[:ka]

პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი დიდ და დაუვიწყარ თავგადასავალზე… სადმე შორს სახლიდან. წარმოვიდგენდი ადგილს, სადაც ყველა და ყველაფერი უცხო, ახალი და საინტერესო იქნებოდა; ადგილს, სადაც ჩემი სახელი არავის ეცოდინებოდა და ჩემზე გაგონილიც არაფერი ექნებოდათ; ადგილს, სადაც ახლიდან უნდა დამემკვიდრებინა თავი და საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა. ვოცნებობდი ჩინეთის დიდ კედელზე გავლაზე, ტროპიკულ ტყეებში სეირნობაზე, ტერაკოტას ჯარისკაცების ხილვაზე… იმ ადგილების გამოკვლევაზე, სადაც ოდესღაც, საუკუნეების წინ, ძლევამოსილი იმპერატორები დააბიჯებდნენ და დრაკონები დაფრინავდნენ…

პატარა თიკო ოცნებობდა, ხოლო მე, 21 წლის ასაკში, ამ ოცნებაში ვცხოვრობ.

დღეს ჩინეთში ვარ, ქალაქ ხანგჭოუში, რომელსაც ჩინელები სამოთხეს უწოდებენ დედამიწაზე, ვსწავლობ ჭეძიანგის უნივერსიტეტში, რომელიც „აღმოსავლეთის კემბრიჯის“ სახელითაა ცნობილი.  პირველად რომ ჩამოვედი, მახსოვს ვიძახდი, ყველგან იეროგლიფები რომ არ ეწეროს და ჩინელები რომ არ დადიოდნენ, თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში მეგონებოდა მეთქი. ყველაფერი სუფთა, ახალი და მოდერნიზებულია, მაგრამ ამავდროულად ძველი, ხელუხლებელი და მწვანე… საოცარი

კონტრასტია ქალაქსა და ველურ ბუნებას შორის. ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის მეშვეობით, მგონი, აქ საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში მოვხვდი.

ხანგჭოუს გული არის სიხუ, ანუ დასავლეთის ტბა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ჩემს კამპუსთან ძალიან ახლოსაა. ამ ტბაზე რომანტიული ცხოვრებაში არაფერი მინახავს. მის ნაპირებზე ხეტიალისას თითქოს დროში მოგზაურობ და ძალიან ადვილად წარმოიდგენ, თუ როგორ სეირნობდნენ ამავე ტერასებზე მეწამულ კაბებში გამოწყობილი ჩინელი თავადის ქალები, ხელში ფერად-ფერადი ჩინური ქაღალდის ქოლგებით, რათა სახეზე მზე არ მოხვედროდათ და კანის ფაიფურისებრად თეთრი შეფერილობა არ შეცვლოდათ. სიხუს უზარმაზარი ტეროტორია უკავია, უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად გეტყვით, რომ ის დაახლოებით თბილისის ზღვის ხელა იქნება.  ტბაში კუნძულებია, რომელთა ცენტრშიც ცალკე პატარა ტბებია. მის გარშემო სიმშვიდე და სიმწვანეა, ტბაზე ნავები დაცურავენ, ხეებზე ციყვები დახტიან… გარშემო მოხუცი ჩინელები ვარჯიშობენ, შეყვარებული წყვილები დადიან, ან ჩემსავით, გზააბნეული ტურისტები დახეტიალობენ.

ჩინეთში რაღაც საოცარი თავისუფლება გაქვს. მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს, ან წიგნებში თუ წამიკითხავს, ხალხი ერთ დღეს რომ გაიღვიძებს და გადაწყვეტს სადღაც, ძალიან შორს, სამოგზაუროდ წასვლას, იმავე დღესვე იყიდის ბილეთებს და წავა. აქ ეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. პარასკევს დილას გადაწყვიტე რომ საღამოს შანხაიში გინდა მეგობრებთან ერთად კლუბში წასვლა? არანაირი დაბრკოლება. 2 დღით ადრე მოგინდა 950 კმ-ის დაშორებაზე მდებარე სამხრეთის ულამაზეს ქალაქ, სამენში, ქართველი მეგობრების სანახავად წასვლა? იმ ღამესვე შეგიძლია ონლაინ იყიდო მატარებლის ბილეთები. შაბათ-კვირას გინდა მოგზაურობა? მთელი ჩინეთის რუკა შენია. დღესდღეობით ჩინეთის 12 ქალაქში ვარ ნამყოფი და საქართველოში დაბრუნებამდე ამ რიცხვის გაზრდის იმედი მაქვს.

