[:ka]

   ჩინეთში ახალი წელი ე.წ. გაზაფხულის ფესტივალი (春节chūnjié) წელს 12 თებერვალს აღინიშნება და ნამდვილი ხარის წელიც სწორედ ამ დროს შემოაბიჯებს. როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხულის ფესტივალის აღნიშვნა მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლება, მოძრავი დღესასწაულია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი გახლავთ ჩინელებისთვის.

  ჩინური ახალი წლის მობრძანება ყველას ერთნაირად უხარია, დიდსა თუ პატარას, რადგან ეს დღე ოჯახური ერთიანობის სიმბოლოა და ოჯახის ყველა წევრი, ერთი კვირის განმავლობაში,  დღესასწაულს ერთად ეგებება, ერთად ყოფნით ხარობს და ბედნიერობს.

 1. რატომ ჰქვია ჩინურ ახალ წელს ,,გაზაფხულის ფესტივალი’’ და არა ,,ზამთრის ფესტივალი’’?    ის ძირითადად  ხომ  ზამთრის ცივ დღეებში აღინიშნება. ჩინელები ახალ წელს, მთვარის კალენდრის მიხედვით, სწორედ რომ ზამთრის მიწურულს ან გაზფხულის დაწყების პერიოდში აღნიშნავენ, როდესაც ცივი დღეების დასასრული დგება, ისინი მიესალმებიან გაზაფხულის  შემოგებებას, რასაც მოსდევს რგვა, თესვა, მოსავლის აღება, ბუნების გამოღვიძებასთან ერთად ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება და ისინიც ზარზეიმით ხვდებიან და აღნიშნავენ ამ ყველა მოხლოებულ სიკეთეს.

  2. ჩინური ახალი წლის აღნიშვნის თარიღი ყოველ წელს ცვალებადია, რატომ?

  ჩინელებისთვის  მთვარის კალენდარი ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ  1912 წელს ჩინეთი ოფიციალურად  გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, ყველა ტრადიციული დღესასწაული ჩინეთში კვლავ მთვარის კალენდრის გათვალისწინებით აღინიშნება. აღნიშნული კალენდრის მიხედვით, გაზაფხულის ფესტივალი პირველი ახალი მთვარის გამოჩენას ემთხვევა და 15 დღის შემდეგ სავსე მთვარეობაზე სრულდება. ზოგიერთი ჩინელი, დღემდე,  დაბადების დღესა და ასაკს მთვარის კალენდრის  შესაბამისად ითვლის.

  3. გაზაფხულის ფესტივალი ასევე გახლავთ  ღმერთებისადმი ლოცვის დღე

  ძველად, ჩინელები ღმერთებსა და ქალღმერთებს ეთაყვანებოდნენ და ლოცულობდნენ ოჯახური კეთილდღეობისთვის, ბარაქისთვის, შესთხოვდნენ წინაპრებს ნაყოფიერ წელს. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია და ბევრი ადგილობრივი ახალ წელს სალოცავად კვლავ სტუმრობს კონფუციანულ, ბუდისტურ და ტაოსისტურ ტაძრებს.

  4. გაზაფხულის ფესტივალი ბოროტ ძალებზე გამარჯვების დღეა

  გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებული უამრავი მითი  თუ ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, წელიწადში ერთხელ ჩინეთის ერთ-ერთ სოფელს ურჩხული სტუმრობდა, რომელიც ბავშვებითა და ცხოველებით იკვებებოდა. სოფლის მცხოვრებლებმა საკვები მას გარეთ დაუტოვეს იმის ნიშნად, რომ ურჩხულს აღარ შეეჭამა ბავშვები და პირუტყვი, მაგრამ ერთადერთი რამ, რის გამოც ურჩხულმა უკან დაიხია, წითლებში შემოსილი ბავშვი იყო. აღნიშული ლეგენდის მიხედვით, ხალხმა აქედან დაიწყო ფესტივალის აღნიშვნა, რომელიც უხვი წითელი ფერით  გამოირჩევა  და ბოროტ ძალებზე გამარჯვების, გადარჩენის, მშვიდობისა და სიხარულის მომტანი დღესასწაულია.

