[:ka]

  ,,იტალიურ ეზოში’’ გაზრდილმა გოგომ, სადაც რამდენიმე მოფუსფუსე და ცნობისმოყვარე მეზობელი მყავდა, თავი ჩინურ ეზოში ამოვყავი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 70 000 მეზობელი მყავს, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, ჩინელები ხომ დედამიწის სრული მოსახლეობის 20 %-ს შეადგენენ.

 ჩემი ეზო ტყეს ჰგავს, მართლა. დილით, გაღვიძებისას, ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ჩამესმის, ერთის განსაკუთრებულად, რადგან ერთსა და იმავე დროს მონოტონურად ჭიკჭიკებს და მასთან ერთად ვიღვიძებ მეც. ახალგაღვიძებულს, აივანზე გასულს, ჩემი თევზი სახელად მოანიტა მელოდება, მელოდება პატარა ბავშვივით ან უფრო ძაღლს შევადარებდი, პატრონს რომ სულსწრაფი თვალებით საკვებს სთხოვს. აივანზე პატარა ბოსტანი გვაქვს მოწყობილი, სადაც მალე სხვადასხვა სახის, სურნელოვანი და მადისაღმძვრელი ბოსტნეული იყვავილებს. ჩვენთან ნახევრად სუბტროპიკული კლიმატია, ამიტომ სულ სიმწვანე და დარია, ტროპიკული წვიმებიც იცის ხოლმე. აივნიდან ხედი სიმწვანეში გადის და თითქოს ტროპიკულ ტყეში იკარგები. დილით, სკოლაში მიმავალ ჩინელ ბავშვებს გადმოვყურებ, რომლებიც ტყეში გამავალ ბილიკებს მიუყვებიან, ზოგი ფეხით, ზოგი ველოსიპედით, ზოგიც კი ელექტრომობილით.

   სამსახურში წასვლის დროს ლიფტში ხშირად ქალბატონი ხუანი თავის ძაღლთან ერთად მხვდება, რომელიც ხელში ატატებული ეზოში სასეირნოდ ჩაჰყავს. რაც შემინიშნავს, სულ სულს უბერავს პირში და ეკითხება ხომ არ გცხელაო, მე კი ამასობაში მეფიქრება-როგორ შეიძლება ამას ძაღლის მჭამელობა დასწამო, შვილივით უვლისთქო.

  ჩვენს ეზოში ბევრი გასართობი თუ გამაჯანსაღებელი ცენტრია. მაგალითად, ჩემი აივნის მარჯვენა კუთხიდან საცურაო აუზი მოჩანს. განსაკუთრებით ლამაზია ცისფრად მოლივლივე წყალი, რომელსაც მზის სხივები ეთამაშება და ოქროსფრად იტყორცნება. ერთ ბედნიერებად ღირს ამის ნახვა, თან თვალს გჭრის და თან გსიამოვნებს.

  ჩვენს ეზოში უქმე დღეს ყველა ერთობა, დიდი ჟრიამულ-ზეიმია გამართული, თამაშობენ ბადმინტონს, ჩოგბურთს, ფეხბურთს, ზოგი აუზში ლივლივებს, ზოგიც მაძიანს(ჩინური ტრადიციული თამაში, დომინოს მსგავსი) უბერავს.

  ჩვენს ეზოს ,,ოქროს სანაპიროს’’ეძახიან და მდიდრების საცხოვრებელ კომპლექსად მოიხსენიებენ. ალბათ ეს სტატუსი განაპირობა იმ სოციალურმა ფენამ, რომელიც ოქროს სანაპიროზე დასახლდა და დასახლდა იმ ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული და უსაფრთხო გარემოს გამო, რომელიც ჭეშმარიტად სუფევს ჩვენს ეზოში. აქ შეხვდებით გიგანტური პალმის ხეებს, სუბტროპიკულ მცენარეებს, ფერად-ფერად ყვავილებს, დეკორაციებს, შადრევნებს, პატარა ნაკადულებსა და ტბებს. ხომ, მართლა, შებინდებისას ჭრიჭინებისა და ბაყაყების ხმები მოდის, მინდა გითხრათ რომ არც ბუნებრივად აკლია ჩვენს გარემოს ასეთი ,,ჰანგები’’, მაგრამ  მინდორზე სპეციალურად დამონტაჟებული ხმის გადამცემი მოწყობილობებიც გამოსცემენ ამ ხმებს, რათა აქ მაცხოვრებლებმა ნამდვილი ეგზოტიკა შევიგრძნოთ.

,,ოქროს სანაპირო’’ ანუ საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სივრცეებად არის დაყოფილი. ჩვენ  “B” სივრცეში ვართ და თითოეულ სივრცეს საკუთარი ადმინისტრაცია ჰყავს. თუკი რამე პრობლემა შეგექმნა, უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი და სერიოზული, რაც შენს საცხოვრებელ ბინას და პირად კომფორტს ეხება, ყველაფერში ადგილობრივი სივრცის ადმინისტრაცია გეხმარება. ის პასუხისმგებელია შენთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე და ყოველი შესვლა-გამოსვლა  დაცვის წარმომადგენლების თანხლებითა და ე.წ. VIP ბარათებით ხორციელდება.

  ჩემი ეზო მეამაყება არა მხოლოდ იმ ეკოლოგიური გარემოთი და სილამაზით რაც რეალურად გვაქვს, არამედ აქ ჩატარებული ყოველკვირეული ღონისძიებებით, რაშიც მოიაზრება: ხის დარგვა, ცურვაში შეჯიბრი, ქველმოქმედება, ცეკვისა და სიმღერის ყოველდღიური აქტივობები, სადაც ჩართვა ყველა აქ მაცხოვრებლისთვის უფასოა და ხელმისაწვდომია. ქველმოქმედებაზე გამახსენდა, ეზოს რამდენიმე წერტილში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მიმღები მოწყობილობა დგას, სადაც აქ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ნივთის ჩაბარებაა შესაძლებელი, რომელიც სოციალურად გაჭირვებულ ფენაზე ნაწილდება და ამას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

  ეზოში მოსეირნეს, სუფთა ჰაერით გაჟღენთილსა და მწვანე გარემოს შემყურეს ხშირად მიფიქრია, ხომ შეიძლება სადმე დიდ ტერიტორიაზე თბილისთან ახლოს ჩვენც გვქონდეს ასეთი ,,ოქროს სანაპირო’’, სადაც ყველა ბედნიერია და სამსახურიდან შინ დაბრუნებულს ყველა პრობლემა გავიწყდება.

[:]