[:ka]

მიუხედავად 2017 წლის დეკემბრის ბოლოდან დაწყებული კრიზისული პერიოდისა, კრიპტოვალუტები პოპულარულ ინოვაციად რჩება მსოფლიოს გარშემო. კრიპტოვალუტების მთავარ დადებით მხარეს ფინანსური ოპერაციების დეცენტრალიზება წარმოადგენს. დეცენტრალიზება, რომელიც არ უნდა დაექვემდებაროს საერთაშორისო რეგულაციებს.

კრიპტოვალუტების ფასის მკვეთრი ზრდის ტრენდი ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერ მაშინ შეირყა, როცა ჩინეთის მთავრობამ მკაცრი რეგულაციების დაწესება დაიწყო. ჩინეთმა აკრძალა ყველა სახის კრიპტოვალუტით ვაჭრობა ქვეყნის შიგნით. ასევე, გაუქმდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც კრიპტოვალუტებს ეხებოდა. ამის მიუხედავად, ჩითის ხელისუფლება ღიად გამოხატავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას. ჩინეთის ინდუსტრიული განვითარების ცენტრმა დაიწყო სხვადასხვა ციფრული ვალუტების საკუთარი შეფასებების გამოცემა, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიის, აპლიკაციისა და ინოვაციის კომპონენტებს.

ვალუტა Vs აქტივი

ჩინეთის ხელისუფლებამ აკრძალა კრიპტოვალუტების გამოყენება, რადგან მათი აზრით ქვეყანაში სანდოობის შესანარჩუნებლად უნდა იყოს მხოლოდ ერთი წყარო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კრიპტოვალუტების გამოცემასა და ვაჭრობაზე. ამის მიუხედავად, ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს ნებას რთავს, ფლობდნენ კრიპტოვალუტებს, როგორც აქტივებს, თუმცა მათ აკრძალული აქვთ ვაჭრობა ან გადახდის საშუალებად გამოყენება.

კრიპტოვალუტების მომავალი ჩინეთში

დასახელებული შეზღუდვების მიუხედავად, ჩინეთმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარება საკუთარ 5 წლიან გეგმაშიც შეიტანა. 2018 წელს, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლება დამატებით $1,6 მილიარდის ინვესტირებას გააკეთებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებაში. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მკაცრად ებრძვის კრიპტოვალუტებს, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განსავითარებელი პროექტების სუბსიდირებას. ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი ისაა, როგორ მოახერხებს ქვეყანა აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარებას კრიპტოვალუტებზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნების პირობებში.

მობილური გადახდები

ჩინეთში ორი ყველაზე უფრო პოპულარული აპლიკაცია მობილური გადახდებისთვის გახლავთ Alipay და WeChat Pay.

აღნიშნულმა აპლიკაციებმა იმხელა პოპულარობა მოიპოვეს ბოლო წლებში, რომ ტაქსის მძღოლები და ქუჩის მსახიობებიც კი იყენებენ მათ გადახდის სერვისად. დღეს, მობილური გადახდების ბაზრის კაპიტალიზაცია $16 ტრილიონს შეადგენს. ჩინეთის დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ ისინი ყოველდღიურად იყენებენ მათ გადახდისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ციფრული ვალუტებით გადახდაზე გადასვლა ჩინელი მომხმარებლების დიდ ნაწილს არ უნდა გაუჭირდეს.

რეგულაციების გვერდის ავლა

მიუხედავად მთავრობის მხრიდან მკაცრი კონტროლისა, ჩინეთის მოსახლეობის ნაწილი კვლავ ცდილობს კრიპტოვალუტების გამოყენებას და ვაჭრობას. დღევანდელი მონაცემებით, მთავრობამ დახურა 120-ზე მეტი კრიპტო-ბირჟა, თუმცა ამან კრიპტო-მოვაჭრეები ვერ შეაჩერა. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ხალხი ცდილობს, გვერდი აუაროს რეგულაციებს. ვნახოთ ეს საშუალებები.

ჩინეთის გარეთ ოპერირებადი ბირჟები

ის ბირჟები, რომლებიც ოფიციალურად დარეგისტრირებულები არიან ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახერხებენ ოპერირებას ადგილობრივი აკრძალვის მიუხედავად. ზემოთ აღნიშნული 120 ბირჟიდან ბევრმა ფუნქციონირება სწორედ ამ გზით გააგრძელა და გადაურჩა გაკოტრებას.

Tether

Tether გახლავთ კრიპტოვალუტა, რომლის ფასიც მიბმულია აშშ დოლარზე. მისი საშუალებით ჩინელ ინვესტორებს საშუალება აქვთ, შეაღწიონ კრიპტობაზარზე. ამის შემდეგ, ისინი იყენებენ ჩინეთის გარეთ ოპერირებად ბირჟებს, რათა Tether-ი გადაცვალონ ბიტკოინში, ეთერიუმში და სხვა პოპულარულ კრიპტოვალუტებში.

Proxy საიტები

იმის მაგივრად, რომ პირდაპირ გამოიყენონ კრიპტოვალუტების პლატფორმები, კრიპტო ტრეიდერები იყენებენ Proxy საიტებს. როცა Proxy საიტს იყენებთ, მთელი ინფორმაცია თქვენი კომპიუტერიდან გადის Proxy საიტების სერვერზე. თუ აღნიშნული სერვერები მდებარეობს ჩინეთის გარეთ, მაშინ ჩინელ კრიპტოტრეიდერებს შეუძლიათ საკუთარი რეალური ციფრული მისამართი დამალონ.

VPN სერვისები

ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო საშუალება, რომელსაც ჩინეთის მოსახლეობა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის იყენებს, გახლავთ VPN სერვისი. მარტივად რომ ავხსნათ, ეს სერვისები მალავენ თქვენს რეალურ IP მისამართს, რის შემდეგაც, შეუძლებელია დადგინდეს, თუ სად მდებარეობს თქვენი კომპიუტერი. VPN ანუ Virtual Private Networks ( ვირტუალური კერძო ქსელები ) ქმნის უსაფრთო, დაფარულ გვირაბებს, რომელთა საშუალებითაც შეიძლება რეგულაციების გვერდის ავლა. თუ VPN-ის სერვერი, რომელსაც მომხმარებელი ირჩევს, მდებარეობს ჩინეთის გარეთ, მაშინ თქვენი კომპიუტერიც იქ რეგისტრირდება და მასზე არ ვრცელდება დაწესებული სამთავრობო რეგულაციები.

[:]