ელექტრონული დანადგარით დაწყებული, ტანსაცმლით და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთით დამთავრებული, თქვენს სახლში უამრავი ნივთი მოიძებნება ნაცნობი წარწერით “ Made in China”, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში იმ დროიდან ჩაიბეჭდა, როცა ინგლისური მოსახლეობის უმეტესობამ არ იცოდა და ბევრი დღემდე ხუმრობით თუ სერიოზულად „მადე ინ ჩინა“-დ კითხულობს. შესაძლოა,  ის ლეპტოპი/ტაბლეტი/სმარტფონი, სადაც ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ჩინეთშია აწყობილი ან სულაც ჩინური ბრენდისაა.

“Made in China” ბევრისთვის დღესაც დაბალი ხარისხის პროდუქციასთან ასოცირდება და მას სკეპტიკურად უყურებენ. თუმცა, ეს სტერეოტიპი მხოლოდ საქართველოში როდია გავრცელებული.

1950-იან და 1960-იან წლებში, იაპონური პროდუქცია ასოცირდებოდა დაბალი ხარისხის, იაფიან საქონელთან.  მაშინაც კი, როცა იაპონური პროდუქცია ხარისხით ამერიკულს არ ჩამოუვარდებოდა, დრო იყო იმისთვის საჭირო, რომ იაპონიას ეს იარლიყი მოეშორებინა.  მსგავსი სიტუაცია იყო როცა ამერიკული ავტომწარმოებლები დაეწია ამ ინდუსტრიის სხვა კომპანიებს, თუმცა  ხალხის გონებაში იყო აღბეჭდილი, რომ  გერმანული და იაპონური ავტომობილი ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, აჯობებდა ამერიკულს.

როგორც ვხედავთ, “Made in China“-ს ფენომენი არც ჩინეთით დაწყებულა და არც საქართველოში. 1990-2000-იან წლებში ჩინეთმა სახელი გაითქვა, როგორც ქვეყანა, რომელიც უამრავი სახის პროდუქტს აწარმოებდა. მათ ამაში ხელი შეუწყო ე.წ. “copycat” კულტურამ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების იმიტირებას გულისხმობდა. ეს იყო პერიოდი, როცა ჩინეთის ეკონომიკა ჯერ მხოლოდ იწყებდა იმ სიმაღლეების დაპყრობას, რომელსაც მან ბოლო ათწლეულში მიაღწია.  პერიოდი, როცა ჩინელი მწარმოებლები ორიენტიერბულები იყვნენ რაოდენობაზე და არა ხარისხზე. რაც ბუნებრივიცაა, რადგან ხარისხის მხრივ მსოფლიო ბაზარზე რთული იქნებოდა კონკურენციის გაწევა და თავის დამკვიდრება მაგალითად აშშ-სა და იაპონიისთვის.  საქართველოში კი სწორედ მაშინდელ სტერეოტიპს ისე მყარად აქვს ფესვები გადგმული, რომ ბევრისთვის ჩინური პროდუქცია კვლავ მხოლოდ დაბალ ხარისხთან ასოცირდება.

და მაინც, რა შეიცვალა ბოლო წლების მანძილზე?

„დამზადებულია ჩინეთში“  მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი მომხმარებლისთვის არ ასოცირდება უხარისხო პროდუქტთან.  შეიქმნა და განვითარდა ბევრი პატივსაცემი ბრენდი, რომლებმაც გაყიდვებით და პროდუქციის ხარისხით გადაუსწრეს უცხოურ კონკურენტებს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

