[:ka]ევროპულად წოდებული სტუდენტობა წითელი დროშის ქვეშ[:]

0
1797

[:ka]

ალბათ სიმბოლურია ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის გამოცხადების ერთი წლის თავზე ვწერდე ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაზე ჩინეთში და არა მანამდე. ვფიქრობ, ქვეყნისა და ხალხის შესაცნობად ერთი ან ორი თვე არ კმარა მას დაკვირვებასთან ერთად საკუთარ თავზე გამოცდაც და ხალხთან ურთიერთობაც უნდა. ხუთი თვის თავზე რაღაც, ალბათ, მეც მეთქმის და შესაძლოა მათაც გამოადგეთ, ვინც წელს აპირებს საბუთების შეტანას ამ სტიპენდიაზე.

მაშ ასე:

ნაწილი I

ჩინეთში ცხოვრება და დაფუძნება მარტივი არ ყოფილა. აეროპორტშივე ვიგრძენი რომ ამ ქვეყანაში ჩინური ენის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყო, ჩემი დონე კი A1-ს არ აღემატებოდა.  უნივერსიტეტში მოსულსაც იგივე გრძნობა გამიჩნდა, როცა საქმე საერთო საცხოვრებელში განაწილებას, უნივერსიტეტის პერსონალთან ურთიერთობას, ტელეფონის ნომრის აღებას, ბანკში მისვლასა და ბარათის გაკეთებას შეეხო. ამ შემთხვევაში დახმარების ხელი გჭირდება, რომლის დროსაც ავტომატურად შენს ქართველ ჯგუფელებს მიმართავ, მაგრამ აქაც უძლური ხარ, ვინაიდან მათი დონეც A1-ს არ აღემატება. რა უნდა გააკეთო 6500 კილომეტრით დაშორებულ ქვეყანაში. როდესაც ენა არ იცი – უსარგებლო ხარ.

ბიუროკრატიული საქმეების დამთავრების შემდეგ სახლის კარის გაღებისთანავე ხვდები, რომ ინვენტარის გარდა არაფერი გაბადია, ანუ ცხოვრებას თავიდან იწყებ მშობლების გარეშე. თუ ცხოვრებაში უნიტაზი არ გაგიხეხავს, გადამწვარი ნათურა არ გამოგიცვლია და საიზოლაციო ლენტა არ გამოგიყენებია ახლა ერთიანად ცდილობ ყველაფრის შესწავლას მოკლე დროში. ყველა ბედნიერებასთან ერთად აანალიზებ რომ ხუთ ადამიანთან მოგიწევს ცხოვრება, შესაბამისად სახლის პოლიტიკა ხდება შესამუშავებელი, დასაწერი, გამოსაკრავი და რაც მთავარია სამართავი. ეს კი, ერთი შეხედვით, მარტივი არ ჩანს, რადგან ეს პოლიტიკაც თითოეულ ადამიანზეა მორგებული. შესაძლოა ზოგს ქლორზე ან ხსნარზე ალერგია ჰქონდეს, ამიტომ გიწევს მის მაგივრად სააბაზანოს დალაგება, საჭმლის მომზადებისას სუნი იწვევდეს თავის ტკივილს და ა.შ. თუ ოთახის მეზობელიც გყავს აქ უკვე პირადი სივრცის განაწილებასთან ერთად შენი ჩვევების მასთან განხილვა და შეთანხება გიწევს.

მესამე და ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხი კვებას შეეხება. აქ შენი დღიური რაციონი თავდაყირა ტრიალდება. პურს- ბრინჯი ცვლის, ყველს -ვერაფერი, ჩიფსს- ქათმის ფეხები, ქათმის ხორცს- ტოფუ, ხინკალს- ძიაოწი და ასე უსასრულოდ. თუ არ გიყვარს ჩინური საჭმელი მაშინ სახლში უნდა მოამზადო, მაგრამ თუ სახლში სამზარეულო არ გაქვს , მაშინ უნდა შეიყვარო ჩინური საჭმელი ან ევროპულ რესტორნებში იარო და მთელი სტიპენდია ერთი ჭამაზე დატოვო.

სახლის, უნივერსიტეტისა და კვების  საქმეების მოგვარების შემდეგ ბუნებაზე დაკვირვებას იწყებ. შენი რეჟიმიც იცვლება დგები 7 ზე და იძინებ 11ზე.  5 საათზე უკვე ღამდება და დაწესებულებებიც იკეტება, უქმეებს – უქმეები ჰქვია და არდადეგების დროსაც ყველაფერი იკეტება, ვინაიდან აქ „ღორი კაპიტალისტები“ არ ცხოვრობენ და ხალხი ასე მკაფიოდ მოგებაზე არაა ორიენტირებული.

ერთი შეხედვით სურათი ისეთია რომ ჩინეთში ცხოვრება მარტივი არაა. ჭეშმარიტებაა ის, რომ ეს ქვეყანა სრულიად განსხვავდება ევროპული ღირებულებებისაგან და ცხოვრების წესისაგან. მზეც ადრე ამოდის და მალე ჩადის, საჭმელიც განსხვავებულია და ამინდიც, თითქოს, დეპრესიულია. შეიძლება ასეცაა, ვინაიდან ჩემი მეზობელი გოგონა სამშობლოში დაბრუნდა, ვინაიდან ინგლისურად მოლაპარაკე ფსიქოლოგი ვერ იპოვა, მეორე ნაცნობი მარიხუანას სიყვარულმა დააბრუნა სამშობლოში, ხოლო მესამემ ვენები გადაიჭრა ქვეყნის მონატრების ნიადაგზე.

ნაწილი II

ცხოვრების ახლიდან დაწყებისა და ეგზისტენციალური კრიზისის გადალახვის შემდეგ ხვდები, რომ ახლა შეგიძლია ყველა სტუდენტური პრივილეგიით ისარგებლო. ვებკომეტრიქსის უნივერსიტეტების რანჟირებას თუ დავუჯერებთ ჩემი უნივრსიტეტი ჩინეთის ტოპ 3 უნივერსიტეტში შედის. ამაში თავადაც დარწმუნდებით უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას თუ გადახედავთ. ჭეძიანის უნივერსიტეტი ქალაქ ხანჭოუში 5 კამპუსითაა წარმოდგენილი. მთავარი კამპუსი კი იმხელაა რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ავტობუსები დადიან და ველოსიპედები ქირავდება. ჩემი კამპუსი 2002 წლამდე მთავარ კამპუსად ითვლებოდა სანამ წძინგანს არ ააშენებდნენ. რაც შეეხება ჩემი კამპუსის ტერიტორიას, ის ქალაქის შესანიშნავ ადგილზე მდებარეობს. აღმოსავლეთის გასასვლელიდან თუ გახვალ ძველ უბანში მოხვდები, ხოლო თუ ჩრდილოეთიდან ქალაქის ახალ ნაწილში. თავად ტერიტორიაზე განთავსებულია საცურაო აუზი, ტენისის კორტები, სტადიონები, სასადილოები, კაფეები, მაღაზიები, საავადმყოფო, ბანკი, სტუდენტთა საცხოვრებლები და სასწავლო შენობები. უნივერსიტეტის შემოგარენი ევროპელ სტუდენტებზეა ადაპტირებული, აიტომაც ახლომახლოს ევროპული ინტერიერის კაფე-ბარები, პაბები და კლუბები გხვდება. ანუ რა გინდა სულო და გულო.