  5. ჩინური ახალი წლის ღამით მსოფლიოში ყველაზე მეტი ფოიერვერკი ეწყობა

  როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს მოსახლეობის ყოველ მეხუთე ადამიანს ჩინელი წარმოადგენს, ისინი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არიან ფეხმოკიდებულები, ცხოვრობენ ჩინური ტრადიციების დაცვით და აღნიშნავენ გაზაფხულის ფესტივალს ფერად-ფერადი და უხვი ფოიერვერკით. ამ ქმედებით ისინი ბოროტ ძალებსა და ცუდ ბედს დევნიან და ახალი წლის შემოსვლას ეგებებიან.

  ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობამ, 2006 წლამდე, უსაფრთხოების დაცვისა და გარემოს დაბინძურების შემცირების გამო, 500-ზე მეტ ქალაქში ფოირვერკების მოწყობაზე   შეზღუდვებიც კი დააწესა, მაგრამ ტრადიციამ გაიმარჯვა და ის კვლავ ყველა ქალაქში ჩინური ახალი წლის მოახლოების სიმბოლოა.

5. გაზაფხულის ფესტივალი ყველაზე – ხანგრძლივი დღესასწაული ჩინეთში

  გაზაფხულის ფესტივალზე ოფიციალურად ერთკვირიანი დასვენება ცხადდება, მაგრამ  ჩინელები არდადეგებს ფაქტობრივად 15 დღეს მაინც აგრძელებენ. სადღესასწაულო პერიოდში ისინი ორჯერ მეტ თანხას ხარჯავენ საკვებ პროდუქტებსა და სხვა სახის საყიდლებზე. ტრადიციულად, დროს  თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად ატარებენ. რადგან გაზაფხულის ფესტივალი ჩინელებისთვის ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაულია, ამ დროს თითქმის ყველა ისვენებს, სავაჭრო ობიექტების დიდი უმრავლესობაც დაკეტილია, ასე რომ წინა თვეში ხალხი წინასწარ იმარაგებს და იძენს  საახალწლო პროდუქტებს (年货 niánhuò), საჩუქრებს, ახალ ტანსაცმელს და ა.შ.

 6. გაზაფხულის ფესტივალი ადამიანთა ყველაზე დიდ მიგრაციას იწვევს მსოფლიოში

  ჩინეთის ახალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახის წევრების შეკრება და მათი ერთად ყოფნაა. ტრადიციისამებრ, საახალწლო სუფრაზე ყველა შინ უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც თანამედროვე ჩინეთში, მოხუცი მშობლების უმეტესობა სოფლად ცხოვრობს, მათი შვილები კი ჩინეთის ან სხვადასხვა ქვეყნის დიდ ქალაქებში მუშაობენ, საახალწლოდ შინ აუცილებლად ბრუნდებიან, რასაც  შვებულებაში გასვლას ან საგაზაფხულო მიგრაციას უწოდებენ (春运 chūnyùn).

  7. წეს-ჩვეულებები დღესასწაულზე

  ჩინელების უმეტესობა, წინაპრების მიერ გადმოცემულ ჩვეულებებს მისდევს და მკაცრად იცავს წესებს, რაც გულისხმობს ახალი წლის დღიდან მეხუთე დღემდე  სახლის დასუფთავებისა და ნაგვის გადაყრის აკრძალვას. მათ სწამთ, რომ აკრძალული მოქმედებების შესრულების შემთხვევაში, სახლიდან წარმატებას, ბარაქასა და კარგ ბედ-იღბალს განდევნიან. მეორე მხრივ, გაზაფხულის ფესტივალის დადგომამდე ერთი დღით ადრე, ჩინელები სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს საგულდაგულოდ ასუფთავებენ, რითაც უიღბლობასა და ცუდ აურას იშორებენ და შინ კეთილი ძალების შემოსასვლელად ემზადებიან.

