ჩინეთში, მთვარის კალენდრის პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს ამზადებენ თანგიუენს[1], რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იუენსიაო. თანგიუენს, როგორც საკვებს, საკმაოდ დიდი ხნის და საინტერესო ისტორია აქვს. მას თავდაპირველად ერქვა ფუიუენწი, შემდეგ კი უწოდეს იუენსიაო, ბიზნესმენები მას იუენპაოდაც მოიხსენიებენ.
უზადოდ საინტერესოა იუენსიაოს, იგივე თანგიუენის, შიგთავსი, იგი სავსეა შაქრით, ვარდით, სეზამით, წითელი ლობიოს პასტით, დარიჩინით, კაკლის მარცვლებით, თხილით, იუბას(იგივე “უნაბის”) პასტითა და სხვა ინგრედიენტებით. მნიშვნელოვანია მისი დამზადების ტექნიკა, მრგვალ ფორმებში შესაძლოა იყოს ბოსტნეული, ან ხორცი სხვადასხვა არომატებით. თანგიუენს თავდაპირველად ამზადებდნენ ადუღებულ წყალში ან ორთქლზე, თუმცა ნელ-ნელა, ცვლილებების ფონზე, საკმაოდ აქტუალური გახდა მისი შეწვა, რაც მის გარსს უფრო მეტად ხრაშუნას ხდის. გარსი მზადდება წებოვანი ბრინჯის ფქვილისა და წყლისგან. შეიძლება იყოს პატარა ან დიდი ზომის, გულსართით, ან გულსართის გარეშე. იგი ტრადიციულად თეთრი ფერის არის, თუმცა სპეციალური დანამატებით მას ფერს უცვლიან, რაც უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.
მთვარის კალენდრის პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს ჩინეთში აღინიშნება იუენსიაოძიე ანუ ფარნების დღესასწაული, რომელიც პირველი ტრადიციული დღესასწულია გაზაფხულის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღესასწაულზე, ჩინელი ხალხი მიირთმევს თანგიუენს, რომელსაც ასევე ეწოდება იუენსიაო. ამ კერძის აღსანიშნად წლების განმავლობაში უამრავი სახელი გამოიყენებოდა. მინგის დინასტიის დროს, მისი სახელი ოფიციალურად დაფიქსირდა, როგორც იუენსიაო, რომელსაც ძირითადად ჩინეთის ჩრდილოეთით გამოიყენებენ, ის სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „პირველ საღამოს“, რაც აღნიშნავს ჩინური ახალი წლის შემდეგ პირველ სავსე მთვარეს.
თანგიუენს ამ სახელწოდებას ძირითადად სამხრეთში ეძახიან. ლეგენდის თანახმად, მას სახელი გადაერქვა იუენ შიკაის მმართველობის დროს. მისი ახალი სახელწოდება კი წვნიანში მრგვალ ბურთულებს ნიშნავს.
თანგიუენი, ისევე, როგორც სხვა სადღესასწაულო კერძები, გამოირჩევა უნიკალური დეტალებით, რომელსაც აქტიურად იყენებენ ჩინური ტრადიციული დღესასწაულების და ფესტივალების აღნიშვნის დროს. ჩინელ ხალხს სურს, რომ ყველაფერს ჰქონდეს ბედნიერი დასასრული, ამიტომ თანგიუენის ჭამა ღამით, როდესაც წელიწადში პირველად ივსება მთვარე, მიუთითებს ხალხის ბედნიერი და მშვიდობიანი ცხოვრების სურვილზე. ჩვეულებრივ, მას ოჯახის წევრები ერთად მიირთმევენ, რაც გაერთიანების სიმბოლოა. თანგიუენს სპეციალურ, ოვალურ თასში ათავსებენ და ისე მიირთმევენ.
[1] 汤圆 – წებოვანი ბრინჯის ბურთულები