img_2627

სწავლა დილის 8 ზე იწყება, წესით უფრო ადრე, მაგრამ უცხოელ სტუდენტებს პატივი გვცეს და 8 ზე ვიწყებთ. ენის შესწავლა ძალიან სიღრმისეულად მიმდინარეობს. კერძოდ, დაყოფილია გრამატიკად, მეტყველებად, მოსმენად და კითხვად. სახელმძღვანელოც ისეა აწყობილი რომ მასში ნასწავლი ყველა სიტყვა გეხმარება უნივერსიტეტის გარეთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. გარდა ამისა, არსებობს არჩევითი საგნებიც, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლია დაეუფლო ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას, იარო კალიფრაგიისა და ხატვის გაკვეთილებზე, მოუსმინო ისტორიისა და კულტურის ლექციებს და ა.შ.  სწავლის ხარისხისა და ინფრასტრუქტურის გამოცდის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის გამოცდაღა რჩება, ეს არის ადმინისტრაცია. თუ საქმე იმ დღესვე კეთდება,  თანაც ერთ კაბინეტში, ეს უკვე დიდი მიღწევა და ბედნიერებაა. გამოდის რომ ჭეძიანის უნივერსიტეტმა სტუდენტის ყველა შესაძლო გამოცდა ჩააბარა.

ნაწილი III

სტუდენტური ცხოვრება გართობის გარეშე წარმოუდგენელიაო ამბობენ და მართალიცაა. უნივერსიტეტის სისტემაც ხელს გიწყობს რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანო გაიცნო. ჯგულები და თანამოსახლენი სხვადასხვა გყავს, ამას ემატება ექვს სართულიანი სახლის 4 სადარბაზო და მათი მაცხოვრებლები. პირველივე კვირას ქალაქის ათვისებასაც იწყებ მათთან ერთად და ხუთი თვის მერე შენს სქუადსაც აყალიბებ, რომელთა გარეშეც სიმღერა და ცეკვა წარმოუდგენელი გეჩვენება.

img_0042

მათთან ურთიერთობის დროს ბევრ სტერეოტიპსაც ამსხვრევ შენს გონებაში. მაგალითად მე ასე ვიცოდი რომ ევროპაში რაც არ უნდა გააკეთო არავის არაფერი არ აინტერესებს. ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობსო, შესაძლოა ასეცაა მაგრამ კლუბში ჩემი მეზობელი რომ დათვრეს მთელს კამპუსს ეცოდინება. მოგზაურობიდან რომ დავბრუნდი ჩემმა პაკისტანელმა მეზობელმა გამოიხედა ჩემოდნების ხმაურზე და გამომკითხა სად ვიყავი. ჩემს კლასელს პირში არაფერი უჩერდება და ყველაზე და ყველაფერზე ჭორაობს. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ისე თვრებიან რომ სახლში ზურგზე მოკიდებულები მოგვყავს, მოკლედ, მე სახლში ვგრძნობ თავს, ჩემთვის არაფერი შეცვლილა.

img_0426

აი, ხალხის სითბო და მეგობრობა ცოტა კი ცვალებადია, რაც მანამდეც ასე თუ ისე ვიცოდი. თუ ერთ დღეს ამერიკელებთან მეგობრობის სადღეგრძელოს დალევ, კინოში წახვალ ან ვახშამზე, მეორე დღეს დიდია ალბათობა არც კი მოგესალმნონ და ძაღლადაც არ ჩაგაგდონ, რასაც იტალიელებზე ვერ იტყვი. როგორც იმერლები იტყვიან ხოლმე ნამდვილად ცქრიალა შეხვედრა იციან, თავისი ორმაგი გადაკოცნითა და 200 მეტრის რადიუსიდან მოკითხვით. ჩემდა გასაკვირად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებიც საკმაოდ კარგი სამეგობროები არიან, რომლებიც რუსეთში ყოველ კვირა ქართულ რესტორნებში დადიან, ქართველი შეყვარებულები ყავთ ან ბებია-ბაბუები. გერმანიას ალბათ არაფერი ეშველება, რა გულქვებიც იყვნენ ჩემს თვალში ისეთივეები დარჩნენ ჩემი პირველი სემესტრის გამოცდილებით. აი სკანდინავია კი მოწინავე პოზიციებზე დგას ჩემს სამეგობროში. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი ნორვეგია უსწრებს ამ საკითხში თუ შვედეთი. დედას რომ ერთმანეთზე უკეთესი შვილები ჰყავს და ვერ გამოარჩევს ერთმანეთისგან ზუსტად ეგეთი მყავს მე ნორვეგიელი ჰენრი და ალექსი და შვედი მაიკლი (დედით ოდესელი), რომელიც შვედეთს ლტოლვილების შეერთებულ შტატებს უწოდებს და მანდ დაბრუნებას მოგადიშოში ცხოვრება ურჩევნია.

