[:ka]

გულწრფელი ვიქნები, ჩემი ბევრი მეგობრისგან განსხვავებით ჩინეთში მოგზაურობა არც ბავშვობის ოცნებად მქონდა და არც წლების მანძილზე აუხდენელ სიზმრად. ის, რომ ახლა ამ ყველაფერს ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქიდან, კერძოდ – სიამენიდან, ვწერ, ჩემს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების შედეგი უფროა, ვიდრე წლების მანძილზე მიზნისკენ სწრაფვა. თუმცა, როცა გადავწყვიტე, რომ შემდეგი წელი ჩინეთში უნდა გამეტარებინა, შევეცადე კიდეც, ამისთვის მიმეღწია. მგონი, გამომივიდა.

თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რა ეტაპები გავიარეთ ქართველმა სტუდენტებმა ჩინეთში მოსახვედრად. უფრო საინტერესო ისაა, რაც მას შემდეგ მოხდა. დაძაბული და საინტერესო ლოდინის რეჟიმის ამოწურვისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ დავდექი საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე:  უნდა ამერჩია ქალაქი, სადაც უახლოესი 1 წელი უნდა გამეტარებინა. რაც მეტ ადამიანს ვეკითხებოდი რჩევას, მით უფრო მირთულდებოდა საქმე. საბოლოოდ საქმე თავისუფალი უნივერსიტეტის შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკის ლექციაზე წაკითხულმა გამიადვილა. სიამენი –  ერთ-ერთი პირველი 4 სპეციალური ეკონომიკური ზონათაგანი. ადრე ამ ქალაქის სახელი ჩინეთის ყველაზე სუფთა (როგორც ჰაერით, ასევე ქუჩებით და ა.შ.) ქალაქების სიაში მქონდა ნანახი, მაშინვე ვკითხე იქ მყოფ ქართველ მეგობარს დეტალები, არც ვაციე – არც ვაცხელე და საბუთები სიამენის ორ უნივერსიტეტში გავაგზავნე, საიდანაც დადებითი პასუხიც მალევე მივიღე.  ახლა ჩინეთში გამგზავრება და ამ ქვეყნის ეკონომიკური სასწაულის საკუთარი თვალებით ხილვა მხოლოდ დროის საკითხი იყო. მოუთმენლობასა და დაუკმაყოფილებელ ცნობისმოყვარეობას ისიც ემატებოდა, რომ 1 წლით სასწავლად ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად მივემგზავრებოდი.

ლოდინის რეჟიმს აქაც რომ გადავახტეთ, გეტყვით, რომ პირველი შთაბეჭდილება თვითმფრინავიდან შემექმნა. ილუმინატორიდან დანახული ლურჯი ზღვა და პალმებით გარშემორტყმულ აეროპორტში დაშვება სხვა რისი, თუ არა დაუვიწყარი 1 წლის მომასწავებელი იყო.

უცნაური შეგრძნება იყო უცხო ქალაქში, უცხო ქვეყანაში გზის გაკვალვა. იმედს ის მაძლევდა, რომ გვერდით მეგობარი მედგა, მაგრამ აეროპორტიდან დაბნეული გამოსულები ორივე უსიტყვოდ ერთმანეთის იმედად ვიყავით, თითქოს. ამ დროს საქმე თავად ქალაქმა გაგვიადვილა. სისუფთავე, სითბო, პატივისცემის ნიშნად ქუჩაში მომღმარი ხალხი, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებდა.

ცოტას ქალაქზეც გეტყვით. ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ფუძიენის პროვინციაში მდებარეობს. შედგება 2 მთავარი კუნძულისგან. რომელთაგან მეორე – კულანიუს კუნძული ცალკე ხსენების ღირსია. 2 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია, რომელშიც საოცრადაა შერწყმულ ერთმანეთთან  ევროპული და ჩინური არქიტექტურა, მთა და ზღვა. ადგილი, სადაც აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებიც კი გარდა ელექტრო მოტოციკლეტებისა, მასზე მოხვედრა კი მხოლოდ ბორანითაა შესაძლებელი.  ადგილი, სადაც ხალხმრავალი ქალაქიდან 20 წუთი მგზავრობის შემდეგ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ სივრცე განმარტოვებისთვის სიმწვანეში, მთის ძირას, სადაც წყლის ტალღების ხმა კიდევ უფრო დაგამშვიდებთ რუტინული დღის შემდეგ.  რამდენიც არ უნდა აღვწერო ახლა, სულ უკმარისობის გრძობა დამრჩება, რომ ჩემი მოკრძალებული წერის უნარების გამო ისე ვერ დაგანახეთ, როგორიც სინამდვილეშია, ამიტომ აქ გაჩერდები და მთავარ კუნძულზე დავბრუნდეთ.