მაგალითად, 2011 წელს სმარტფონების 70% ჩინეთში სამი უცხოური ბრენდის იყო: Nokia, Samsung, Apple.   ამ პერიოდში ადგილობრივი კომპანიები დაბალი ხარისხის, იაფიან, თუმცა არასანდო პროდუქციას აწარმოებდნენ. დაახლოებით 7-8 წლის შემდეგ კი სურათი რადიკალურად შეიცვალა.  დღეს ჩინეთში ტოპ-10 სმარტფონიდან, 8 ჩინური წარმოებისაა. ისეთმა ბრენდმებ,ა როგორიცაა Huawei, Xiaomi მალე წაართვეს Samsung-სა და Apple-ს ბაზრის დიდი წილი.  Huawei დღეს ევროპაში #2 მსოფლიოში კი #3 ყველაზე გავრცელებული სმარტფონის ბრენდია. ამერიკულ ბაზარზე მას განსაკუთრებით უფრთხიან უსაფრთხოების თუ სხვა მიზეზების გამო.  Hiawei-მ 2017 -2018 წელს საგრძნობი ზრდა განიცადა – 41%, რითიც Apple-ს მაჩვენებელსაც გადააჭარბა.

ბუნებრივია, ასეთი ცვლილება შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლების მხრიდან დამოკიდებულების შეცვლის გარეშე.

ამას გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორები:

ბევრმა ჩინურმა ბრენდმა სწრაფად გააუმჯობესა პროდუქციის ხარისხი

ვფიქრობ, ეს ყველაზე მთავარი მიზეზია იმის ასახსნელად, თუ რამ განაპირობა ტრანზიცია, რომლის შედეგადაც Made in China სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანისთვის ასოცირდება უხარისხო პროდუქციასთან.  ჩინურმა კომპანიებმა ადრე წლებში შეავსეს დაბალფასიანი პროდუქტების ნიშა ბაზარზე, რამაც მათ საშუალება მისცა, ფინანსურად მოძლიერებულიყვნენ და საჭირო დროს გადაერთვნენ მახალი ხარისხის, დახვეწილი ტექნოლოგიისა და ხარისხსი მქონე პროდუქციის შექმნაზე.

ხარისხსი გაუმჯობესება თავის დროზე იაპონიამ წარმოების ახალი ტექნოლოგიით მოახერხა, რომლის ნათელი მაგალითია Toyota-ს Lean ტექნოლოგია. ჩინეთი ცდილობს სწორედ მისი მეზობლის გზას დაადგეს. 2015 წელს მათ გახსნეს პირველი ქარხანა, რომელშიც 600 ადამიანის ნაცვლად 60 რობოტი მუშაობდა. შემდგომ ჩატარებულმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ დეფექტის მაჩვენებელი 25%-დან 5%-მდე დაეცა.

ადგილობრივ ბაზარზე, ჩინელი მომხმარებლები უფრო ენდობიან ადგილობრივ ბრენდებს

როცა ვსაუბრობთ 1,6 მილიარდიან ბაზარზე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მომხმარებლების სენტიმენტები.  უცხოური ბრენდების უმეტესობა ჩინეთში დიდი ხანია ოპერირებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის Starbucks, Mcdonalds და Apple სიახლეს არ წარმოადგენს. ისინი არიან ერთ-ერთი ნაწილი იმ დიდი არჩევანისა, რომელიც ჩინეთში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ყოველდღიურად. ამის ნათელი მაგალითია ჩინელი მოსახლეობის ნდობა ადგილობრივი სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების მიმართ, რამაც Apple-ს გაყიდვების დაახლოებით 25%-იანი შემცირება გამოიწვია გასულ წელს.  ამასთან, შეიცვალა ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური რეალობაც. მაგალითად, თუ 2000 წელს ქალაქში დასახლებული ოჯახების მხოლოდ 4% იყო საშუალო ფენის წარმომადგენელი,  2012 წელს ეს მონაცემები 68%-მდე გაიზარდა.  საშუალოზე მაღალი ფენის  კი 2012 წელს ოჯახების 14%-ია. 2022 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის ზრდა 54%-მდეა მოსალოდნელი.

ჩინური ბრენდის ყიდვა ბევრისთვის პატრიოტობის გამოვლინებად ითვლება

Added Value-ს და  World Luxury Association-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86% 2012 წლის ოქტომბერში ჩინურ პროდუქციას უცხოურს ამჯობინებდა, რადგან ადგილობრივი უხარისხოდ მიაჩნდათ, თუმცა  დაახლოებით 2 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად. 9%-მდე დაეცა.

