კურდღლის წელიწადში დაბადებული ცნობილი პეკინელები

ჩინეთში კურდღლის წელი უკვე დადგა. კურდღლის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია დაბადებული. კინოსამყაროს ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ანჯელინა ჯოლი, ჯონი დეპი, ლი სეუნგ-გი, კვენტინ ტარანტინო და ქეით უინსლეტი. ასევე, კურდღლის წელში არიან დაბადებულები ცნობილი სპორტსმენები: მაიკლ ჯორდანი, ლიონელ მესი, დეივიდ ბექჰემი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტაიგერ ვუდსი.

ჩინეთში კურდღლის წელი ისტორიულად ცნობილი ადამიანების სიუხვით გამოირჩეოდა. ამ სტატიაში სწორედ კურდღლის წელიწადში დაბადებული ცნობილი პეკინელების შესახებ გიამბობთ.

იმპერატორები ლიაო თიენწუო და ძინ თაიწუნგი 1075 წელს, ძველ პეკინში დაიბადნენ და შესაბამისად ორივე მათგანი კურდღლის ზოდიაქოს წარმომადგენელი იყო. ისინი ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ. 1122 წელს ძინ თაიწუნგმა აიძულა ლიაო თიენწუო დღევანდელ პეკინში გაქცეულიყო. ორწლიანი კამპანიის შემდეგ, თაიწუნგმა საბოლოოდ დაიჭირა თავისი თანამემამულე და ლიაოს უკანასკნელი იმპერატორი თავის ტყვედ აქცია. ლიაო თიენწუომ პატიმრის სტატუსით კიდევ სამი ათწლეული იცოცხლა, ვიდრე გაქცევის მცდელობისას არ მოკვდა.  თიენინგის ტაძარში შემორჩენილი პაგოდა იმ რამდენიმე ნაგებობათაგანია, რომელიც პეკინს ლიაოს იმპერიის დროიდან შემორჩა.

ყუბილაი ხანმა 1271 წელს თავისი დედაქალაქი დღევანდელ პეკინში გადაიტანა. ამ პერიოდში მოღვაწეობდა ცნობილი ჩინელი ასტრონომი, ჰიდრავლიკური ინჟინერი, მათემატიკოსი და პოლიტიკოსი კუო შოუძინგი (1231-1316), რომელიც ასევე კურდღლის წელიწადში გახლდათ დაბადებული.

მის მიერ დაპროექტებული არხებიდან, თხრილებიდან, ტბებიდან და წყლის გზებიდან ბევრი დღემდე არსებობს. სიხაის ჩრდილოეთით არის კუო შოუძინგის სალოცავი, რომელიც, ასევე, კუოს შთამბეჭდავი მიღწევების მუზეუმიც გახლავთ.

მინგის დინასტიის წარმომადგენელი იმპერატორი ძიაძინგი 1507 წელს (კურდღლის წელიწადში) დაიბადა. გადმოცემების თანახმად, იგი ცნობილი იყო ეზოთერული რიტუალების პრაქტიკით, რომლებიც მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სექსუალური უნარების გასაძლიერებლად იქმნებოდა. მისი ქმედებებით უკმაყოფილო, ზოგიერთი სასახლეში მცხოვრები ქალი აჯანყდა და შეთქმულებმა 1542 წელს იმპერატორის დახრჩობა სცადეს.

საბოლოოდ შეთქმულება ჩაიშალა და პოტენციური მკვლელები სიკვდილით დასაჯეს. ძიაძინგის დახრჩობის მცდელობა აკრძალულ ქალაქში, ზეციური სიწმინდის დარბაზში მოხდა. ლეგენდა ამბობს, რომ იმპერატორი მომხდარმა იმდენად შეაშინა, რომ მას შემდეგ ამ დარბაზში აღარასოდეს დაუძინია.

ალბათ, ყველაზე ცნობილი იმპერატორი, კურდღლის ზოდიაქო იყო ცინგის დინასტიის დროს მოღვაწე ციენლუნგი. იგი 1711 წელს დაიბადა სასახლეში, რომელიც მოგვიანებით იონგხეკონგის ტაძარი (ლამას ტაძარი) გახდა. ოფიციალურად 61 წლის განმავლობაში მეფობდა, სანამ 1796 წელს არ გადადგა. მის სახელს უკავშირდება პეკინში არსებული ღირსშესანიშნაობების ძალიან დიდი ნაწილი. მაგალითად: აკრძალული ქალაქი, პეიხაის პარკი, სამოთხის ტაძარი და იუნგხკუნგი.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მეცნიერი ხუ ში შანხაიში დაიბადა, პეკინის უნივერსიტეტში სწავლის დროს მან ფრიად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩინეთში განათლების, ენისა და ლიტერატურის განვითარებაში. მან თავისი მოღვაწეობა 1917 წელს დაიწყო და 1949 წლამდე ამ უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული, საბოლოოდ დეკანად და შემდეგ კანცლერად მუშაობდა. ასევე, მსახურობდა ელჩად შეერთებულ შტატებში ჩინეთის რესპუბლიკიდან 1938-1942 წლების კრიტიკული ომის წლებში. ხუ იყო პაიხუას, ხალხურ ჩინურ ენაზე წერის ერთ-ერთი მთავარი დამცველი და გახლდათ იმ ლიტერატურული რევოლუციის ნაწილი, რომელმაც კარი გაუღო კულტურული გამოხატვის ახალ ფორმებს მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში.

წყარო