ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, 15 ივნისს, გაზეთში „კუოძი შანგპაო“ საქართველოში ჩინეთის ელჩის – ჭოუ ციენის საავტორო სტატია გამოქვეყნდა. სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
„ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“ საქართველოში ჩინეთის ელჩი – ჭოუ ციენი.
წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება. მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, ერთმანეთს ენდობიან და კეთილსინდისიერად თანამშრომლობენ, ერთმანეთს პატივს სცემენ, ეხმარებიან, ერთად ვითარდებიან, ხელს უწყობენ „სარტყლისა და გზის“ და სხვა მიმართულებით საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას; ვაჭრობის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში თანამშრომლობას მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.
– პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად იზრდება.
1992 წლის 9 ივნისს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მას შემდეგ, ორივე ქვეყანა მუდამ იცავს თანასწორობის, ურთიერთნდობის, გულწრფელი თანამშრომლობის და ერთობლივი განვითარების პრინციპს; ჩინეთი და საქართველო ერთად იცავენ საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს; პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ძირითად ინტერესებს. ერთად მისდევენ ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომლის ბირთვსაც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია წარმოადგენს; ხელს უწყობენ ინოვაციებს, საერთო შეხების ფაქტორების მოძებნას, მწვანე და დაბალნახშირბადიან ეკონომიკას, დაბალანსებულ განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების გაფართოებას, რეგიონულ განვითარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ეკონომიკური გლობალიზაციით მიღებული შედეგების ურთიერთგაზიარებას. საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. ჩინეთი და საქართველო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და სავაჭრო ზონების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში საქმიან თანამშრომლობას აქტიურად ახორციელებენ; ცდილობენ პოლიტიკური კოორდინაციის, ინფრასტრუქტურული კავშირების, თავისუფალი ვაჭრობის, ფინანსური ინტეგრაციის და ხალხთაშორისი კავშირების რეალიზებას. ამ მხრივ, ორმა ქვეყანამ არაერთ წარმატებას მიაღწია. შეიქმნა ურთიერთსარგებლიანი განვითარების მოდელი. ორ მხარეს შორის პოლიტიკური ნდობა დღითიდღე იზრდება. ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან.
– ორმხრივი ვაჭრობა სწრაფად ვითარდება.
ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. მრავალი წელია, სავაჭრო ბრუნვა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს. სტატისტიკური მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 1992 წელს სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 1.48 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 400-ჯერ გაიზარდა. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა დაამყარა. ამით, ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში ახალი პერიოდი დაიწყო. ორმხრივი ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ რეგიონის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა, საერთო ტენდენციის საწინააღმდეგოდ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ, პირიქით, კიდევ უფრო მოიმატა. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის ეკონომიკის აღდგენაში და ქართული მხარის კმაყოფილება გამოიწვია. 2021 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა წინა წელთან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა და 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი 29%-ით გაიზარდა და 616 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 22%-ით გაიზარდა და 865 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა. ორმხრივი ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში 10.3%-ია. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა, ჩინეთში ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.5%-ია. ჩინეთი საქართველოს საიმპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილზეა, ჩინეთიდან იმპორტის წილი მთლიანი მოცულობის 8.6%-ს შეადგენს.
– თანამშრომლობა უწყვეტად ღრმავდება.
საქართველო, ევროპისა და აზიის გასაყარზე, სტრატეგიულად მნიშველოვან ადგილას მდებარეობს. იგი უძველესი კულტურის და თვალწარმტაცი ბუნების მქონე ქვეყანაა. საქართველო ცნობილია, როგორც „ღვთის ბაღნარი“ და „ღვინის სამშობლო“. ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მაღალი დონის ეკონომიკური თავისუფლება და კარგი საინვესტიციო პირობებია. ბოლო წლებში, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, უცხოური კაპიტალის გამოყენებით აქტიურად უწყობს ხელს პორტების, ჩქაროსნული მაგისტრალების, რკინიგზის, ელექტროსადგურების, წყალმომარაგების და სადრენაჟე სისტემების და მისთ. მშენებლობას. „გარეთ გასვლის“ სტრატეგიის ფარგლებში, ჩინური კომპანიები საქართველოს შედარებით ღია და სამართლიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, აქტიურად მონაწილეობენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინვესტიციებს დებენ ინდუსტრიული პარკების, ჰიდროელექტროსადგურების და მისთ. მშენებლობაში, აქტიურ როლს თამაშობენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; მათი აქტიურობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამავდროულად, ჩემი ქვეყნის შესაბამისი მაღალხარისხოვანი აღჭურვილობა, სპეციალური ტექნოლოგია, მენეჯმენტის გამოცდილება ქართულ ბაზარზე ფეხს იკიდებს და დიდი ნდობით სარგებლობს. ჩინეთი და საქართველო განაგრძობენ საქმიან თანამშრომლობას, მრავალმხრივი და ორმხრივი შესაძლებლობების გამოყენებას, ერთმანეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, ფორუმებზე, გამოფენებზე, სემინარებზე დასწრებას; საქართველოს მთავრობა, ორგანიზაციები, ბიზნესასოციაციები და მათი წევრი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოში, კუანგჭოუს ბაზრობაში, ჩინეთის საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაში, ცენტრალური ჩინეთის ექსპოსა და სხვა ღონისძიებებში, ჩინეთის შესაბამის ასოციაციებთან და კომპანიებთან ამყარებენ კონტაქტებსა და საქმიან თანამშრომლობას, სარგებლობენ ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის დადებითი მხარეებით და მსოფლიო ბიზნეს შესაძლებლობებით.
სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის არსებულ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში პრაგმატული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ფართო პერსპექტივას აჩენს. ორმხრივ სავაჭრო თანამშრომლობაში განვითარების ახალი პერიოდი იწყება. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას. იმედია, საქართველო დამაკავშირებელი ხიდის როლს ითამაშებს და დაეხმარება ჩინურ კომპანიებს დსთ-ის, აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ბაზრებზე გასასვლელად, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ბაზრებსა და მოსახლეობას.
წყარო: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში