26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო ჩინელი ხალხის იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ ომში და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის საელჩო, ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრი და თსუ.
თავის გამოსვლაში, ელჩმა ჭოუ ციენმა დააფიქსირა ჩინეთის პოზიცია საერთაშორისო თანასწორობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას, ზომისა და სიძლიერის მიუხედავად, აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა გლობალურ საკითხებში. მან დაგმო „რამდენიმე ქვეყნის მიერ გლობალური მმართველობის მონოპოლიზაცია“ და მოუწოდა სისტემის გაუმჯობესებისკენ. ელჩმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, თანასწორობით და ჰარმონიული თანაცხოვრებით არის შესაძლებელი ომის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული ტრაგედიების განმეორების თავიდან აცილება. ამასთან, მკაფიოდ აღინიშნა ჩინეთის მზადყოფნა, იაროს მშვიდობიანი განვითარების გზით და თავისი კუთვნილი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის საერთო მომავალში.
შეხვედრების ფარგლებში, ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ჩინეთი და მეორე მსოფლიო ომი“ ჩვენება, რომელსაც დაესწრნენ მოწვეული სტუმრები, სტუდენტები, ასევე მედიის წარმომადგენლები.
ელჩმა ჭოუ ციენმა აღნიშნა, რომ ფილმი ასახავს ჩინეთის 14-წლიან ანტიიაპონურ ომს და ეხმარება ქართულ საზოგადოებას, გააცნობიეროს ჩინეთის წვლილი მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვებაში. ჩინეთმა 35 მილიონზე მეტი ადამიანური მსხვერპლის ფასად შეინარჩუნა აღმოსავლეთის მთავარი ფრონტი, რითიც გლობალური მოვლენების განვითარების რაკურსი შეიცვალა.
ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის დირექტორმა, ბექა ნაცვლიშვილმა, კი იმედი გამოთქვა, რომ ქართული საზოგადოება ამ დოკუმენტური ფილმის მეშვეობით მეტს შეიტყობს აღმოსავლეთ ფრონტის შესახებ.
კინოჩვენების შემდეგ, ელჩი ჭოუ ციენი დამსწრეებსაც და მედიის წევრებსაც გაესაუბრა.




