[:ka]

კორეის ლიდერი, კიმ ჯონგ ინი პეკინში ჩავიდა სი ძინფინგის მოწვევით. სავარაუდოა, რომ შეხვედრის მიზეზი გახდა მოახლოებული სამიტი დონალდ ტრამპთან, რომელიც წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს. კიმის ვიზიტი, რომელიც სახელმწიფო მედიის ცნობით ოთხ დღეს გაგრძელდება, მისი მეოთხე ვიზიტია ჩინეთში გასული წლის განმავლობაში. ვიზიტის მიზანია მოლაპარაკებების წარმართვა ჩინეთის ლიდერთან და საერთო  მიდგომის ჩამოყალიბება  ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის გასამართი მეორე სამიტის შესახებ.

  ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  შეჩერდა გასულ წელს, სინგაპურში გამართული მნიშვნელოვანი სამიტის შემდეგ, თუმცა გარკვეული სპეკულაციები კიმსა და ტრამპს შორის პოტენციურ მეორე სამიტზე მიუთითებენ. შეერთებული შტატები უკმაყოფილოა, რომ პროგრესი არ არსებობს, ხოლო ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 2017 წელს დაწესებული სანქციებისგან. კიმის ვიზიტი ჩინეთში შედეგია ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირების შეხვედრისა ვიეტნამში, რომლის მიზანიც მეორე სამიტის ადგილმდებარეობის შერჩევა გახლდათ.

 კიმი და მისი მეუღლე  ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში გამოჩნდნენ ჩინეთში. სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო სპიკერმაც განაცხადა, რომ სეული იმედოვნებს, ეს შეხვედრა იქნება მეორე სამიტის განმსაზღვრელი და ხელშემწყობი ფაქტორი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის კავშირს და კორეის ნახევარკუნძულის საკითხის მოგვარებას.

როგორც აღინიშნა, 2018 წლის განმავლობაში კიმი სამჯერ ესტუმრა პეკინს ოფიციალური ვიზიტით. მნიშვნელოვანია, რომ ექვს წელზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც კიმ ჯონგ ინის მამა კიმ ჯონგ ილი შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს. ანალიტიკოსების განცხადებით, ვიზიტების სიხშირე ხაზს უსვამს ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობის აღდგენისა და განმტკიცების სურვილს.

არსებობს მოსაზრება, რომ კიმი ცდილობს მოიპოვოს ჩინეთის მხარდაჭერა, რათა მოეხსნას სანქციები. როგორც ცნობილია, ჩინეთმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, თანხმობა განაცხადა ფიონიანგის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ორივე რაუნდზე. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ჩინელმა მაღალჩინოსნებმა მოუწოდეს გაეროს, შეამსუბუქონ სანქციები.

 ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ და ჩინეთმა შეიძლება განამტკიცონ თავიანთი ურთიერთობები, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ზეწოლა განახორციელონ. ჩრდილოეთ კორეა ცდილობს თავიდან აირიდოს სანქციები, ჩინეთი კი, თავის მხრივ, სავაჭრო ომის მოგვარებას ცდილობს. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ კიმსა და სის შორის არსებული ღრმა უნდობლობა ერთმანეთისადმი ამის საშუალებას არ იძლევა. ჩრდილოეთ კორეა კვლავ ფრთხილობს, არ იყოს ზედმეტად დამოკიდებული ჩინეთზე, ხოლო ჩინეთს სტაბილური ურთიერთობები სურს.

 აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, კიმი ეწვია ტრადიციულ ჩინურ ფარმაცევტულ კომპანიას-Yizhuang Science and Technology Park. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია ჩინეთში, რომელიც მედიკამენტებს ამზადებს ფუტკრის პროდუქტების გამოყენებით, მათ შორის იყენებენ თაფლსა და ცვილს. ასევე იმყოფებოდა სადილზე სი ძინფინგთან ხალხთა დიდ დარბაზში. მიუხედავად დაანონსებული 4 დღიანი ვიზიტისა, კიმმა  პეკინში მხოლოდ 27 საათი გაატარა.

[:]