img_3559

ასეთი ყოფილა მეგობრობა საერთაშორისო გამოცდილებით. ზუსტად ვიცი რომ პაკისტანში ჩემი მეგობარი ამინის ქორწილში აუცილებლად ჩავალ და მის დისერტაციას თავიდან ბოლომდე წავიკითხავ მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს გავიგებ ქიმიურ ინჟინერიაში, კიდევ ის ვიცი, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სიკეთით ვისარგებლებ და პირველად სიცილიაზე წავალ დებორასთან, ასევე ნორდიკებსა და შვედებს სადღაც პოლონეთში შევხვდები რეუნიონისათვის. ასევე ზუსტად ვიცი რომ ივლისში ხანჭოუს ცრემლების გარეშე ვერ დავტოვებ როცა ამ ადამიანებს ჩავეხუტები და დროებით დავემშვიდობები.

ნაწილი IV

არც ერთ ქვეყანაზე იმდენი სტერეოტიპი, ალბათ, არ მომისმენია რამდენიც ჩინეთზე. ეს სტერეოტიპებიც მაშინ გავრცელდა, როდესაც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩინელებმა მასიურად გახსნეს მაღაზიები, შეიძინეს მიწები და დასახლდნენ ქართულ მიწა-წყალზე. მათი პროდუქცია უხარისხოდ შეფასდა, წვრილი თვალები ქართველმა ერმა დაიწუნა, ქვეყანა მოგადიშოდ შეირაცხა, კულტურად უკულტურობა მიეწერათ და ასე დამთავრდა ჩინელების ხანა საქართველოში. ჩვენთან კი დარჩა უამრავი დამახინჯებული ფაქტი ჩინეთსა და ჩინელებზე.

მეც ამ სტერეოტიბებით სავსე ჩამოვედი ჩინეთში, რომელიც პირველივე დღეს დაიმსხვრა. აზიური არქიტექტურა, ურბანისტიკა და თანამედროვეობა იმდენად ჰარმონიულად თანაცხოვრობს ერთმანეთთან, გეგონება ცათამბრჯენი ძველი წელთაღრიცხვის პირმშო იყოს. უძველესი უბნები განსაკუთრებულად მოვლილია და ტურისტებზეა მორგებული. ქუჩები, ეზოები ევროპულად სუფთა და  გამწვანებულია. ჩინელები ძალიან უვლიან ეზოებსა და კარ- მიდამოებს, ამიტომ კერძო სახლის ბაღები ძალიან მოვლილი და გალამაზებულია.

