაპრებისთვის თაყვანისცემისა და მსხვერპლშეწირვის ცერემონიები. 12 საათისთვის ამზადებენ ვახშამს, რომელსაც „ნიენიეფან“-ი ეწოდება. სუფრა მდიდრული უნდა იყოს. ჩრდილოეთში ახალი წლის სუფრის მთავარ კერძად „ძიაოწ’“ ანუ პელმენი ითვლება, რომელიც ოჯახის ერთობის სიმბოლოა, ამავდროულად, ვერცხლის ზოდის ფორმის გამო სიმდიდრის სიმბოლოცაა. სამხრეთ ჩინეთში მთავარ კერძად „ნიენკაო“ ანუ ბრინჯის ნამცხვარი ითვლება.
ღამის 12 საათიდან უშვებენ ფოიერვერკებსა და მაშხალებს.
ტაძრებსა და ქუჩებში იმართება გრანდიოზული წარმოდგენები, მიმდინარეობს კოსტუმირებული მსვლელობა ოჩოფეხებით, დრაკონისა და ლომების ცეკვები.

„ცინგმინგ-ძიე“ – მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ეს დღესასწაული გვაუწყებს გაზაფხულის ნათელი დღეების შესახებ და ეძღვნება წინაპართა ხსოვნას. უძველესი დროიდან მე – 20 საუკუნის 50-იან წლებამდე ის მთვა რის კალენდრით მესამე თვის მესამე დღეს აღინიშნებოდა. ამ დღესასწაულზე ასუფთავებენ საფლავებს, მიაქვთ საჭმელი და იქ სიმბოლურად უყოფენ წინაპრებს ტრაპეზსა და ღვინოს. ამავე დროს, გადიან გარეთ, ბუნებაში, რის გამოც, ამ დღესაწაულს, ხანდახან, ბუნებაში სეირნობის დღესაც უწოდებენ.

„ტუან’უ-ძიე“ – დრაკონის ნავების შეჯიბრის დღესასწაული. ეს დღესასწაული უკავშირდება ცნობილი ჩინელი პოეტის ციუ იუენის ხსოვნის დღეს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის ხსოვნას. ციუ იუენმა თავი მდინარე სიანში დაიხრჩო. მეთევზეები მისი ცხედრის გადასარჩენად თევზებს საჭმელად ბრინჯს უყრიდნენ. ამ დღეს ტარდება ნავებით შეჯიბრი. ასეთ ნავებს დრაკონის ნავებს უწოდებენ. შეჯიბრ ში უცხოელი სპორტსმენები და ტურისტებიც მონაწილეობენ. მზადდება „წუნგ-წი“ – ლერწმის ფოთოლში შეხვეული, ორთქლზე მოხარშული ბრინჯი.

„ჭუნგციუ-ძიე“ – შუა შემოდგომის დღესასწაული. ჩინური ახალი წლის შემდეგ
„ჭუნგციუ-ძიე“ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ეს არის მერვე თვის მეთხუთმეტე დღე, როდესაც მთვარე ზენიტშია, რის გამოც, ამ დღესასწაულს მთვარის დღესასწაულს უწოდებენ. მთვარის ჩასვლამდე ოჯახი სრული შემადგენლობით, ერთად აღნიშნავს ამ ზეიმს. ამ დღეს ამზადებენ „იუეპინგ“-ს ანუ „მთვარის ნამცხვარს“, რომე ლიც მრგვალი ფორმისაა და ოჯახის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა ეკონომიკურ სიმპოზიუმს უმასპინძლა

0

[:ka]

ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების განსახილვევლად და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ეკონომიკური სიმპოზიუმი – “ერთი სარტელი, ერთი გზა” გაიმართა. სიმპოზიუმს ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი, მოწვეული პროფესორი ვან სიაოვენი, ცოდნის ფონდის დირექტორი, ანასტასია ბენდუქიძე და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვახტანგ ლეჟავა. შეხვედრის შემდეგ, ვან სიაოვენმა ჩაატარა საჯარო ლექცია ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. საჯარო ლექციის ბოლოს დისკუსია გაიმართა.