და მაინც, რატომ გრძელდება საქართველოში დღესაც სტერეოტიპი ჩინური პროდუქციის შესახებ?

მსოფლიოს ბევრ წერტილში, მათ შორის საქართველოში, მოსახლეობის ნაწილს სურდა იაფფასიანი პროდუქციის შეძენა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. მსგავს ფასად კი ჩინეთი ერთადერთი ალტერნატივა იყო, რომელიც ფასის შესაბამისი ხარისხის პროდუქციას აწარმოებდა.

მითის მსხვრევა სწორედ ზევით ნახსენებმა სმარტფონის მწარმოებელმა კომპანიებმა, ალბათ, ყველაზე აქტიურად დაიწყეს საქართველოში.  თუმცა, მასობრივად სახეშეცვლილი ფორმით აზრი ჯერაც არ გავრცელებულა ქვეყანაში.

ჩინეთი განსაკუთრებით ცნობილია საკუთარი ონლაინ-შოპინგის პლატფორმებით. ყველაზე მარტივი გზა, რითიც საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარწმუნდეს, რომ არსებობს მაღალი ხარისხსი ჩინური პროდუქცია, გახლავთ თავად შეიძინოს ის.  უნდა გაქარწყლდეს ის მოლოდინი, რომ  ევროპული პროდუქციის ფასის ნახევრად შეიძენენ იმავე ხარისხსი ჩინურ საქონელს. მოსახლეობა უნდა გახდეს მზად, ხარისხში შესაბამისი საფასური გადაიხადონ.

გარკვეული დროის შემდეგ, საქართველოშიც დარწმუნდება მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ჩინური ბაზარი 2000-იანი წლებიდან დღემდე რადიკალურად შეიცვალა და „მადე ინ ჩინა“ საქართველოშიც გარდაიქმნება “Made in China”-დ.

ხშირად, როცა პროდუქციას ევროპულ ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობისას ვყიდულობთ, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ხარისხი განპირობებულია იმით, რომ მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში, დუბაიში და სხვადასხვა ადგილებში შევიძინეთ. სინამდვილევში კი ამ პროდუქციის დიდი ნაწილი სრულიად დამზადებულია ჩინეთში, წარმოებისთვის საჭირო ნაწილებით დაწყებული აწყობით დამთავრებული. ყველასთვის ცნობილი iPhone მთლიანად ეწყობა ჩინურ ბაზარზე. მაღაზიაში შესული მყიდველი კი როცა სვამს კითხვას “ეს ჩინურია?” მას შემდეგ, რაც უპასუხებენ, რომ “იტალიური” ან  “ესპანურია”, სიხარულით ყიდულობს ნივთს, რომელიც სინამდვილეში ჩინეთშია წარმოებული.

ჩინეთის გეგმა “დამზადებულია ჩინეთში 2025” ამ სტერეოტიპის მსხვრევას შეუწყობს ხელს მთელს მსოფლიოში. ამ გეგმის მიხედვით ჩინეთი გეგმავს ჩამოშორდეს მასობრივად იაფი პროდუქციის წარმოებას და გადავიდეს უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებისა და სერვისის სექტორში.  გეგმა ძირითადად ფოკუსირდება მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე, ფარმაცევტიკაზე, ავტოინდისტირასა და კოსმოსურ ინდუსტრიაზე,  IT ტექნოლოგიებსა და რობოტიკაზე. ჩინელი ექსპერტების აზრით ეს იქნება ყოვლისმომცველი განახლება ჩინური ინდუსტრიისთვის. ჩინეთის მთავრობა ამ გეგმის განსახორციელებლად $300 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს, რათა ფართო მასები დარწმუნდნენ, რომ ჩინური ხარისხაინი პროდუქციის შეძენა სრულებით რეალურია, თუმცა ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, შესაფერისი თანხაც გადავიხადოთ.

დამატებითი ინფორმაცია “დამზადებულია ჩინეთში 2025”-ის შესახებ შეგიძლიათ, იხოლოთ აქ

LEAVE A REPLY