img_2525ჩემი ქალაქი, ხანჭოუ, ტიპური ევროპული სტუდენტური ქალაქია. მწვანე, ტბებით სავსე, კეთილმოწყოფილი, უამრავი ველოსიპედით, შესანიშნავი ხედებითა და ურბანიზებული ცათამბრჯენებით.  ყოველთვის მინდოდა საკუთარი ველოსიპედი მყოლოდა და ქალაქში და უნივერსიტეტში მისით მევლო, მაგრამ რამდენადაც ეს საქართველოშია შეუძლებელი, აქ ზუსტად იმდენადვეა შესაძლებელი. თავად ქალაქი ხანჭოუ ჩინეთის ძველი დედაქალაქი იყო და არსებობს ჩინური გამოთქმა: „ცაში სამოთხეა, დედამიწაზე ხანჭოუ და სუჭოუ“ . ეს ქალაქი ნამდვილად სამოთხეა თავისი დასავლეთს ტბით. მზის ჩასვლა ხანჭოუს დასავლეთის ტბაში BBC-ის მიერ საუკეთესო ხედად დასახელდა. მე თუ მკითხავთ თაფლობის თვის გასატარებლად შესანიშნავი ადგილია და ჩინეთის სიყვარულის ქალაქის სტატუსსაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმსახურებს.  ქალაქში იმდენი უძველესი უბანი, ჩინური პაგოდა და სასახლეა რომ ერთი სემესტრი ყოველ შაბათ-კვირას რომ იარო ვერ ამოწურავ, ამიტომ გაზაფხულზე დიდი გარჯა მომიწევს. ჩინეთს ქალაქების ფინანსური რესურსებით ხანჭოუ მესამე ადგილზე პეკინისა და შანხაის შემდეგ. თავად ჭეძიანის პროვინცია, სადაც ქალაქი ხანჭოუ მდებარეობს ჩინეთში ერთ-ერთი უმდიდრესია და პროვინციის შემოსავლების 70% კერძო კომპანიებზე მოდის დანარჩენი 30% კი სახელმწიფოზე.

რაც შეეხება ხალხს და მათთან ურთიერთობას, ეს საკმაოდ მარტივია თუ, რა თქმა უნდა, ენა იცით. აქ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ სტუმართმოყვარეობასა და დიდ სითბოს მათგან, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობისა ჩინეთში უცხოელი უკვირთ. ერთხელ მაინც გექნებათ შემთხვევა, როდესაც გაგაჩერებენ და სურათის გადაღებას გთხოვენ. ეს ფაქტი შესაძლოა შანხაიში ერთხელ შეგემთხვათ, მაგრამ სხვა შორეულ პროვინციებში შესაძლო ბიზნესიც წამოიწყოთ, სადაც თქვენთან ფოტოს გადაღება ფული ეღირება.

img_3519თავად ერი თავიანთ კულტურასა და წეს- ჩვეულებებს ძალიან სცემს პატივს. გაზაფხულის ფესტივალის დროს ქვეყნაში იწყება ძალიან დიდი შიდა მიგრაცია. ყველანი საკუთარ პროვინციებში ბრუნდებიან დღესასწაულის აღსანიშნავად, ვინაიდან ოჯახის სიწმინდესა და ტრადიციას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთში. ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება იკეტება ფესტივალის დროს და თუ ფიქრობთ, რომ ჩინური ახალი წლის პერიოდში ძალიან გავერთე, ძალიან ცდებით, ვინაიდან ტაილანდიდან ახალ დაბრუნებულს ყველა მაღაზია დაკეტილი დამხვდა და ზუსტად 3 დღე ვიშიმშილე.

ჩინეთში არსებობს ცოტა უცნაური და კომიკური ჩვეულებებიც. მაგალითად, ჩინელმა მშობლებმა ძალიან იციან დაოჯახების დაძალება, ამაში ჩვენ ნამდვილად ვერ შევედრებით. ამიტომ ჩინელი სტუდენტები და მოზარდები, რომელთაც არ ყავთ შეყვარებულები ახალი წლის პერიოდისათვის ქირაობენ მათ და თავიანთ პროვინციებში მიყავთ, რათა მშობლების ეს მოთხოვნა დროებით მაინც დააკმაყოფილონ. რაც შეეხება მეორე შვილის ყოლას, მე თუ მკითხავთ ესეც საკმაოდ კომიკურია, ვინაიდან მეორე შვილის გაჩენა 88 000 იუანი ჯდება, რაც 35 200 ლარია.  კიდევ ერთ-ერთი ფაქტი ჩინელების შესახებ ისაა, რომ საქორწინო და უნივერსიტეტის დამთავრებასთან დაკავშირებულ ფოტოსესიას ერთი წლით ადრე აწყობენ. ასევე ადამიანთათვის, რომლებიც მთვარის კალენდარს მიყვებიან, ფეხმძიმობა 10 თვე გრძელდება.