შეგახსენებთ რომ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ეს უკვე რიგით მეორე სიმპოზიუმია, რომელსაც ჩინეთის საელჩოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

[:]

თემაზე “სარტყელი და გზა” ვანგ სიაოვენმა ლექცია წაიკითხა

0

[:ka]

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით, ლანჭოუს უნივერსიტეტის – პროფესორმა ვანგ სიაოვენმა, ლექცია თემაზე “ერთი სარტყელი, ერთი გზა”, იგივე ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი წაიკითხა.

ვანგ სიაოვენის კველვის სფერო რეგიონული ეკონომიკა, ფინანსები, საერთაშორისო ეკონომიკა, სავაჭრო, სამრეწველო და სასოფლო ეკონომიკაა. მას გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ლექციაზე განხილებოდა: აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის დაფარვის გეოგრაფიული ზონა; აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის აშენების სტრატეგიული მნიშვნელობა;აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საფუძველზე დამყარებული სავაჭრო თანამშრომლობა საქართველოს მაგალითზე; აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საფუძველზე დამყარებული ინდუსტრიული თანამშრომლობა; რჩევები, თუ როგორ გავამყაროთ ვაჭრობა და ინდუსტრიული თანამშრომლობა “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” საფუძველზე.

[:]

ჩინური მითოლოგია – თაობებზე გადაცემული ანტიკური მითები

0

[:ka]

ჩინური მითოლოგია ისტორიის, ფოლკლორისა და რელიგიური წარმოდგენების ნაკ რებია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ზეპირი და წერილობითი სახით. ჩინური მითოლოგიის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ მისი პერსონაჟები რეალურ ისტორიულ პიროვნებებად განიხილებოდა. მითები საუკუნეე ბის მანძილზე გადაიცემოდა ზეპირი ფორმით მანამ, სანამ არ დაიწყეს მათი ჩაწერა წიგნებში („შანხაიძინგი“, ანუ „მთებისა და ზღვების წიგნი“, ძვ. წ. 4-2 სს.). დანარჩენი მითები გადაიცემოდა ზეპირი სა ხით (თეატრებისა და მუსიკის საშუალებით). დიდია მითების გავლენა კონფუციანიზმსა და ტაოიზმზე. არსებობს ერთი და იმავე მითის
სხვადასხვა ვარიანტი, ხშირად ისინი ერთმანეთს არც კი ემთხვევა და მეტიც, ეწინააღმდე გება კიდეც.

ფუსი და ნიუვა. ფუსი და ნიუვა ჩინელებს ნახევრად გველ და ნახევრად ადამიან არსებებად წარმოედგინათ. ძველი ხალხი თვლიდა, რომ ფუსი მართავდა ცას, ხოლო ნიუვა დედამიწას. ამბობენ, რომ ნიუვამ ნივთები და ადამიანები თავისი ხელით თიხისაგან შექმნა.

