2020 წლის 13 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერთი სარტყელი ერთი გზა საქართველოს ბიზნეს სახლი” ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჩინეთის მხარდამჭერი სიმბოლური საქველმოქმედო აქციის ,,გამოხატე შენი მხარდაჭერა ჩინეთისადმი, გაიღე პირბადე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ქალაქ ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა წუო ხუნგპომ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, სინოლოგმა, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ჯიბლაძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ჩინელმა დირექტორმა, სუ კუოინგმა და სხვა ორგანიზატორებმა.
,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას მჭიდრო კავშირი აქვს ჩინელ კოლეგებთან და ეს მხოლოდ დისტანციური ურთიერთობებით არ შემოიფარგლება, ჩვენ ჩინეთში ოფიციალური წარმომადგენლობა გვაქვს. ძალიან განვიცდით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. რამდენიმე დღეში აშენებული საავადმყოფოები, ეს მხოლოდ ისეთ ძლიერ და ორგანიზებულ ხალხს შეუძლია, როგორებიც ჩინელები არიან, ამიტომ ღრმად ვართ დარწმუნებულები რომ ჩინეთი ამ მძიმე მდგომარეობას მალე გადალახვს“ – განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ.
,,დიდი მადლობა ამ აქციის სულისჩამდგმელს ბექარ მიქაბერიძეს, რომელიც ამჟამად ჩინეთში იმყოფება ჩინელი ხალხის გვერდით და იქ ყოფნით უცხადებს მათ თანადგომას და გამოხატავს მათდამი სიყვარულს. ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით მინდა გამოვხატო ჩინელი ხალხისადმი სოლიდარობა, სიყვარული და გვერდში დგომა. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩინეთი აღნიშნულ პრობლემას გაუმკლავდება და მალე დაამარცხებს ეპიდემიას“ – განაცხადა ღონისძიებაზე მყოფმა ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა.
ღონისძიებაზე მისულმა ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ქართველ ერს სოლიდარობისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს. ,,ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს დღეს ამ ღონისძიებაზე დასწრება. „ნამდვილი მეგობარი ჭირშიიცნობა“, მაშინ, როცა ჩინელი ხალხი მთელი ძალით ებრძვის კორონავირუსის ეპიდემიას, ჩვენი ქართველი მეგობრები გულწრფელად გვისურვებენ საუკეთესოს და გვერდში გვიდგანან.“ – ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა წუო ხუნგპომ.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქართველ მეგობრებს, თავისუფალ უნივერსიტეტს, კონფუცის ინსტიტუტს და სხვა სასწავლებლებს, სინომედიას და მედიის სხვა წარმომადგენლებს, ეროვნულ ბიბლიოთეკას, სავაჭრო პალატას, ყვარლის მერიას, და ჩვენს იმ მხარდამჭერებს, ვისაც აქამდე არ შევხვედრივარ. მაშინ, როცა ჩინეთში ეპიდემია გამოჩნდა, თქვენ ჩვენთან ერთად დგომა აირჩიეთ.
მადლობა იმისთვის, რომ ჩვენს მხარდასაჭერადიღებთ ვიდეოებს, გასცემთ ბირბადეებს, უარყობთ ჭორებს და გჯერათ ჩვენი. ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩინეთ-საქართველოს ხალხებს შორის მეგობრობის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. ამ განსაცდელში თქვენი მხარდაჭერა, გამხნევება და კეთილი სურვილები ამაღელვებელი, დასაფასებელი და დაუვიწყარია ჩვენთვის.“-განაცხადა მან.
აქცია 10 თებერვალს დაიწყო და დღეს 20 საათზე დასრულდება, მისი მთავარი მიზანი ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსთან მებრძოლი ჩინელი ხალხის თანადგომა და სოლიდარობის გამოხატვაა.
აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ პირბადეები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში დატოვონ და ალბომში ჩინელი ხალხის გამამხნევებელი სურვილებიც ჩაწერონ. პირბადეები ქალაქ უხანში ეპიდემიის ელიცენტრში გაიგზავნება.
აქციის მხარდამჭერები არიან ჩინეთში საქართველოს საელჩო ჩინეთში, ყვარლის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. აქციის მედიაპარტნიორები არიან საინფორმაციო სააგენტო ,,სინომედია” და ბიზნეს მედია კონტაქტი.