თანგის დინასტიის ( 618-907 ) მეორე იმპერატორი – თაიწუნგი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად არის შერაცხული. მიუხედავად იმისა, რომ რიგით მეორე იმპერატორი იყო, ჯერ კიდევ ძველი ისტორიკოსები მას თანგის დინასტიის თანადამაარსებელს უწოდებდნენ. მომავალ იმპერატორებს მისი ცხოვრების მაგალითზე ასწავლიდნენ იდეალური იმპერატორის სურათს. მომავალი ეპოქების სხვა დიდი იმპერატორები კი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საკუთარ თავსა და თაიწუნგს შორის პარალელი გაევლოთ.

იმპერატორი თაიწუნგი, რომლის დაბადების სახელი ლი შიმინი იყო, 598 წელს, სუის დინასტიის ( 581-618 ) ზეობის დროს, თანგის თავად ლი იუენის ოჯახში დაიბადა. ლი შიმინი უფროსი ვაჟი არ იყო, მაგრამ ახალგაზრდობიდანვე ინიციატიურობით გამოირჩეოდა. სუის დინასტიის ბოლო წლებში, როცა მან შეატყო, რომ სამოქალაქო ომი გარდაუვალი იყო, ახლო მეგობრებთან ერთად შეადგინა აჯანყების გეგმა და მხოლოდ ამ გეგმის ჩამოყალიბების შემდეგ ჩართო მამამისი- ლი იუენი საქმეში. ოფიციალურად აჯანყების მეთაურად ლი იუენი გამოცხადდა, თუმცა მოთავე და მთავარი განმახორციელებელი ლი შიმინი იყო. მისი წარმატებული სამხედრო კამპანიების წყალობით თანგის ძალებმა სხვა ამბოხებულები დაამარცხეს და 618 წელს თანგის დინასტიის დაარსება გამოაცხადეს. დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა ლი იუენი. დინასტიის დაარსება მოდუნებას არ ნიშნავდა. მომდევნო რამდენიმე წელი ლი შიმინი იმპერიის შიდა წმენდას ატარებდა, რითაც საბოლოოდ განამტკიცა თანგის იმპერიის შიდა სიძლიერე.

ლი შიმინი ძალიან მიზანდასახული და შეუბრალებელი პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდა, მანც არ იყო გადაწყვეტილი ტახტი ლი შიმინს დარჩებოდა თუ არა. თავისი პოზიციის დასაცავად 626 წელს მან საკუთარი ორი ძმა მოკლა, მათ შორის ერთი უფროსი ძმა – ტახტის მემკვიდრე. იმპერატორი იმდენად უფრთხოდა ლი შიმინთან დაპირისპირებას, რომ არამარტო ეს ფაქტი დაუსჯელად დატოვა, ორ თვეში ტახტიც მას გადააბარა.

არც ტახტზე ასვლის შემდეგ შემცირებულა მისი ენერგია და ინტერესი სახელმწიფო საქმეებისადმი. უპირველეს ყოვლისა მისი ყურადღების საგანი გახდა თურქების საკითხი. თურქთა ხაკანატი მეექვსე საუკუნის ბოლოდან მოუშორებელი ჭირი გახდა ჩინეთისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე ორად იყო დაყოფილი, მონღოლეთიდან ცენტრალური აზიის სტეპებამდე გადაჭიმული თურქთა ხაკანატი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ახალ დაარსებული იმპერიისადმი. სამხედრო და დიპლომატიური ხერხებით ლი შიმინმა 628-630 წლებში აღმოსავლეთ ხაკანატი გაანეიტრალა. მოგვიანებით კი, 40-იან წლებში დასავლეთ თურქთა ხაკანატის წინააღმდეგაც დაიწყო ბრძოლა, რომელიც საბოლოოდ მისი მემკვიდრის დროს სრული ტრიუმფით დასრულდა. 

ლი შიმინი მუდმივად სახელმწიფო საქმეებში იყო ჩართული. გარდა აქტიური საგარეო პოლიტიკისა, ის ზრუნავდა ჩვეულებრივი ხალხის ყოფაზე. მასში თანაბრად იყო შეზავებული ძლიერი და მზრუნველი იმპერატორის თვისებები. 634 წელს მან დაგზავნა მაღალი თანამდებობის პირები პროვინციებში ხალხის გასაჭირის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად. 

649 წელს 51 წლის იმპერატორი გარდაიცვალა. ამ დროს თანგის დინასტია იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე მრისხანე სამხედრო ძალა იყო. ლი შიმინმა კარგად ჩამოყალიბებული და აწყობილი იმპერია დაუტოვა შთამომავლობას. მის მიერ ჩაყრილი საფუძველი იმდენად მყარი იყო, რომ თანგის დინასტია მომავალი ერთი საუკუნის განმავლობაში ძლიერების ზენიტში რჩებოდა.

იმპერატორი თაიწუნგი, 642 წლით დათარიღებული ფრესკა ტუნხუანგის კომპლექსიდან

LEAVE A REPLY