ფანკუ. ის არის პირველი მგრძნობიარე არსება და შემოქმედი. თავდაპირველად სამყაროში სუფევდა უფორმო ქაოსი. ამ ქაოსში 18000 წლის მანძილზე კვერცხში ეძინა ფანკუს. როდესაც ინი და იანგი სამყაროში დაბალანსდა, ფანკუმ გამოიღვიძა. დააცილა ერთმანეთს ინი და იანგი. ინი გადაიქცა დედამიწად, ხოლო იანგი – ცად. ფანკუ მათ შორის მოექცა და აკავებდა ცას. 18000 წლის შემდეგ ფანკუ წამოწვა დასასვენე ბლად ანუ გარდაიცვალა. მისი ამონასუნთქი გადაიქცა ნიავად, ხმა ჭექაქუხილად გაისმა, მარცხენა თვალი – მზედ, მარჯვენა – მთვარედ, თმა და წვერულვაში – ცაზე გაბნეულ ვარსკვლავებად იქცა. მისი ხმა გახდა სამყაროს ოთხი პოლუსი, ტანი ხუთ წმინდა მწვერვალად ამოიზარდა. სისხლი – აქაფებულ მდინარედ, ძარღვები – გზებად და ბილიკებად, კუნთები – სახნავ მიწებად, ნაყოფიერ ნიადაგად, ხოლო კბილები, ძვლები და ძვლის ტვინი – თეთრ იასპად, მწვანე ნეფრიტად და სხვა ძვირფას თვლებად იქცა. ბალანი, რომელიც ტანს უფარავდა უღრან ტყეებად და გაუვალ ბარდებად იქცა, მისი ოფლი კი კეთილშობილ წვიმად გარდაიქმნა, ის პატარა არსებები კი, რომლებიც მის ტანზე დაცოცავდნენ, ადამიანებად გადაიქცნენ. ფანკუ გვევლინება სამყაროს შემქმნელად.
ასევე არსებობს სხვა უამრავი მითი, მათ შორის ყველაზე ცნობილი მითები შეეხება სამყაროს შექმნას: „ფანკუ ქმნის ცასა და მიწას“, “ნიუვა ქმნის ადამიანს“; ადამიანის ბრძოლას ბუნებასთან: „მშვილდოსანი ი ანადგურებს მზეს“, „ძინ ვეი ზღვის სტიქიას მიწად აქცევს“, გმირულ თავგანწირვას: „შენ-ნუნგი სინჯავს წამლებს“, „კუნ იუი აწყნარებს წყლის სტიქიას“ და ა.შ. ეს ლეგენდები წარმოაჩენენ ძველი ჩინელების მსოფლმხედველობას, და მათ სურვილს დაიმორჩილონ ბუნების ძალები.
ჩინური მითოლოგია აისახა ჩინურ ლიტერატურაშიც. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ჩინური ლიტერატურის განვითარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მითოლოგია წარმოადგენს ჩინური ლიტერატურის სათავეს.

[:]

ჩინური ენა და დიალექტების მრავალფეროვნება

0

[:ka]

მოკლე ცნობები ჩინური ენის შესახებ. ჩინური ენა მიეკუთვნება სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახს და გვევლინება ხანის ეროვნების (ხანწუს) ნაციონალურ ენად, ანუ იმ ხალხის ენად, რომლებიც ჩინეთის მოსახლეობის 92%-ს შეადგენენ. თავად ჩინური ენის ერთ-ერთი სახელწოდება – ხანიუ (ხანების ენა) ეთნოსის სახელწოდებიდან მოდის. ჩინური ენა არის სახელმწიფო და სალაპარაკო ენა ჩინეთის მრავალეროვანი მოსახლეობისთვის.
წერილობითი ძეგლები მოწმობენ იმას, რომ ჩინური ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. წერილობითი ენა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფდა კულტურული ტრადიციის უწყვეტობასა და უპირატესობას ჩინური ცივილიზაციის განვითარებისთვის მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. ენა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა, მაგრამ მის ძირითად მახასიათებლებს – გრამატიკულ ნორმებს, ბაზისურ ლექსიკას და სტრუქტურას ძირეული ცვლილება არ განუცდია.
თანამედროვე ჩინური სალიტერატურო ენა ფუთუნგხუა („საყოველთაო ენა“) არის აქტიურად განვითარებადი ნორმირებული ჩინური ენა. ფუთუნგხუას წარმოთქმის ბაზა შეესაბამება პეკინურ დიალექტს, რომელიც დაფუძნებულია ჩრდილოურ დიალექტზე, ხოლო გრამატიკული ნორმები დაფუძნებულია თანამედროვე სალაპარაკო ჩინურსა და თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე.
ფუთუნგხუა არის საერთო და სავალდებულო ჩინეთის ყველა მოქალაქისათვის და არის ოფიციალური ურთიერთობის საშუალება. ფუთუნგხუა ფართოდაა გავრცელებული ჩინეთის ცხოვრების ყველა სფეროში, პირველ რიგში კი განათლების ყველა საფეხურზე, ასევე, მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებში – ტელევიზიაში, რადიოში, ინტერნეტში და ა.შ. ჩინური ენის დიალექტები. ჩინურ ენაში უამრავი დიალექტია, მაგრამ გამოირჩევა 7 ძირითადი დიალექტი, ესენია: კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტი), დიალექტი უ, დიალექტი სიანგ, დიალექტი კან, დიალექტი ქეძია (ხაკკა), დიალექტი მინ, დიალექტი იუე. მიუხედავად დიალექტების დიდი რაოდენობისა, ყოველთვის გამოყოფენ სამ, ყველაზე მნიშვნელოვან და გავრცელებულ დიალექტს: კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი), კუანგტუნგური დიალექტი „იუე“ და შანხაის დიალექტი „უ“. ყველაზე მსხვილი ჩამოთვლილთა შორის არის ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს ჩინური ენის 70%-ზე მეტს.
მთელ ჩინეთში გავრცელებულია იეროგლიფური დამწერლობა. წერის დროს დიალექტებს აქვთ მსგავსი ლექსიკა და გრამატიკა. თუმცა, დიალექტთა ფონეტიკა იმდენად განსხვავდება, რომ თავად ჩინელები აწყდებიან სირთულეებს არამონათესავე დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანებთან. მიუხედავად სირთულეებისა დიალექტების განსხვავების გამო, დიალექტებში აისახება ჩინური ენის სიმდიდრე და ჩინური კულტურის ისტორიული თავისებურებები.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]

გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აბრეშუმის გზის თემაზე სიტყვით წარსდგა

0

[:ka]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული სესიის – The Silk Road Effect მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაზე განიხილეს, როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა.
“ესაა ალტერნატივების ქსელი – თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც.”– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია “პასუხისმგებლიანი ლიდერობა,” მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი -პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

[:]

მრავალფეროვანი და არომატული ჩინური სამზარეულო

0

[:ka]

ჩინური სამზარეულო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, რთული და მრავალფეროვანი. ჩინელებისათვის მნიშვნელოვანია საკვების არა მხოლოდ ფერი, გემო და სურნელება, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება კერძი. ჩინური სამზარეულოს ისტორია ნეოლითის ეპოქიდან იღებს სათავეს. დროთა განმავლობაში რეგიონების ჩამოყალიბებამ და კლიმატის მრავალფე როვნებამ შეცვალა და მრავალფეროვანი გახადა ჩინური სამზარეულო. დღეს ის უკვე მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული.
ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ბრინჯი, რომელიც გამოიყენება ჩინეთის ყველა რეგიონში. მისი გამოყენებისა და დამზადების პროცესი კი ყველგან განსხვავებულია.
რაც შეეხება საჭმელ ჩხირებს (ჩინურად „ქუაიწ’“), ის ჩინური სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს; ძირითადად გამოიყენება მყარი საჭმელებისთვის, ხოლო წვნიანი საჭმელებისთვის, ჩვეულებისამებრ, კოვზს იყენებენ. ბოლო დროს უფრო მეტად გამოიყენება ბამბუკისა და პლასტმასის ჩხირები.ზოგადად, განსხვავებული კლიმატური პირობების გამო, სხვადასხვა რეგიონებში ჩინური კერძების მომზადების წესი და გემო განსხვავებულია, ეს ასევე დამოკიდებულია ეთნიკურ ჯგუფზე. სამხრეთელებს უყვართ ნაკლებად მლაშე კერძები,

