[:ka]
რამდენიმე დღის წინ 2020 წლის „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსის შესარჩევი ტურები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის დიდი წარმატებით დასრულდა. კონკურსში გამარჯვებულები საქართველოს სახელით კონკურსის ფინალში ონლაინ მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ჩინური ენის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს შეეჯიბრებიან და ცოდნას გაუზიარებენ. მე მიწვევით ორივე შესარჩევ ტურს დავესწარი და ქართველი სტუდენტების ნიჭითა და უნარებით მოვიხიბლე, ჩინური ენისადმი მათი დიდი ენთუზიაზმი და ჩინეთისადმი მათი ძლიერი ინტერესი დავინახე. ამით ჩინეთ-საქართველოს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების მიმართ დიდი მოლოდინი გამიჩნდა და ჩინეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობებისადმი რწმენა მომემატა.
საქართველოში ჩინური ენის სწავლება გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მაშინ, ჩინურ ენას თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ასწავლიდნენ, სადაც ქართველი სინოლოგების პირველი თაობა აღიზარდა. პირველი კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში გაიხსნა, უკვე თითქმის ათწლეულს ითვლის. წლებია, ჩინური ენის კურსდამთავრებულები პოლიტიკის, ბიზნესის, განათლების და სხვა სფეროებში აქტიურად მოღვაწეობენ. ისინი ჩინეთ-საქართველოს მეგობრული და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის მოწმეები, მონაწილეები და ხელმშემწყობნი არიან. მათ შორის არიან ისეთი გამორჩეული მოღვაწეები, როგორიცაა საქართველოს მოქმედი ელჩი ჩინეთში, ბატონი არჩილ კალანდია და საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი მარინე ჯიბლაძე.
ჩინეთი და საქართველო საქართველოში ჩინური ენის სწვალების განვითარებას მუდამ აქტიურად უჭერენ მხარს. 2019 წელს ჩინეთის საელჩოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანს საქართველოში ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს, ჩინური ენა ეროვნულ სასწავლო გეგმაში იქნა შეტანილი, რითაც საქართველოში ჩინური ენის სწავლების სტატუსი გაუმჯობესდა. ამავე წელს, ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი, ჩინეთის კვლევების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი შეიქმნა, ხოლო ღია უნივერსიტეტის კონფუცის კლასს კონფუცის ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა. შედეგად, საქართველოში ჩინური ენის სწავლება და ჩინეთის კვლევა განვითარების სრულიად ახალ ფაზაში შევიდა. ამჟამად საქართველოში ოცზე მეტ უნივერსიტეტსა და საშუალო სკოლაში ათასამდე სტუდენტი ეუფლება ჩინურ ენას. ჩინური ენა ინგლისურის, რუსულის, ფრანგულის მსგავსად, ერთ-ერთ მოთხოვნად უცხო ენად იქცა. ჩინური მხარე ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტიპენდიას გასცემს, რითაც უკვე უამრავმა წარჩინებულმა სტუდენტმა შეძლო ოცნების ასრულება და ჩინეთში სწავლის გაგრძელება. ეს მათ სტიმულს აძლევს, რომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ თანამშრომლობაში ჩაერთონ.
წლევანდელი „ჩინური ენის ხიდის“ სტუდენტური კონკურსის თემაა „მთელი მსოფლიო ერთი ოჯახია“, ხოლო სკოლის მოსწავლეების საკონკურსო თემაა „იფრინე მაღლა ჩინურთან ერთად“. ბოლო წლებში, ჩინეთი აქტიურად უჭერს მხარს და ახორციელებს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა ეპიდემიამაც დაგვანახა, რომ მსოფლიოს ხალხების ბედ-იღბალი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული და ჭირსა და ლხინს ერთად ვიზიარებთ. „მთელი მსოფლიო ერთი ოჯახია“ ცარიელი სიტყვები არ არის, ეს ის მიზანია, რომლისკენაც სწრაფვა ნამდვილად ღირს. იგი ბრწყინვალე ჩინურ ტრადიციებსა და კულტურას ეფუძნება. ეს „ჩინური სიბრძნეა“, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ვთავაზობთ. ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალი და ერის იმედია. „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსზე ქართველმა სტუდენტებმა სიბეჯითე, წინსვლისაკენ მისწრაფება, ოპტიმიზმი, სილაღე და მრავალმხრივი ნიჭი წარმოაჩინეს. მე მათში ქვეყნის განვითარებისა და აღორძინების, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი და ფართო პერსპექტივა დავინახე. დარწმუნებული ვარ, ისინი ცხოვრების საუკეთესო წლებს უქმად არ გაატარებენ და ბევრ წარმატებას მიაღწევენ.
კონფუცი დიდი ჩინელი მოაზროვნე და განმანათლებელი იყო. სწორედ ამიტომ ატარებს კონფუცის ინსტიტუტი მის სახელს. მისი ცნობილი სიტყვები „შორიდან მოსული მეგობრის სტუმრობა ხომ უდიდესი სიხარულია“ – ყველა ჩინელმა იცის და ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციასაც კარგად ეხმიანება. ჩინეთ-საქართველოც ყველა სფეროში მუდამ ასეთი მეგობრული სულისკვეთებით თანამშრომლობენ. ისტორიულად, ჩვენმა ქვეყნებმა სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირები აბრეშუმის გზის საშუალებით დაამყარეს. ბოლო წლებში კი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის მხრივ ნაყოფიერი შედეგები გვაქვს. „ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მთავარი ხალხებს შორის მეგობრობაა, ხალხებს შორის მეგობრობაში მთავარი – ერთმანეთთან კავშირია“. ჩინური ენა, როგორც ერთგვარი შუამავალი და მედიატორი, ქართველმა ხალხს ჩინეთის გაცნობასა და აღქმაში ეხმარება, უფრო მეტად კი, იგი ერთგვარი ხიდია, რომლის საშუალებითაც ჩვენი ხალხები ერთმანეთს ეცნობა, უახლოვდება, უმეგობრდება და ერთმანეთი უყვარდებათ. ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად, საქართველოში ჩინური ენის სწავლების განვითარებას და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის სწრაფად გაზრდას აქტიურად დაუჭიროს მხარი. დაე, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთსარგებლობის კიდევ უფრო მაღალი და მყარი ხიდი ავაშენოთ და ჩინეთ-საქართველოს მეგობრობისა და ახლობლობის შესახებ „აბრეშუმის გზის ახალი ისტორია“ ერთად დავწეროთ.
[:]