[:ka]მე დავეხმარები… 你走我帮![:]

[:ka]

ჩემმა მეგობრებმა ალბათ იციან, რომ მანქანები არ მიყვარს.

ბავშვობაში სამბორბლიანი ველოსიპედი მყავდა და ეზოში ვიღაცამ მოგვპარა.

მერე ანანურში სკეითბორდით ვერთობოდით, „ფეხიდან“ არ ვუშვებდით და ერთ დილას ბებიაჩემმა მაცნობა „გიჟმა გიორგამ“ მოიპარაო. ბევრი წლების მერე აღმოვაჩინე სკეითბორდი ბოსელში… კარგად გადამალული :/

პეკინში რომ ჩამოვედი ჩემი პირველი „ტრანსპორტიც“ შევიძინე. ვიჩეთის ჯგუფში განცხადება დადეს, რომ ველოსიპედს ყიდდნენ, მეც დაუყოვნებლივ დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ვყიდულობდი. არც კი დაველოდე მგონი ადგილზე მისვლას, ისე გადავურიცხე თანხა ვიჩეთის ონლაინ გადახდით (Wechat Pay). დამიბარეს ერთ-ერთ მეტროსთან ჩემი სახლიდან 6 გაჩერების მოშორებით. მეტროსთან შევხვდი მეპატრონეს, ველოსიპედი მოვსინჯე, ხელი ჩამოვართვი და წამოვედი.

მინდა გითხრათ, რომ აქამდე ველოსიპედი ქუჩაში არასოდეს მიტარებია, ბავშვობის შემდეგ. ტაქსით ვერ წავიყვანდი, არც ავტობუსით შემიმჩნევია ოდესმე მსგავსი რამ თუ დასაკეცი ველოსიპედი არ არის.

ერთი-ორჯერ ტროტუარზე მოვსინჯე და შემეშინდა, ამიტომ ხელი მოვკიდე და ისე წამოვედი, გამოვყევი პაიტუს ელექტრონული აპლიკაციის რუკას სახლამდე (Baidu Map). ბევრი ვიწვალე, დავიღალე, გავიარე რამდენიმე ავტომაგისტრალი, შემეშინდა, დამაღამდა, მაგრამ სახლამდე მივაღწიე. მერე ისე შევეჩვიე, მაღაზიაშიც ველოსიპედით მივდიოდი.

რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი სახლის მახლობლად გზაჯვარედინს ვკვეთავდი. ხელით ველოსიპედი მომყვადა. ჩემ გვერდით მოხუცი ბებო მოდიოდა: წელში მოხრილი, ჯოხით და ძალიან ნელა. შუქნიშანის გაწითლებამდე რამდენიმე წამი იყო დარჩენილი, ბებო თავისი სიჩქარით ვერ მოასწრებდა გადასვლას. ამ დროს შუქნიშანზე მოტოციკლეტიანი ბიჭი იდგა, დაქოქილი ძრავით. ბიჭმა არც აცია არც აცხელა, არც გამორთო მოტო და ბებიასთან მივიდა, რომ დახმარებოდა გადასვლაში. ვერც ეს ბიჭი ვერ ასწრებდა შუქნიშანს, ვხვდებოდი დიდი არეულობა ატყდებოდა, რადგან წინა ხაზში ეყენა მოტო. მივედი ბიჭთან და ვეუბნები „ნი წოუ, ვო პან“ ანუ თქვენ წადით და მე დავეხმარები-მეთქი, ვიგულისხმე.

ახლა ჩემი წვალება იწყება, ცალ ხელში ველოსიპედი მომყავს, ცალით ბებოს ვეხმარები გადასვლაში. ძალიან ვნერვიულობ. პეკინში გინდა წითელი იყოს, გინდა მწვანე თუ ხალხს მიყვები გადასასვლელზე აუცილებლად გადარჩები, თუ მარტო ხარ დიდი შანსია არ დაგინდონ. ჩვენ ორნი მარტო ვიყავით, მე ჩემი ახალი ველოსიპედით, ბებო ჯოხით.

სანამ შიში და პანიკა მიპყრობდა, მომიახლოვდა უცნობი ჩინელი გოგო, ხელი მოკიდა ბებოს და ასე მითხრა „ნი წოუ, ვო პან“-ო… ნეტავ იცოდეთ როგორ გამიხარდა, სიკეთის სამმაგი ჯაჭვი შეიქმნა…

იმ დღეს ბევრი ვისეირნე, უშიშრად!

[:]