რომელთაც ნაკლები სურნელება ახასიათებს, ხოლო ჩრდილოელებს უყვართ კერძები მარილითა და სოიოს სოუსით. სიჩუანელებისთვის წარმოუდგენელია კერძი წიწაკის გარეშე, შანსიში მოსწონთ ძმრიანი საჭმელები. ამდენად, ჩინეთში უამრავი რეგიონალური სამზარეულოა.
არსებობს ჩინეთის ოთხი ყველაზე ცნობილი რეგიონული სამზარეულო სკოლა, ესენია: „ჩუანცაი“ – სიჩუანური სამზარეულო, „იუეცაი“ – კუანგტუნგური სამზარეულო, „ლუცაი“ – შანტუნგის სამზარეულო და „ხუაი’იანგ ცაი“ – ძიანგსუს სამზარეულო.
სიჩუანის სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ჩინურ სამზარეულოთა შორის. მისი თავისებურებაა კერძის სიცხარე. ამ სამზარეულოსთვის დამახასიათებელია წიწაკის უხვი მოხმარება. ამას გარდა, გამოიყენებენ უამრავ სანელებელს, ასევე ნიორს, ლეღვს და ფერმენტირებულ სოიოს. ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული კერძია ღორის ხორცი თევზის არომატით.
რაც შეეხება კუანგტუნგურ სამზარეულოს, ის მოდის კუანგტუნგიდან (ჩინეთის სამხრეთ პრ ოვინცია). მიჩნეულია, რომ კუანგტუნური სამზარეულო ყველაზე პოპულარულია, რასაც ხსნიან იმით, რომ ყველაზე მეტი ადამიანი, ჩინეთის სწორედ ამ პროვინციი დანაა გასული საზღვარგარეთ. კუანგტუნგელები მიჩნეულნი არიან თავგადასავლე ბის მოყვარულ ხალხად, რომელსაც შეუძლია ჭამოს ხორცეულიც და ბოსტნეულიც. კუანგტუნგური სამზარეულო გამოიყენებს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის პროდუქტს. ყველა კერძში გამოიყენება ახალი სურსათი და არავითარ შემთხვევაში – გაყინული პროდუქტი. ამ სამზარეულოსთვის არ არის დამახასიათებელი სიცხარე. ცდილობენ, ბუნებრივი გემო შეუნარჩუნონ ხორცსა და ბოსტნეულს. ორიგინალური კერძების მოსამზადებლად ხშირად იყენებენ ხვლიკებსა და გარეულ ცხოველებს. კერძების მომზადების საბაზისო ტექნიკა შეიცავს შეწვას, ღრმად შეწვას, მოხარ შვას, ჩაშუშვას და ორთქლზე მომზადებას. ბუნებრივი გემოს შესანარჩუნებლად კი, ყველაზე ხშირად, ორთქლზე მომზადებას და შეწვას მიმართავენ. ამ კუთხის მზარეულები ცდილობენ კერძების მრავალფეროვნად და მხატვრულად მორთვას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი ზეთში მომზადებული კრევეტებია.
ძიანგსუს სამზარეულო, რომელსაც ასევე „ხუაი’იანგ ცაი“-ს სამზარეულოს უწოდებენ, გამოირჩევა ზღვის პროდუქტების სიჭარბით, რომლებიც კერძებს ახალ და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს, ასევე, ხშირად გამოიყენება ნანადირევი. ამ სამზარეულოს თვის დამახასიათებელია გემოს სიტკბო და ჰაეროვნება. ასევე ცნობილია, რომ ძიანგსუს სამზარეულო დიდ ყურადღებას უთმობს ინგრედიენტების შერჩევას და კერძების მომზადების მეთოდოლოგიას. სეზონურ ცვლილებასთან ერთად, იცვლება კერძების სახეობებიც. დიდი ყურადღება ექცევა კერძების ლამაზ გაფორმებას. ერთ-ერთი ცნობილი კერძია – მარილიან წყალში მომზადებული ქათმის ხორცი.
შანტუნგის სამზარეულო. მომზადების ძირითადი ხერხია მაღალ ცეცხლზე შეწვა (ზოგჯერ ტაფაში ზეთს ცეცხლი ეკიდება ხოლმე). ამ სამზარეულოსთვის მნიშნელოვანია გემრიელად შეკაზმული და რძიანი წვნიანები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია ყვითელი მდინარის თევზი მოტკბო-მომჟავო სოუსში.