ამ და სხვა მრავალ უცნაურობას შესაძლოა წააწყდეთ ჩინეთში, როდესაც მათ კულტურას სწავლობთ და აკვირდებით. ქვეყანას კი მგონია რომ დასაწუნი ნამდვილად არაფერი ჭირს, ამიტომ თავისუფლად შესაძლოა დაგეგმოთ თქვენი არდადეგები, ქორწილები და თაფლობის თვეები ჩინეთში, ულამაზეს ქალაქ ხანჭოუში.

ნაწილი V

ყოველთვის მეგონა, რომ ბედი არ მქონდა და არაფერში არ მიმართლებდა, მაგრამ ჩინეთში ჩამოსვლის მერე მივხვდი რომ ბევრ რამეში გამიმართლა. პირველ რიგში, იმაში რომ ვიპოვე შესანიშნავი ადამიანი, თიკო, რომელმაც ჩინეთში ცხოვრება გამიადვილა, მაშინ, როცა ჩემი ენის ცოდნა A1 დონეს არ ცდებოდა. ასევე გამიმართლა სამეზობლოსა და ჯგუფში, რომელშიც ერთი სემესტრი გავატარე. ქალაქშიც გამიმართლა, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი.

img_4176

ერთი სემესტრი მიიწურა და ჩემი ჩინურიც  B1- მდე გაუმჯობესდა, ჩემდა გასაკვირად მეტყველებაში ყველაზე მაღალი ქულა გამომყვა, ქალაქშიც დაუხმარებლად გადავადგლდები და  კომუნიკაციაც აღარ არის პრობლემა. მაგრამ რომ არ ყოფილიყო თიკო რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება ჩინეთში ენის გარეშე, ალბათ, მეც იმ გერმანელი გოგოს ბედს გავიზიარებდი და დეპრესიის ფონზე საქართველოში დავბრუნდებოდი. გული მწყდება, როდესაც ვკითხულობ ქართველი სტუდენტების პოსტებს ჩინეთის შესახებ, სადაც ის საშინელ ქვეყნადაა დასახული. ამის მიზეზი კი ენის არცოდნაა. ენის გარეშე არ გაქვს კომუნიკაცია ჩინელებთან, გარეთ გამოსულმა არ იცი სად წახვიდე იმიტომ რომ შენი არ ესმით, ამიტომაც ლოგიკურია კულტურასა და ერს მალევე გამოუტანო განაჩენი.

დამერწმუნეთ, თუ მარტო ინგლისურის ამარა ფიქრობთ ჩინეთში სასწავლებლად წამოსვლას, ჩემი გულითადი რეკომენდაციაა ეგ არ იფიქროთ, ვინაიდან ძალიან გაგიჭირდებათ. აქ თქვენი ინგლისური არავის არ აინტერესებს, ჩინური კი ისეთ მარტივი არ არის რომ ერთ თვეში უპრობლემოდ აჭიკჭიკდეთ, ამიტომ სანამ სტიპენდიაზე განაცხადს შეიტანთ თქვენ თავს დაუსვით კითხვა რამდენად კარგად იცით ჩინური, რომ ჩინეთში მარტოებმა იცხოვროთ.

თუ  ამ კითხვას გულწრფელად უპასუხებთ, მაშინ მთელი გულით წარმატებებს გისურვებთ, ვინაიდან უდიდესი კულტურა და თავდაუვიწყარი თავგადასავლები გელით შორეულ აღმოსავლეთში.

თეონა გელაშვილი.

#სინომედიაბლოგი #სინომედიაბლოგერი #ცხოვრებაჩინეთში

[:]