[:ka]
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პანდა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხოველია. თავისი უწყინარი ბუნებისა და ბეწვის უცნაური შეფერილობით დათვისებრთა ოჯახის ეს არც თუ ისე პატარა წარმომადგენელი ყველა მნახველზე ტოვებს ერთ შთაბეჭდილებას- საყვარელი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში პანდამ იმდენად დიდი მნიშვნელობა და ცნობადობა შეიძინა საერთაშორისო მასშტაბით, რომ ჩინეთის ხსენებაზე დიდ კედელთან და ჯეკი ჩანთან ერთად სწორედ ეს ფუმფულა ცხოველი გვახსენდება. ქვემოთ ვისაუბრებთ პანდას ისტორიაზე, მის თანამედროვე მდგომარეობასა და მნიშნელობაზე.
როგორც აღვნიშნეთ, პანდა მიეკუთვნება დათვისებრთა ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ის ხორცისებრთა ცხოველების კლასშია, პანდა კვების რაციონის 99%-ს ბამბუკი შეადგენს. თუმცა, საინტერესოა, რომ მისი მომნელებელი სისტემა მაინც ხორცის მჭამელურ სისტემაზეა დაფუძნებული. ამიტომაც ბამბუკის ჭამა მათ ძალიან მცირე ენერგიას აძლევს. მისი დიდი მრგვალი სახეც სწორედ ვეგეტარიანული დიეტის მიერ გამოწვეული ევოლუციის შედეგია. იშვიათად ჭამს ხორცს, ძირითადად ფრინველებისას. არ გამოირჩევა აგრესიულობით და ადამიანებს თავს არ ესხმის.
საშუალოდ პანდა დღეში 9-14 კილო ბამბუკს ჭამს, რადგან ბამბუკი მათ მცირე ენერგიას აძლევს.
პანდა უძველეს ჩინურ წყაროებშიც მოიხსენიება, მაგრამ არა თანამედროვე ჩინური სახელწოდებით. ის ითვლებოდა ძვირფას და წარჩინებული რიგის ცხოველად. ჯერ კიდევ ხანის დინასტიის ( ძვ.წ. 202- ახ.წ. 220 ) იმპერატორი უ ტი ( ძვ.წ. 140-87 ) თავის სანადირო ნაკრძალებში ასახლებდა პანდებს. ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად პანდას სხეულის ნაწილებისაგან წამლების დამზადება შეიძლება. რიგ შემთხვევებში მას იყენებდნენ, როგორც დიპლომატიურ საჩუქრებს სამეფოებს შორის.
სიჩუანის პროვინცია პანდების სამშობლოა
დღესდღეობით ბუნებრივ გარემოში პანდა ძირითადად განსახლებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში- სიჩუანის პროვინციაში, მცირე რაოდენობით ასევე არის მეზობელ პროვინციებში- კანსუსა და შაანსიში. თუმცა, უძველეს დროში მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელი იყო და ლამის მთელ სამხრეთ ჩინეთსა და რიგ ჩრდილოურ პროვინციებშიც გვხვდებოდნენ. რამ გამოიწვია მათი განსახლების არეალის და შესაბამისად რაოდენობის კატასტროფული კლება? მთავარი მიზეზი ადამიანია. პანდას იყენებდნენ წამლების დასამზადებლად, ნადირობდნენ მასზე. ტყეების ჭრამ მათი საცხოვრებელი ჰაბიტატი შეამცირა, ადგილობრივი მოსახლეობა თბილი და რბილი ბეწვის მისაღებად კლავდა მათ, გვალვიანობისა და შიმშილობის პერიოდში გაჭირვებული ხალხი, სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, პანდებზე ნადირობდა. პანდაზე ნადირობა განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში გახშირდა.
ბრაკონიერებიდან ჩამორთმეული პანდას ტყავი
საინტერესო ფაქტია, რომ პირველი დასავლელი, ვინც პანდა მოკლა ( 1916 ) იყო ამერიკის პრეზიდენტ თეოდოზ რუზველტის უფროსი ვაჟი- უმცროსი თეოდორ რუზველტი. ამ პერიოდშივე დაიწყო პანდების ჩინეთიდან გაყვანა. ამ ყველაფერმა მათი რიცხვის კატასტროფული კლება გამოიწვია. 1946 წელს ჩინეთის მთავრობამ აკრძალა პანდას ქვეყნიდან გაყვანა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგაც გააგრძელეს ეს აკრძალვა. განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების შედეგად პანდების რიცხვმა იმატა და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სიაში აღარ შედიან. დღესდღეობით ჩინეთში ბუნებრივ გარემოში 2 000-ზე მეტი პანდა ცხოვრობს, საერთოდ ზოპარკებში კი 400-მდე.
მიუხედავად იმისა, რომ პანდა ძველ ჩინეთშიც ასე თუ ისე დაფასებული ცხოველი იყო, მისი „კარიერული აღმავლობა“ და ჩინეთის სიმბოლოდ ქცევა მე-20 საუკუნეში მოხდა. ის იმდენად ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მთავრობამ დაიწყო „პანდების დიპლომატიის“ გამოყენება- პანდების გადაცემა საჩუქრად სხვა სახელმწიფოსადმი კეთილგანწყობის გამოხატვის ნიშნად. ეს პრაქტიკა ადრეც არსებობდა. კერძოდ იმპერატორმა უ წეთიენმა ( 624-705 ) იაპონიის იმპერატორს ორი პანდა აჩუქა. თუმცა, ადრე ასეთი მაგალითები ძალიან მცირე იყო. 1958-1982 წლებს შორის პერიოდში კი ჩინეთმა 23 პანდა გადასცა მეგობარ სახელმწიფოებს. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. 1972 წელს, აშშ-ს პრეზიდენტის- რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი ჩინეთში ძალიან დიდი მოვლენა იყო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების დამყარების საზეიმოდ ნიქსონს 2 პანდა აჩუქა. ამერიკაში ჩაყვანილი პანდების სანახავად პირველივე დღეს 20 000 ადამიანი მივიდა. იმ წელს საერთო ჯამში კი მილიონზე მეტი. პანდებს იმდენად დიდ პატივს სცემენ, რომ მისი ქვეყნიდან გაყვანა ხდება პანდების „პირადი“ თვითმფრინავით, რომელშიც მხოლოდ პილოტი, პანდა და მისი მომვლელები არიან.
დღესდღეობით პანდების რაოდენობა მატებას განაგრძობს. მსოფლიოს რიგი ქალაქების ზოოპარკში შესაძლებელია მათი ნახვა. თუმცა, მაინც გირჩევდით, თუ გსურთ ამ საოცარი არსების ყურებით ტკბობა ესტუმროთ ჩინეთს, სიჩუანის პროვინციას, სადაც შეგეძლებათ „დიდი დათვისებრი კატას“[1] ნახვა ბუნებრივ გარემოში.
[1] ჩინურად პანდას ეწოდება 大熊猫, რაც პირდაპირი თარგმანით „დიდ დათვისებრ კატას“ ნიშნავს.
[:]