იღბლის იეროგლიფი

ყოველი ჩინური ახალი წლის დღესასწაულზე ზოგიერთ დასახლებულ ადგილას ყველა სახლის კარზე, კედელსა და კარის თავზე უნდა იყოს მოთავსებული დიდი და პატარა გადმოყირავებული „ფუს“ (福) იღბალის, ბედნიერების იეროგლიფი. ეს ყველაფერი ხდება გაზაფხულის ფესტივალის დროს, ხოლო მისი ომონიმია „ფუ ტაო ლე“ (福到了)[1], ეს არის მრავალწლიანი ხალხური ჩვეულება.

მიზეზი იმისა, თუ რატომ არის იეროგლიფი გამოსახული უკუღმა, არის შემდეგი: 倒 (ტაო)[2] არის ომონიმი იეროგლიფისა 到(ტაო)[3], რაც ნიშნავს იმას, რომ „ფუ“, ანუ იღბალი, ბედნიერება  „მოვიდა“.

   არსებობს არაერთი ლეგენდა იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა ეს ტრადიცია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ჩვეულება ცინგის დინასტიიდან[4] იღებს სათავეს. გაზაფხულის ფესტივალის წინა დღეს, მოსამსახურეს სურდა, რომ ბატონისთვის ესიამოვნებინა და ჭიშკარზე „ფუ“-ს გააკრა, თუმცა, რადგან იგი წერა-კითხვის უცოდინარი იყო, იეროგლიფი უკუღმა დაკიდა. მისი ბატონი ამ ფაქტმა განარისხა, შედეგად მოახლემ მას აუხსნა, რომ ხშირად გაეგო ხალხისგან, თუ როგორი დალოცვილი და პატივსაცემი იყო მისი ბატონი, თავისი ქმედების შედეგად კი მიიღო ის, რომ „ბედნიერება მოვიდა“ და ეს მხოლოდ კარგისმომასწავებელი ნიშანი იყო. ბატონი ძალიან გააბედნიერა ამ სიტყვების გაგონებამ, ამიტომაც დააჯილდოვა მსახური. ამის შემდეგ კი გავრცელდა „ფუს“ იეორლგიფის კარებზე უკუღმა დაკიდების ტრადიცია.

ჩინეთის მრავალწლიანი ცივილიზაციის განმავლობაში „ფუ“ ასახავს ჩინელი ხალხის პოზიტიურ განწყობასა და ღირებულებას. ხალხი მას სხვადასხვა ფორმით აინტერპრეტირებს, თუმცა ძირითადად  გამოსახულია წითელ რომბის ფორმის ქაღალდებზე. განსაკუთრებით გაზაფხულის ფესტივალის დროს. დეკორაციისთვის აუცილებელია იეროგლიფის წითელ ქაღალდზე გამოსახვა, რათა გამოიხატოს კეთილი სურვილები შემდგომი ახალი წლისათვის.

[1]ნიშნავს, რომ იღბალი, ბედნიერება „მოვიდა“

[2]ნიშნავს გადმოყირავებას, გადმოტრიალებას

[3]ნიშნავს მოსვლას

[4]ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია, ჩინეთს მართავდა 1644-1911 წლებში.