ახალი წლის ოჯახური ვახშამი[1], რომელსაც გამაერთიანებელ ვახშამს უწოდებენ, მოიაზრებს მთვარის კალენდრის ბოლო საღამოს, როდესაც ახალი წლის შესახვედრად ყველა სახლში ბრუნდება. ერთი მაგიდის ირგვლივ სხდებიან სხვადასხვა კუთხიდან შემოკრებილი ოჯახის წევრები და ახლობლები, მიირთმევენ ტრადიციულ გემრიელ კერძებს, საუბრობენ ბევრს და ერთმანეთს უფრო ბედნიერი და წარმატებული წლის დადგომას უსურვებენ. ჩინელებისთვის ეს ვახშამი ოჯახის გაერთიანებასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად წარმოადგენს წლის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს.

ოჯახის გამაერთიანებელი ვახშმის შესახებ ბევრი საინტერესო თქმულება არსებობს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

უხსოვარ დროში ერთ მძვინარე მხეცს უღრან ტყეში დაედო ბინა, ხალხი მას ნიენს[2] უწოდებდა. იყო ველური, ჰქონდა სასტიკი, საზარელი გარეგნობა; ემტერებოდა და ჭამდა ყველაფერს, რაც კი შემოხვდებოდა, ბაღლინჯოებიდან დაწყებული ცოცხალი ადამიანებით დამთავრებული. ხალხი მისი სახელის გაგონებაზეც კი შიშით კრთოდა.  მათ მოიფიქრეს, რომ აუცილებელი იყო გამოეთვალათ, რა სიხშირითა და კანონზომიერებით აწიოკებდა სოფელს ნიენი. აღმოაჩინეს, რომ ყოველ 365 დღეში ერთხელ, ის რეგულარულად მოდიოდა ადამიანთა საცხოვრებლებთან მათ შესაჭმელად, ძირითადად ჩნდებოდა მზის ჩასვლისას და მხოლოდ მამლის ყივილის შემდეგ ბრუნდებოდა ტყეში.

მას შემდეგ, რაც გამოთვალეს ნიენის სტუმრობის ზუსტი დრო და კანონზომეირება, ხალხმა მიიჩნია, რომ ეს ღამე წარმოადგენდა ტანჯვასთან გზაგასაყარს, ჩინურად ეწოდება „ნიენ კუან“[3]. მათ დაამკვიდრეს მთელი რიგი წეს-ჩვეულებები იმისათვის, რომ უფრო მედგრად შეხვედროდნენ ტყიდან მოვლენილ საფრთხეს.

  

ყოველი ოჯახი ვახშამს ადრიანად გაამზადებდა ხოლმე, აქრობდნენ ცეცხლს, ასუფთავებდნენ ირგვლივ ყოველივეს, კეტავდნენ ქათმებისა და ხარების ბაკებს, ლუქავდნენ სახლის წინა და უკანა კარებს. გამზადებული ჰქონდათ ახალი წლის შესახვედრი ვახშამი სახლში. რადგან ხალხმა არ იცოდა, რა იქნებოდა ამ ვახშმის შემდეგ, გადაურჩებოდნენ თუ არა ამ დღეს დატეხილ საფრთხეს, ცდილობდნენ, არაფერი დაეშურებინათ სუფრისათვის, გაემზადებინათ მდიდრული და განსაკუთრებით დიდებული ვახშამი. ვახშმამდე პატივს მიაგებდნენ წინაპრებს,

მადლობას უხდიდნენ დალოცვისა და ამ საშინელი დღის გადატანაში დახმარებისთვის. ამის შემდეგ კი ყველა ერთად შეკრებილები მიუსხდებოდნენ მაგიდას და ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად. ვახშმის შემდეგ დაძინებას ვერავინ ბედავდა, ამხნევებდნენ და ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ასე ჩამოყალიბდა ახალი წლის შეხვედრისა და გათენების ტრადიცია.

ბევრი პოემა და სტატია ჰყვებოდა ამ ისტორიას ძველ დროში. ხალხი ანთებდა სანთლებსადა ზეთის სანათებს, რაც იყო სიმბოლო იმისა, რომ სინათლეს შეეძლო განედევნა ყველა ბოროტება, ჭირი და დაავადება, მოეტანა კარგი ბედ-იღბალი და წარმატება ახალი წლისათვის. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია.

[1] 年夜饭 – ჩინური ახალი წლის საღამოს ოჯახის გაერთიანების ვახშამი.

[2] 年 – იეროგლიფი აღნიშნავს წელს. ტექსტში გვხვდება მითიური ცხოველის სახელწოდებად.

[3] 年关 – წლის ბოლო.