უ ლუნგ უ ში (舞龙舞狮), იგივე დრაკონისა და ლომის ცეკვა, ტრადიციული ხალხური ჩვეულებაა. მას ასევე უწოდებენ შუალუნგტენგსა (耍龙灯) და ლუნგტენგ უს (龙灯舞).[1] დრაკონი არის ანტიკური ტოტემი. ლეგენდის მიხედვით, დრაკონს შეუძლია მოიყვანოს წვიმა ნისლის საშუალებით,  თავიდან აიცილოს უბედურება და ასევე იღბლის მომტანია.

დრაკონი ჩინელი ერისთვის არის კეთილსინდისიერების, ღირსების, სიმამაცისა და ძალაუფლების სიმბოლო. ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვეულებად იქცა, რომ ხალხი დრაკონების ცეკვის საშუალებით ლოცულობს მშვიდობისა და კარგი მოსავლისთვის. ჩუნძიედან (春节)[2] იუენსიაოს (元宵)[3] ფესტივალამდე, მრავალ ადგილასაა დრაკონის ცეკვის ტრადიცია.

დრაკონის ცეკვის წარმოშობა თარიღდება ხანის დინასტიის[4] პერიოდით. ამ დროისათვის მას იყენებდნენ, როგორც წინაპრების თაყვანისცემის საშუალებას, რათა წვიმა მოევლინათ. ამის შემდეგ თანდათანობით გადაიზარდა გასართობ აქტივობაში.

 როგორც წესი, ამ ცეკვას 9 ადამიანი ასრულებს, რომლებიც დრაკონის სხეულს ჭოკებით ამოძრავებენ, სანამ მეათეს ხელთ უპყრია „მარგალიტი“, რომელსაც დრაკონი უნდა მიჰყვეს.

 ჩინურ კულტურაში ლომი განასახიერებს ძალას, სიბრძნესა და უპირატესობას. ადამიანები ლომის ცეკვას ასრულებენ ჩინურ დღესასწაულებზე მომდევნო წლისთვის კეთილდღეობისა და წარმატების მოსატანად, ასევე ბოროტი სულების განსადევნად. ტრადიციულ ჩინურ კულტურაში ლომი, ჩინური დრაკონის მსგავსად, მხოლოდ მითებში არსებობდა.

ხანის დინასტიამდე სავაჭრო გზების საშუალებით, დღევანდელი სინძიანგის[5] რეგიონიდან ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მხოლოდ რამდენიმე ლომი მოხვდა. იმ პერიოდში ხალხი თავიანთ წარმოდგენებში იმიტირებდა ამ ლომების გარეგნობასა და მოქმედებებს, რომელიც შემდგომ განვითარდა და იქცა ლომის ცეკვად სამი სამეფოს პერიოდში[6]. თანგის დინასტიაში[7] ლომის ცეკვა ერთ-ერთ სამეფო ცეკვას წარმოადგენდა. ამის შემდეგ ლომის ცეკვა პოპულარულ წარმოდგენად გადაიქცა ხალხში, რომლებიც იღბლისთვის ლოცულობდნენ გაზაფხულის დღესასწაულისა და სხვა დღესასწაულების განმავლობაში.

ლომის ცეკვა ჩინეთის ხალხური კულტურის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში ჩინეთიდან ემიგრაციის შედეგად. საზღვარგარეთ მყოფმა ჩინელებმა ევროპასა და ამერიკაში დააარსეს არაერთი საცეკვაო კლუბი და ცეკვავდნენ ჩინურ დღესასწაულებებზე, განსაკუთრებით ჩინურ ახალ წელს.

 ლომის ტიპურ ცეკვას მონაწილეები სხვადასხვა აკრობატული მოძრაობით ასრულებენ და მას საფუძვლად უდევს ჩინური საბრძოლო ხელოვნება. თან ახლავს ცოცხალი დასარტყამ ინსტრუმენტთა ჯგუფი დრამებით, თეფშებითა და გონგებით[8].

სტილი და კოსტუმი დამოკიდებულია საცეკვაო გუნდის წარმოშობაზე. ამ ცეკვაში ორი მონაწილე ქმნის ერთ ლომს – ერთი არის თავთან, ხოლო მეორე კუდთან. ფეხების გარდა, ისინი მთლიანად დაფარულნი არიან კოსტუმში.

[1]ორივე მათგანი წარმოადგენს დრაკონების ფარნით ცეკვას

[2]გაზაფხულის დღესასწაული

[3]ფარნების დღესასწაული

[4]საიმპერატორო დინასტია ჩინეთში ძვ.წ 206 წლიდან ახ.წ 220 წლამდე.

[5]მდებარეობს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში.

[6]220-280წწ.

[7]618-907 წწ.

[8]აზიური დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც მეტალის ბრტყელი დისკის ფორმა აქვს.