პეკინში ყველაზე ცნობილი კერძია „პეკინური იხვი“, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელად მზადდება რესტორანში „ციუენძიუტე“.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]

მხატვრული ბრწყინვალების სიმბოლო: ჩინური ფაიფური

0

[:ka]

ფაიფურის სამშობლო ჩინეთია. ჩინური წყაროების თანახმად, ფაიფური შექმნეს ხანის დინასტიის პერიოდში, მსოფ ლიოს დასავლეთმა ნაწილმა ის აბრეშუმის გზის მეშვეობით გაიცნო. ხანისა და თანგის დინასტიების დროს დაიწყო მისი აქტიური ექსპორტი. ფაიფური თიხისა და კერამიკული ნაკეთობების დამზადების ტექნიკის გაგრძელება და განვითარებაა. მას იყენებდნენ ნებისმიერი ფორმის ჭურჭლის დასამზადებლად. აღმოსავლეთ ხანის დინასტიის პერიოდიდან იწყება ფაიფურის წარმოების სწრაფი განვითარება. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში შეიქმნა ფაიფურის ცნობილი მანუფაქტურები. მათ ახასიათებდა თავიანთი მხატვრული ღირსებები და ყოველი მათგანი ფაიფურის განსაკუთრებულ სახეობებს წარმოადგენდა.
თანგის პერიოდში აწარმოებდნენ მომწვანო ლურჯ ფაიფურს (იუე-იაოს მანუფაქტურა ჭეძიანგის პროვინციაში) და თეთრ, თხელ ფაიფურს (სინგ-იაოს მანუფაქტურა ხეპეის პროვინციაში). სუნგის დინასტიის დროს ასევე აწარმოებდნენ ცნობილ თეთრ ფაიფურს (ტინგ-იაოს მანუფაქტურა ხეპეის პროვინციაში; ძიუნ-იაოს მანუფაქტურა ხენანის პროვინციაში); და მომწვანო ლურჯ ფაიფურს (ლუნგციუენ-იაოს მანუფაქტურა ჭეძიანგის პროვინციაში).
იუანის დინასტიის შემდეგ ძალიან სწრაფად განვითარდა ფაიფურის წარმოება ძიანსის პროვინციის ქალაქ ძინგტეჭენში, რომელსაც ახლაც ეწოდება „ჩინური ფაიფურის დედაქალაქი“ და რომლის ფაიფურიც გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით, სითხელითა და ფორმის დახვეწილობით. განსაკუთრებით ფასობს ღია მწვანე, მომწვანო, ლურჯი, ვარდისფერი, გამჭვირვალე ლურჯი და ძალიან თხელი ფაიფური.
მინგის დინასტიის ცნობილმა მოგზაურმა ჭენგ ხემ მრავალჯერ იმოგზაურა აზიისა და აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირებამდე და მას თან მიჰქონდა დიდი რაოდენობით ფაიფურის ნაკეთობები.
იუანის დინასტიის დროს ყველაზე მეტად იყო განვითარებული ფერადი ფაიფური. იმ დროს, თეთრთან ერთად, ლურჯი ფერიც შემოვიდა. ძირითადად ამგვარი იყო მინგისა და ცინგის დინასტიის ფაიფური და ეს ხანა ფეოდალური ხელოვნების ყველაზე ნაყოფიერ ხანად მიიჩნეოდა ჩინეთის ისტორიაში (იუენის, მინგის და ცინგის დინასტიების ფაიფური). მე-19 ს. ჩინეთში ფაიფური კარგავს თავის წამყვან მნიშვნელობას. მსოფლიოში უკვე გავრცელებულია ფაიფურის წარმოება და სხვა ქვეყნები საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ ჩინეთს, რაც გარკვეულწილად ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობითაც აიხსნება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული რევოლუციის დასრულების შემდეგ ჩინეთში იწყება ფაიფურის წარმოების ახალი ხანა.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]

ჩინეთის ოთხი დიდი აღმოჩენა

0

[:ka]

