[:ka]
თბილისში, 28-29 ნოემბერს ,,აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის დეტალები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად თემას საქართველოში დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და მისი მოსამზადებელი სამუშოები წარმოადგენდა.
ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
უწყების ცნობით, პეკინში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ელჩთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთახმება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ვიზიტის დროს მინისტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვედრა გაიმართა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვას მხარს დაუჭერს.
,,აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ გაიმართება, რომელიც ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ,,აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში პირველად 2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.
[:]