კუნძულის თითქმის ¼ ბოტანიკურ ბაღს უჭირავს. (მიუხედავად ამისა, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ 4 მილიონიან ქალაქში ყოველი ქუჩის ბოლოს პარკი ან მსგავსი რეკრეაციული ზონაა დასასვენებლად)  ალბათ, ჩემს საყვარელ ადგილს მთელს ქალაქში. სადაც შეგიძლიათ უამრავი განსხვავებული ჯიშის მცენარეების ხილვა მთელი ჩინეთიდან, რამდენიმე ტბის პირას სასიამოვნოდ დასვენება, ხეებში ჩაფლული ბუდისტური ტაძრების გადაწყდომა, მთის წვერზე ასულს ქალაქისთვის გადახედვა და მზის სხივების ქალაქის ხელოვნური განათებით ჩანაცვლების ხილვა. ფართობით იმდენად დიდია, რომ რამდენჯერმე მთელი დღე სიარულის შემდეგაც კი მგონია, რომ უამრავი რამ დამრჩა სანახავი.  ბოტანიკური ბაღიდან გამოსულზე კი სასიამოვნოდ დაღლილს ყოველთვის შეგიძლიათ ჩინეთის ქუჩების მშვენება – „ქუჩის საჭმელი“ დააგემოვნოთ, რომელიც ყოველ ჯერზე შორიდანვე მიგიზიდავთ არომატით.

ქალაქის ქუჩებში გადაადგილების რამდენიმე საშუალება არსებობს. ჩემი საყვარელი მაინც ველოსიპედია, რომელსაც საჯარო ტრანსპორტის სტატუსი აქვს მინიჭებული. ყოველთვის შეგიძლიათ ქუჩაში რამდენიმე წამში იპოვოთ თქვენთვის სასურველი ველოსიპედი და დანიშნულების ადგილამდე სასიამოვნო სიგრილეში, ხელსაყრელ ფასად და გაჯანსაღებული ორგანიზმით მიხვიდეთ. ტრანსპორტზე საუბრისას არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩინეთის რკინიგზა, რომელიც აქ ხელოვნების დონემდე ჰყავთ აყვანილი, რაც გადაადგილებას საოცრად ხელმისაწვდომს ხდის. განსაკუთრებით სწრაფი მატარებლებით, რომლებით სარგებლობაც სასიამოვნოთან ერთად მოსახერხებელიცაა.

ჩინეთს თითოეულ ქალაქში მოგზაურობისას მექმნება შთაბეჭდილება, რომ  თითქოს ყოველ ჯერზე თავიდან აღმოვაჩენ ხოლმე ჩინეთს, ვხედავ, თუ რამხელა სიმდიდრე აქვს ქვეყანას ბუნებისგან ბოძებული და რამხელა სიმდიდრე შექმნეს თავად. დარჩენილი ქალაქების სია, რომელთა მონახულებაც საქართველოში დაბრუნებამდე მინდა, საკმაოდ დიდია. დარჩენილი დრო კი – არც ისე ბევრი.  სიამენის რამდენიმე დღით დატოვებაც საკმარისია იმის შესამჩნევად, რომ ქალაქი მუდმივად იცვლება (უკეთესობისკენ). მუდმივად შენდება შენობები, გზები და, რაც ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა, აქ ეს არ ხდება ხეების და ბუნების განადგურების ხარჯზე. სიამენში აშენებულ შენობებზე მეტად (რომლებიც თვალსა და ხელს შუა იზრდება), თვალში დარგული პალმები მხვდება.

ქალაქის ყოველდღიურად ზრდასთან ერთად ვიზრდები მეც. ვსწავლობ ბევრს. იმაზე მეტს, ვიდრე წარმომედგინა. ვსწავლობ სხვისი კულტურის პატივისცემას, სირთულეებთან გამკლავებას, ერთი შეხედვით უცხო გარემოსთან ადაპტაციას და, რა თქმა უნდა, ჩინურ ენას, რომლის დონის გაუმჯობესებაც იყო აქ ჩამოსვლის თავდაპირველი მიზეზი. ვსწავლობ უცხოელი მეგობრებისგან, ჩინელი მეგობრებისგან, რომლებიც თითქმის ყველა გაკვეთილზე ჩვენთან ერთად არიან და გვეხმარებიან, ვუზიარებთ ერთმანეთს კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და ერთად ვაცნობიერებთ, რომ სამყარო იმაზე უფრო დიდი და მრავალფეროვანია, ვიდრე ერთმანეთთან საუბრამდე გვეგონა.

დასაწყისში გითხარით, ჩინეთში მოგზაურობა მიზნად წლების წინ, არასოდეს მქონია მეთქი და არც სიზმრებში მინახავს, მაგრამ არ ღირს იმის უარყოფა, რომ ამ ქვეყანამ შემცვალა. უკვე იმასაც ვგრძნობ, რომ საქართველოში დაბრუნებული ვიტყვი: მე ვხედავ სიზმრებს არა „ძველებურს“.  ბევრჯერ ვნახავ ღამით მძინარე ჩინეთს, აქ გატარებულ წუთებს,  შეძენილ უძვირფასეს მეგობრებს.

ახლა კი, უმჯობესია, აქ გავჩერდე, რადგან ჩინეთში უკვე საკმაოდ გვიანია, ხვალ კი დილის ლექცია მაქვს, სადაც ჩინელი სტუდენტი მელოდება, რომელსაც ჩემი დროულად ვერ გაღვიძების შემთხვევაში არ მინდა მარტოს მოუწიოს ჯდომა. თანაც, იქნებ დღესაა ახლებური სიზმრების ხილვის ღამე.

[:]