ჩინეთი წარმოუდგენლად დიდი და მრავალფეროვანია. ზამთარში ჩინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ქალაქ ხარპინში, -20 გრადუსში (თუ გაგიმართლა, თუ არადა უფრო ნაკლებში) შეგიძლია ყინულის ფესტივალს დაესწრო და ციმბირული ვეფხვები ნახო (ვეფხვები არა გალიაში, არამედ გაშლილ ტერიტორიაზე არიან განთავსებულნი, დამთვალიერებელი შიგნით დაცული ავტობუსით შედის, ანუ ვეფხვებს საკუთარ ბუნებრივ გარემოში ხედავ). ქალაქი თოვლის საბურველშია გახვეული და ზუსტად ისეთია, როგორსაც ჩემს წარმოსახვაში ციმბირს ვხედავ. ამ ქალაქში მოგზაურობისას მივხვდი, რატომ გვირჩევდნენ ჩრდილოეთში წასვლას სასწავლებლად… ისეთი გამართული ლიტერატურული ჩინურით საუბრობდა ყველა, რომ მათი მოსმენა ერთი სიამოვნება იყო!

ხარპინის სიცივეს მეორე დღესვე შეგიძლია თავი დააღწიო და სამხრეთში გადახვიდე, სადაც თბილი სამოსი არაფრად გჭირდება, რადგან მხოლოდ საღამოობით თუ გრილდება, საზარელ 15-20 გრადუსამდე ეცემა ტემპერატურა… შუა ზამთარში… სამხრეთ ჩინეთი მარად მწვანეა. იქ ზამთარს ვერ იგრძნობ, არც 2 ჯემპრი გაცვია და არც უზარმაზარი დუტის ქურთუკი, რომლის გარეშეც, ალბათ, ზამთარს მე ვერ გადავიტანდი. ჩემი ქალაქი ითვლება, რომ სამხრეთში მდებარეობს, მაგრამ ზამთარი მაინც საკმაოდ ცივი აქვს… საინტერესო ისაა, რომ სიცივის მიუხედავად ქალაქი მაინც მწვანე იყო! ხეების დიდ ნაწილს ფოთოლი ჰქონდა შენარჩუნებული, ხოლო ქუჩებს ყვავილები ამშვენებდა.

ჩინურ ახალ წელს გაზაფხულის ფესტივალს უწოდებენ. ეს დასახელება ყოველთვის მაკვირვებდა, რადგან ჩინელები ახალ წელს შუა ზამთარში აღნიშნავენ. ჩინეთში ყოფნისას მივხვდი, რომ სახელი იდეალურადაა შერჩეული… წელს გაზაფხულის ფესტივალი იანვრის ბოლოს აღინიშნა და 2 დღე არ იყო გასულა, რომ ხეებმა ყვავილობა დაიწყეს! პატარა, სიფრიფანა, ვარდისფერი ყვავილებით გაფერადდა მთელი ქალაქი! მზიან ამინდში საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ თებერვალი იყო…

შანხაიდან, ჩქარი მატარებლით, 50 წუთი გვაშორებს. 50 წუთი და მხოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მოდერნიზებულ ქალაქში ხვდები… შანხაიში ხეტიალისას ხვდები, რომ უზარმაზა მეტროპოლისში ხარ, რომელიც თითქოს უკიდეგანოა. დღის საათებში ის ნიუ-იორკივით ხმაურიანი და საქმიანია. ყველა სადღაც მირბის, ყველას სადღაც ეჩქარება… მაგრამ ღამე ის ცეცხლივით ინთება და თითქოს სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. დაახლოებით 6-ჯერ ვარ უკვე ნამყოფი და მახსოვს, ბოლოს უკან რომ ვბრუნდებოდი, ვწუწუნებდი, ოდესმე ამას თუ ვიტყოდი არ მეგონა, მაგრამ შანხაიში ჩასვლა აღარ მინდათქო. თუმცა, მაგ სიტყვების შემდეგ ზუსტად 3 დღეში ისევ ჩავედი, რათა ჩემი ნანატრი ტაილანდის ვიზა გამომეტანა.

