ნიენკაოს[1] სულ მცირე ათასწლიანი ისტორია აქვს, ჯერ კიდევ ლიაოს დინასტიის[2] პერიოდის პეკინში, ახალი წლის პირველ თვეს ამ კერძით გამასპინძლება ფართოდ გავრცელებულ ტრადიციას წარმოადგენდა. თუმცა სანამ ნიენკაო გაზაფხულის ფესტივალს[3] დაუკავშირდებოდა და თანამედროვე სახით წარმოგვიდგებოდა, ბრინჯის ნამცხვრის მომზადების პირველი ისტორია გაცილებით ადრეულ ლეგენდას უკავშირდება.
გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში[4], როდესაც მოსახლეობა ომიანობისა და გაჭირვებისგან იტანჯებოდა, უს სამეფოში[5], ხელმწიფის ბრძანებით დედაქალაქ სუჭოუს დასაცავად დიდი კედლები აიგო. სამეფოში გავლენიანმა გენერალმა და პოლიტიკოსმა, უ წისიუმ, ხალხს დაუბარა, რომ იმ შემთხვევაში თუ მტერი ციხე-ქალაქს ალყას შემოარტყამდა და გაუსაძლის სიდუხჭირეს გამოიწვევდა, კედლის ძირში ორმო ამოეთხარათ. მართლაც, გენერალ უ წისიუს გარდაცვალებიდან მრავალი წლის მერე, ალყის გამო შიმშილობით გატანჯულმა ხალხმა გაიხსენა მისი სიტყვები, გათხარეს ორმო და აღმოაჩინეს რომ მიწის ქვეშ, კედლები ბრინჯის აგურებით იყო აშენებული. ეს აგურები მიიჩნევა პირველ ნიენკაოდ, რომლებმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.
ნიენკაო ტრადიციული ჩინური კერძია, რომელიც სეზონური, საახალწლო სუფრის განუყოფელი კომპონენტია. ნიენკაო არის ორთქლზე მომზადებული ბრინჯის ფქვილი ან წებოვანი ბრინჯი, ასეთი წესით მისი მომზადება კერძს სიბლანტეს სძენს. გაზაფხულის ფესტივალზე, ჩინეთის სამხრეთ რეგიონებში პირველი თვის დასაწყისში ხალხი დიდი ხალისით შეექცევა ნიენკაოს. ნიენკაო შეიძლება სამი ფერის შეგხვდეთ: წითელი, ოქროსფერი ან თეთრი, ამიტომ ეს კერძი წარმოადგენს ოქროულობის ან ვერცხლელულის სიმბოლოს. მას ჩინელები ზოგჯერ „ნიენ ნიენ კაოს“ ეძახიან, რათა ერთმანეთს წარმატება უსურვონ, რადგან თუ ამ ფრაზას იგივე ჟღერადობას დავუტოვებთ თუმცა ბოლო იეროგლიფს მისივე ომონიმით[6] ჩავანაცვლებთ, მისი მნიშვნელობა იცვლება და იგი გამოხატავს წლიდან წლამდე წინსვლისა და ბედნიერების მოლოდინს.
[1] 年糕 – ბრინჯის ნამცხვარი , საახალწლო სუფრის კერძი
[2] ჩინეთის ისტორიული პერიოდი 907-1125 წლებში
[3] ჩინური დღესასწაული, რომლის დროსაც მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წლის დასაწყისი აღინიშნება
[4] ანტიკური ჩინეთის ისტორიული პერიოდი , ძვ.წ 722–481 წლებში
[5] სამეფო ანტიკურ ჩინეთში
[6] იდენტური ჟღერადობის , თუმცა განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვა/იეროგლიფი , ამ შემთხვევაში 高 (კაო, მაღალი) და 糕(კაო, ნამცხვარი, ტკბილეული)