 8. წითელი კონვერტის ტრადიცია

  წითელი კონვერტი (红包 hóngbāo) გახლავთ ფულადი საჩუქარი სხვადასხვა დღესასწაულზე, განსაკუთრებულ დღეებზე, მაგრამ წითელი კონვერტის ჩუქების ტრადიცია ორმაგად გააქტიურებულია გაზაფხულის ფესტივალზე. ოჯახის უფროსი წევრები წითელ კონვერტებს უმცროს თაობას გადასცემენ, როემლშიც სიმბოლური თანხაა მოთავსებული და ბარაქის, წარმატებისა და კარგი ბედ-იღბლის მოტანას  გულისხმობს. წითელ კონვერტს ასევე ჩუქნიან თანამშრომლებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, ჩინეთში უკვე ციფრულ კონვერტებს იყენებენ და ერთმანეთს სოციალური მედია აპლიკაციების გამოყენებით ჩუქნიან. ხშირად, წითელი კონვერტის ფორმატით ფულადი საჩუქრები ერთგვარ შეჯიბრებასაც კი ემსგავსება, როდესაც ცდილობენ მასში მოთავსებული თანხის ოდენობა ყოველმა მჩუქნელმა გაზარდოს. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს ნამდვილი დღესასწაულია, რაც  გაზაფხულს ფესტივალს თან სდევს.

 9. საახალწლო პელმენები, გაზაფხულის როლები და წებოვანი ბრინჯის ბურთულები

  ჩინეთში, საახალწლო სუფრის ატრიბუტს წარმოადგენს პელმენები(饺子 jiǎozi), რომლის მოხვევაშიც თითქმის ოჯახის ყველა წევრია ჩართული. ტრადიციისამებრ, ერთ-ერთ პელმენში მონეტასაც კი დებენ და სწამთ, რომ ვისაც მონეტიანი პელმენი შეხვდება, მას წინ ბედნიერი წელი ელოდება. საახალწლო სუფრისთვის პელმენებს უფრო ჩრდილოეთ ჩინეთში ამზადებენ, სამხრეთში კი  სუფრაზე გაზაფხულის როლებსა (春卷chūnjuǎn) და წებოვანი ბრინჯის ბურთულებს (汤圆 tāngyuán) ნახავთ.

 10. ჩინური ახალი წლის მთავარი დეკორაცია – წითელი ფარნები (红灯笼 hóng dēng lóng)

  ჩინელები ახალი წლისთვის ყველაფერს წითლად რთავენ, კიდებენ წითელ ფარნებს, ჩილი წიწაკის სიმებს, წითელი ქაღალდის კუპლეტებს აკრავენ კარებსა და ფანჯრებზე. მათი საახალწლო მოსართავი-დეკორაციების მაღაზია და სავაჭრო ობიექტებიც სულ წითელი ფერებით არის გაჯერებული. ცდილობენ, ახალ წელს წითელ ტრადიციულ სამოსებში გამოწყობილები შეეგებონ. მათთვის წითელი ფერი ხომ მტერზე გამარჯვების, ძლიერებისა და მშვიდობის მომტანი სიმბოლოა, ამიტომ  წითელი ფერი მათთვის სადღესასწაულო ფერია.

  11. ფარნების ფესტივალი და ჩინური ახალი წლის დასასრული

  ახალი წლის პირველ სავსე მთვარეობას გაზაფხულის ფესტივალი სრულდება, რომელსაც ფარნების დღესასწაული(元宵节yuán xiāo jié/灯节dēngjié) აგვირგვინებს. ეს დღესასწაული ჩინური ახალი წლის დადგომიდან მე-15 დღეს აღინიშნება, ამ დროს სავსე მთვარეობაა და გაზაფხულის ფესტივლის აღნიშვნაც ოჯახური ერთიანობით სწორედ რომ ამ დღეს სრულდება, ყველანი გამოდიან გარეთ და დღესასწაულის საკრალურად აღნიშვნას ეგებებიან.

[:]