ძველი ჩინეთის ოთხ დიდ აღმოჩენათა რიცხვს მიეკუთვნება ქაღალდი, ბეჭდვა, კომპასი და დენთი.
ქაღალდი. ქაღალდის გამოგონებამდე ჩინელები ჯერ ბამბუკის მასალაზე წერდნენ, რომელიც ძალიან მოუხერხებელი იყო, შემდგომ კი, საწერ მასალად აბრეშუმს იყენებდნენ, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ იაფი მასალის ძებნამ შეუწყო ხელი ქაღალდის გამოგონებას, თუმცა, თავდაპირველად ქაღალდიც აბრეშუმისაგან მზადდებოდა, მოგვიანებით კი, ჩინელებმა დაიწყეს მისი დამზადება მცენარის მერქნისგან, ხშირ შემთხვევაში ეს იყო ბამბუკის რტო. ქაღალდის ადრეული ნიმუშები დამზადებულია I საუკუნეში. მისი დამზადების მეთოდი ჯერ კორეასა და იაპონიაში გავრცელდა, ხოლო შემდეგ, არაბების მეშვეობით, მთელ მსოფლიოში.

ბეჭდვა. ბეჭდვის გამოგონება უკავშირ დება თანგის დინასტიის პერიოდს. აღსანიშნავია, რომ უძველესი ნიმუში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია თარიღდება 220 წლით და ეს არის ნაბეჭდი ნაჭრის თარგები. უკვე XI საუკუნეში უბრალო მჭედელმა პი შენმა თიხის მოძრავი შრიფ ტით ბეჭდვის ხერხს მიაგნო, თუმცა, თიხა მტკიცე არ იყო და ტუშსაც ცუდად იღებდა. შემდეგ პერიოდში ბეჭდვა უფრო განვითარდა და გამოიგონეს ჯერ ხის, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მოძრავი შრიფტები.
წიგნის ბეჭდვის ტექნოლოგია ჩინეთიდან პირველად იაპონიაში გავრცელდა, ხოლო რაც შეეხება ევროპას, წიგნის ბეჭდვა აქ მხოლოდ XIV საუკუნეში დაიწყეს.

კომპასი. პირველი ცნობები მაგნიტურობის შესახებ ჩინურ ლიტერატურაში გამოჩნდა ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში. ჩინელებმა პირვე ლებმა აღმოაჩინეს მაგნიტური რკინა, ქვის მიერ რკინის მიზიდვისა და მისი პოლარიზაციის უნა რი. ამ მასალას ისინი იყენებდნენ სამყაროს მხარეთა განსასაზღვრად. ასე გაჩნდა ჩინეთში კომპასი. კომპასზე დატანილი იყო როგორც სამყაროს მხარეების აღმნიშვნელი იეროგლიფები, ასევე ზოდიაქოს ნიშნებიც. ჩინეთში ჳხ საუკუნეში მსოფლიოში პირველად შეიქ მნა ხელოვნური მაგნეტიტის კომპასის ისარი. ჩინელებმა ზღვაოსნობაში კომპასის გამოყენება XI-XII საუკუნეების მიჯნაზე დაიწყეს. XII საუკუნეში არაბებმა ჩინეთიდან გაიტანეს კომპასი, რომელიც სწორედ მათი მეშვეობით გახდა ცნობილი ევროპაში.

დენთი. ცდებმა სხვადასხვა რეაქტივებზე, მათ შორის გოგირდსა და გვარჯილაზე, სათავე დაუდო დენთის აღმოჩენას IX საუკუნეში. დაუსრულებელმა ომებმა ჩინურ სამეფოებს შორის ბიძგი მისცა შეიარაღების ახალ სახეობათა გამოგონებასა და მათ წარმოებას, კერძოდ, ჩინელების სახელს უკავშირდება ცეცხლგამჩენი ისრების, ხელყუმბარებისა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონება. დიდი მიღწევა იყო ასევე ცეცხლსასროლი იარაღის ლულის გამოგონება, რომელიც ჭურვის მოძრაობისა და მისთვის წინასწარ განსაზღვრული მიმართულების მისაცემად გამოიყენებოდა. ამ იარაღის შესახებ ევროპაში მონღოლების საშუალებით გაიგეს, ხოლო მისი წარმოება XIV საუკუნეში დაიწყეს.

