ჩინეთის ხანგრძლივ ისტორიას მრავალი ეპიკური პიროვნება ახსოვს. მაგრამ, ეროვნული გმირის წოდება ცოტას თუ ხვდა წილად. ერთ-ერთი მათგანი იყო იუე ფეი ( 1102-1142 ).
იუე ფეი ჩრდილოეთ სუნგისა ( 960-1127 ) და სამხრეთ სუნგის ( 1127-1279 ) დინასტიების პერიოდში მოღვაწეობდა. იგი უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა იყო როცა მამამისი ხუანხეს წყალდიდობას ემსხვერპლა. 19 წლის იუე ფეიმ სამხედრო გამოცდები გაიარა და პირველი ადგილიც დაისაკუთრა. თუმცა, ის მხოლოდ სამხედრო განათლებით არ დაკმაყოფილდა და სამოქალაქო მოხელის გამოცდებიც ჩააბარა.
იუე ფეის ჩინეთისათვის რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. 1125 წელს ჩრდილოეთიდან წამოსულმა ჯურჩენების მომთაბარე ტომებმა სონგის დინასტიას შეუტიეს. მომთაბარეების უწყვეტი ტალღა სონგის გამარჯვების შანსებს ამცირებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იმპერიის დედაქალაქი- ქაიფენგი დაეცა და იმპერატორიც ტყვედ ჩავარდა. საიმპერატორო კარი სამხრეთით გადაბარგდა და ახალი იმპერატორი აირჩიეს.
იუე ფეი ჯურჩენების წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძოდა. იცავდა ქაიფენგს და ქალაქის დაცემის შემდეგ აიერგარდს მეთაურობდა. მიუხედავად დედაქალაქის დაცემისა, მას არასოდეს დაუკარგავს ჩრდილოეთის დაბრუნების იმედი. იგი მეთაურობდა ჩრდილოეთის გამოხსნის რამდენიმე ექსპედიციას და საკმაოდ წარმატებულად მიიწევდა წინ. მაგრამ, მალე მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა. საქმე ისაა, რომ იუე ფეის სწრაფი წინსვლა და ხალხში დიდი პოპულარობა მაღალი თანამდებობის პირებში ეჭვსა და შიშს წვევდა. მათთვის იუე ფეი საკუთარი პოზიციებისადმი მიმართულ საფრთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებლით მტრულად იყო განწყობილი იმპერატორის კანცლერი- ცინ ხუეი. როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგა და იუე ფეიმ ქაიფენგს ალყა შემოარტყა, ცინ ხუეიმ იმპერატორი დაარწმუნა, რომ ქაიფენგის განთავისუფლებით შესაძლოა დატყვევებული იმპერატორიც გაეთავისუფლებინათ. აღელვებულმა იმპერატორმა იუე ფეი უკან გაიწვია და ღალატის ბრალდებით საპყრობილეში ჩასვეს.
მიუხედავად იმისა, რომ იუე ფეიმ კარგად იცოდა თუ რას ნიშნავდა შუა ალყის დროს უკან გაწვევის მოთხოვნის მიღება, მას აჯანყება არ დაუწყია და ბედს შეეგუა. ორი თვის განმავლობაში იგი საპყრობილეში ყოველდღიურ წამებას ითმენდა, თუმცა მაინც არ აღიარა ბრალი. ამასობაში, მისი მომხრეები და ხალხი განმარტებებს ითხოვდნენ ლეგენდარული სარდლის დატყვევებაზე. როცა იუე ფეის მეგობარი, ასევე გავლენიანი სარდალი ცინ ხუეის შეხვდა და ჰკითხა მას თუ რა იყო იუე ფეის დანაშაული, ცინ ხუეიმ უპასუხა: „შესაძლოა მას არაფერი ჩაუდენია, მაგრამ შესაძლოა ჩაიდინა კიდეც“. ცინ ხუეიმ იცოდა ასე უსაფუძვლოდ დიდხანს ვერ გააჩერებდა იუე ფეის ციხეში. ამიტომ მან სასწრაფოდ მოისყიდა მოსამართლე და იუე ფეის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1142 წელს იგი სიკვდილით დასაჯეს.
მომავალმა თაობებმა იუე ფეის სახელი არ დაივიწყეს. მისი გარდაცვალებიდან სულ რაღაც 60 წელში მისმა შვილიშვილმა დიდ ბაბუაზე დაწერა ბიოგრაფია, რომელშიც აღწერა იუე ფეის საგმირო საქმეები. იმპერატორმა აღადგინა იუე ფეის სახელი და ეროვნული გმირის რანგში აიყვანა ის. რაც შეეხება ცინ ხუეის და იუე ფეის სხვა ცილისმწამებლებს, მართალია მათ სიცოცხლეში ვერ აგეს პასუხი, მაგრამ სამართალმა გარდაცვალების შემდეგ უწია. იუე ფეის სამარხთან დადგეს ცინ ხუეის და მისი მოკავშირეების დაჩოქილი ქანდაკებები. იუე ფეი კი დღემდე ჩინეთის ეროვნულ გმირადაა შერაცხული.
იუეფეის ქანდაკება ხანგჭოუში