[:ka]იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩინეთში [:]

[:ka]

2016 წლის მონაცემებით ჩინეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სულ 50 ძეგლია და ამ მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. აღნიშნული ძეგლები წარმოადგენენ ჩინეთის ტურისტული რესურსების ძირითად ნაწილს. სიაში შედის როგორც კულტურული, ასევე ბუნებრივი ძეგლები, ისეთი ცნობილი ადგილები, როგორებიცაა აკრძალული ქალაქი, ტერაკოტას არმია, პეკინის ზაფხულის სასახლე, ჩინეთის დიდი კედელი, ხუანგშანის მთა, პოტალას სასახლე და სხვა. გარდა აღნიშნული ადგილებისა კულტურულ ძეგლებს შორის თავისი სილამაზით გამოირჩევიან ასევე ცის ტაძარი, სუჭოუს კლასიკური ბაღები და ხუნგხე-ხანის ბრინჯის ტერასები, ბუნებრივ ძეგლებს შორის კი ულინგიუენი და ძიოუჭაიკოუს ხეობა.

ცის ტაძარი დაოსიზმის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც პეკინის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მას ყოველწლიურად სტუმრობდნენ მინისა და ცინის იმპერიის იმპერატორები და მოსავლის ღმერთისადმი ლოცულობდნენ. ტაძარი პეკინის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. მისი ფართობი 267 ჰექტარია. კომპლექსი 1420 წელს, მინის იმპერიის ეპოქაში აშენდა. თავდაპირველად მას ცისა და დედამიწის ტაძარი ეწოდებოდა, თუმცა 1530 წლიდან მხოლოდ „ცის ტაძრად” იწოდება. ცის ტაძარი იმპერატორის სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ტაძრის ფორმები ჩინური ტრადიციებით აიხსნება: წრე ცის სიმბოლოა, ხოლო კვადრატი დედამიწის ძალების. ყოველი ზამთრის ბუნიობისას, იმპერატორი აკრძალული ქალაქიდან ოჯახთან ერთად ტაძარში მიდიოდა. დაუშვებელი იყო რიგით ჩინელს ეს პროცესია და შემდგომი ცერემონია დაენახა, როდესაც იმპერატორი მოსავლის ღმერთისადმი ლოცულობდა. ჩინელებს სჯეროდათ, რომ ცერემონიისას დაშვებული პატარა შეცდომაც კი შემდგომ წელს მთელი ერისთვის დიდ უბედურებას მოასწავებდა. 1998 წელს იუნესკომ ცის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის არქიტექტურული შედევრი“.

სუჭოუს კლასიკური ბაღები ძიანგსუს პროვინციის ქალაქ სუჭოუში მდებარეობს. 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და მოიცავს ტრადიციული ჩინური ბაღების მთავარ ელემენტებს. მიმსგავსებულია ბუნებრივ პეიზაჟს, წარმოდგენილია რა ხელოვნური კლდეები, ბორცვები და მდინარეები, რომელთა გვერდითაც პაგოდები მდებარეობს. ამ ტიპის ბაღების მშენებლობა სუჭოუში XVI-XVIII საუკუნეებში იყო პოპულარული. ამ პერიოდში 200 კერძო ბაღი აშენდა.

ხუნგხე-ხანის ბრინჯის ტერასები იუნანის პროვინციაში მდებარეობს. ტერასებს 1 200 წლის ისტორია აქვთ. ვრცელდება ოთხი ოლქის ტერიტორიაზე, თუმცა ძირითადი ნაწილი იუენიანგის ოლქში მდებარეობს. ტერასების ფართობი 16 603 ჰექტარია. იუნესკოს სიაში 2013 წელს დაიკავა ადგილი.

ძიოუჭაიკოუს ხეობა ნაკრძალია ს’ჩუანის პროვინციაში, რომელიც ცნობილია თავისი მრავალდონიანი ჩანჩქერებითა და ფერადი ტბებით. ხეობა მოიცავს 720 კმ² ტერიტორიას. მდებარეობის სიმაღლე ზღვის დონიდან 1 998 – 4 764 მეტრებში მერყეობს. ნაკრძალი საკმაოდ პოპულარულია ეკოტურიზმის მოყვარულებში. იგი ჯერ კიდევ 1992 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ამავე წელს სიაში შევიდა ულინგიუენი, ისტორიული და პეიზაჟური არეალი  ხუნანის პროვინციაში. ტერიტორია გამოირჩევა 3 100 კვარციტის სვეტით, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 800 მეტრია, გარეგნულად კი კარსტული ფორმაციისაა. არეალი ქალაქ ჭანგძიაძიეს შემადგენლობაში შედის და პროვინციის დედაქალაქ ჩანგშადან 270 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

[:]


by

Tags:

Comments

კომენტარის დატოვება