[:]

ჩინური დამწერლობა და კალიგრაფია

0

[:ka]

ჩინური დამწერლობა არის იეროგლიფური, რის გამოც იგი მკვეთრად გამოირჩევა მსოფლიოს სხვა თანამედროვე დამწერლობათაგან. ესაა იდეოგრაფიულ-მარცვლოვანი დამწერლობა, რომლის ნიშანი – იეროგლიფი – სამეტყველო ენის ერთ მარცვალს ან მთლიან სიტყვას წარმოადგენს. განსხვავებით გავრცელებული ასობგერითი დამწერლობის ფონეტიკური სისტემისაგან, თითოეული იეროგლიფური ნიშანი შეესაბამება სიტყვას ან მარცვალს. იეროგლიფების საერთო რაოდენობა ჩინურ ენაში შეადგენს 60–70 ათასზე მეტს, პრაქტიკულად კი, გამოიყენება 5–8 ათასი ნიშანი. თანამედროვე ლიტერატურისა და პუბლიკაციების წასაკითხად საკმარისია მხოლოდ 3–4 ათასი იეროგლიფის ცოდნა, რაც შეესაბამება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საშუალო სკოლის სრულ მოთხოვნებს. მუშა-მოსამსახურეთათვის ოფიციალური მინიმალური დონე წერის უნარ-ჩვევებისთვის შეადგენს ორიათასამდე ნიშანს.

ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ერთ-ერთი უძველესი დამწერლობაა მსოფლიოში. უცნობია, თუ ზუსტად როდის შეიქმნა ჩინური იეროგლიფები. ისტორიული ცნობების მიხედვით ვიცით, რომ ის შეიქმნა ინის დინასტიის (ძვ.წ. 1401-1122 წწ.) დროს, მაგრამ, ლეგენდის თანახმად, იეროგლიფები შექმნა ლეგენდარული იმპერატორის ხუანგტის ისტორიოგრაფმა ცანგ ძიემ ოთხი ათასი წლის წინ მთების, მდინარეების და ზღვების მონახაზების, დრაკონებისა და გველების, ფრინველებისა და ცხოველების ნაკვალევის მიხედვით.

ყველაზე ძველი იეროგლიფები იწერებოდა კუს ბაკნებსა და ცხოველების ძვლებზე. მათ ეწოდება „ძიაკუვენ“, რაც, სიტყვასიტყვით ნიშნავს – „წარწერები კუს ბაკნებსა და ძვლებზე“.

ბრინჯაოს გადნობის ტექნოლოგიების გაჩენის შემდეგ, დაიწყეს ჩინური იეროგლიფების წერა ბრინჯაოს ჭურჭელზე, ამას ეწოდებოდა „ძინვენ“, რაც ნიშნავს „წარწერები ბრინჯაოზე“.
იეროგლიფური დამწერლობის განვითარებასთან ერთად ჩნდება კალიგრაფიის სხვადასხვა სტილი, ისეთები, როგორებიცაა: „ჭუან“, „ლიშუ“, „სინგშუ“, „ცაოშუ“, „ქაიშუ“.

ჩინურმა დამწერლობამ შეაღწია ვიეტნამსა და იაპონიაში უკვე ჳ–ჳჳჳ საუკუნეებში, სადაც დაიწყეს მათი გამოყენება თავიანთი დამწერლობის სისტემაში. იაპონიაში კი დღემდე გამოიყენება ჩინური წარმოშობის იეროგლიფები.
თავისი ოთხიათასწლოვანი არსებობის მანძილზე, ჩინური იეროგლიფები გახდა ჩინური ტრადიციული კულტურისა და ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. დამწერლობა და კალიგრაფია ერთმანეთისაგან გაუმიჯნავი ცნებებია. კალიგრაფიის ხელოვნება – „შუფა“, ხელოვნების ისეთი დარგია, რომელშიც განსხეულებულია დამწერლობა. ჩინური კალიგრაფია განუყოფელია ფერწერისა და ხელოვნების სხვა დარგებისაგან. კალიგრაფიის ოთხ საგანძურს („ვენფანგ ს’პაო“) შორის ფუნჯი – „მაოპი“ ტრადიციული წერის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. დანარჩენებია: „მო“ (ტუში), „ჭი“ (ქაღალდი ) და „იენ“ (ტუშის ჭურჭელი).

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]