ყველა ქალაქი უნიკალური და მიმზიდველია, ყველას თავისებური შარმი აქვს, თუმცა ჩემი მოგზაურობებისას ერთადერთზე ვთქვი, ხანჭოუში რომ არა აქ წამოვიდოდი მეთქი. ეს ქალაქი სიანი იყო. მან თავი შემაყვარა… ზოგჯერ ხანჭოუში სიარულისას მავიწყდება, რომ ჩინეთში ვარ, იმდენად ევროპულად გამოიყურება, ისეთი მშვიდია… მაგრამ სიანში სიცოცხლე ჩქეფდა! ყველგან ხალხი იყო,  პატარა სასადილოებიდან საოცარი სურნელი გამოდიოდა, ქუჩაში ათასგვარი საჭმელი იყიდებოდა, ტრადიციული ტაძრები თავბრუდამხვევად ლამაზად გამოიყურებოდა, ხოლო ქალაქის დიდი გალავანი დროში გამოგზაურებდა!  გალავანზე ვიდექი და წარმოვიდგენდი ამ უზარმარ კედლებს მტერი როგორ უტევდა, მის კედლებზე სამხედროები როგორ იბრძოდნენ და  როგორ გასცემდა განკარგულებებს მოსასხამიან მძიმე  აბჯარში გამოწყობილი გენერალი… მაგრამ ნამდვილ უკვდავებას ამ გალავნიდან ცოტა შორს, ჩინეთის პირველი იმპერატორის საფლავზე, გრძნობ. ტერაკოტას ჯარისკაცები, საუკუნეების შემდეგ, დღემდე ოთხივე მხრიდან იცავენ იმპერატორს…

აქედან საზღვრებს გარეთ გასვლაც ადვილია. პატარა თიკოს ვერასდროს წარმოედგინა, რომ ერთ დღეს ტაილანდში მოხვდებოდა, ბანკოკის ქუჩებში ივლიდა, ზღაპრულ სასახლეებს და ტაძრებს დაათვალიერებდა და არც მეტი არც ნაკლები სპილოზე დაჯდებოდა! თავი ჰოლივუდის ფილმში მეგონა!

შორეული აღმოსავლეთის კულტურა ჩვენგან იმდენად განსხვავდება, რომ აქ ყველაფერი ზღაპრულად გეჩვენება. ყველა ერს და ქვეყანას აქვს რაღაც, რაც სხვისთვის მიუღებელია, მაგრამ მთავარია დადებითმა გადაწონოს უარყოფითი. ჩინეთი ჩემთვის ყოველთვის დადებითთან იქნება ასოცირებული, რადგან ეს არის ადგილი, სადაც თვალებს რომ ვხუჭავ და წამით ვჩერდები, ვხვდები, რომ მე დღეს ჩემი ცხოვრებით ბედნიერი ვარ, რომ მე დღეს ბავშვობის ოცნებებს ვიხდენ, შორეულ მიწებზე ვმოგზაურობ, საოცარ ბუნებას ვუყურებ, ადამიანის ხელით აშენებულ ძველ, თუ ახალ სასწაულებს საკუთარი თვალით ვხედავ და ხელით ვეხები… ეს წელი სავსეა აქამდე უცხო ემოციებით, აღტაცებით, სიხარულით… ზოგჯერ პატარა სევდით და მონატრებითაც, რადგან სახლს მაინც ვერაფერი ჩაგინაცვლებს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩემი 21 წლის არსებობის განმავლობაში, ეს წელი ჩემთვის, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა აქამდე განვლილთა შორის.

[:]