დაოიზმი

0

ლაო-ძი

დაოიზმის ფუძემდებლად ითვლება ლეგენდარული პიროვნება ლაო დან ან ლაო ძი (მასწავლებელი ლაო), რომელიც კონფუცის უფროსი თანამედროვე უნდა ყოფილიყო.

ლაო ძის შეხედულებებმა ჩვენამდე მოაღწია ძეგლიდან “დაო დე ძინი”, რომელიც დაახლ. ძვ.წ. მე-3 ს.-ში ხდება ცნობილი. “დაო დე ძინმა“ უდიდესი გავლენა მოახდინა სხვა სკოლებზე და დღესაც ყველაზე ხშირად თარგმნად ტექსტს წარმოადგენს მსოფლიო ლიტერატურაში.

დაო დე ძინის სწავლება კონფუციანიზმის საწინააღმდეგოდ მიიჩნევა. მართალია, ორივე სწავლება ეხმიანებოდა იმ სოციალურ, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ საკითხებს, რომლებიც უძველეს ჩინურ საზოგადოებას აწუხებდა, მაგრამ ორივემ სხვადასხვა მიდგომა აირჩია. მაგალითად, დაოიზმმა უფრო მისტიკური მხარე არჩია და მეტი ყურადღება ბუნებასა და ინივიდუალიზმს დაუთმო. მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი დაოიზმისა არის ანტი-ავტორიტეტული პოზიცია. უბრალოების წინ წამოწევა და დაოს აღიარება, როგორც ბუნებრივ, მსოფლიო ძალად. მიუხედავად იმისა, რომ კონფუციანელობა უფრო მოსწონდათ ჩინეთის მმართველებს, დაოიზმმა მაინც დიდი გავლენა მოახდინა ჩინურ კულტურაზე და დღესაც ასე გრძელდება.

ლაო ძის ფილოსოფიის უმაღლესი კატეგორია არის დაო. იეროგლიფი “დაო” ორი ნაწილისაგან შედგება: შოუ, რაც ნიშნავს “თავს” და წოუ, რაც ნიშნავს “სვლას”, “სიარულს”. ამიტომ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობა არის გზა, რომლითაც მიდის ადამიანი. მაგრამ მოგვიანებით ტერმინმა გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა და აღნიშნავდა “კანონზომიერებას” ან “სამყაროს კანონს”. ლაო ძიმ, ამ ტერმინს, გარდა საყოველთაო კანონის მნიშვნელობისა, ყოველივეს წარმომშობის არსის, ანუ პირველსაწყისის მნიშვნელობაც შემატა. ის ამბობს, რომ დაო იყო იქამდე, სანამ რაიმე გაჩნდებოდა. დაოს გზის განხორციელება ნიშნავს იცხოვრო დაოს შესაბამისად, ანუ მიჰყვე ცხოვრების მდინარეს, მისი კანონებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. შედეგად, ადამიანი შეიცნობს სამყაროს კანონზომიერებას, უცვლელ და მარადიულ დაოს.

როგორც კონფუცის, ისე ლაო ძის მოღვაწეობის პერიოდიც ემთხვევა ქვეყნის  დაქუცმაცებას, სამთავროთა შორის ბრძოლის და პოლიტიკური კატაკლიზმების დროს. ინგრეოდა ძველი წყობილებები და ყალიბდებოდა ახალი, თუმცა ლაო ძი არც კონფუცის ხედვას უჭერდა მხარს და არც ლეგიზმს. ყველა უბედურების საწყისი, მისი აზრით, ცოდნასა და სურვილებში მდგომარეობდა, რადგან სურვილების გამო გონება იმღვრევა და ადამიანი კარგავს “ბუნებრივ” მდგომარეობას. ცოდნის და სურვილების დაძლევის გზა ისაა, რომ ხალხმა აღარ სცეს პატივი სწავლულთ და აღარ უყვარდეთ იშვიათი და ძვირფასი ნივთები. ამგვარად, ისინი გახდებიან “მიამიტნი” და ბუნებრივი მოთხოვნილებებით იცხოვრებენ. ლაო ძის აზრით, ასეთივე უნდა ყოფილიყო თავად ხელმწიფეც. ფაქტობრივად, მასწავლებები ლაო ხატავდა იდეალიზებულ თემურ საზოგადოებას, პატარა სახელმწიფოს მცირე მოსახლეობით, სადაც არ იქნებოდა გამოყენებული ცივილიზაციის ისეთი ნაყოფი, როგორიც არის სამეურნეო თუ საბრძოლო იარაღები. შედეგად, ადამიანები მუდმივად იცხოვრებდნენ ერთ ადგილას, სიმშვიდეში. როდესაც მეზობელი სახელმწიფოებიც ამგვარად იქნებოდნენ მოწყობილი, შეწყდებოდა დაპყრობითი ომები და თავდაცვაც აღარ იქნებოდა საჭირო.

ლაო ძი: “თოვლს არ სჭირდება გარეცხვა იმისთვის, რომ იყოს თეთრი, შენც არაფრის გაკეთება არ გჭირდება. უბრალოდ – იყავი ის, ვინც ხარ!”

LEAVE A REPLY