პირველი ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე – ინტერვიუ გოგი სოზაშვილთან

0
ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ ქართულმა ღვინომ ჩინეთში დიდი პოპულარობა ჰპოვა. მაშინ როდესაც ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე არ გადიოდა, პირველი კომპანია, რომელმაც ჩინელებს ქართული ღვინო გააცნო „თელავი“ იყო, მოგვიანებით კი ახალი ქართული ბრენდები „სათავადო“ და „მატანი“ შეიქმნა.
”სინომედიასთან” ინტერვიუში ღვინის კომპანია “სათავადოს” თანადამფუძნებელმა გოგი სოზაშვილმა ისაუბრა.

რამდენი წელია რაც ჩინეთთან გაქვთ კავშირი და კონკრეტულად როდის წამოიწყეთ ღვინის ბიზნესი?

ჩინეთთან კავშირი 1997 წლიდან მაქვს, 2005 წლიდან ჩემს ჩინელ პარტნიორებთან ერთად დავგეგმეთ, დავაფუძნეთ ჩინური კომპანია სახელად “თელავი”, კახეთის დედაქალაქის საპატივსაცემოდ, საიდანაც საუკეთესი ხედი იშლება ალაზნის ველზე და სადაც გამორჩეული ქართული ვაზის ჯიშები იზრდება.

როგორი მოთხოვნაა ჩინურ ბაზარზე ქართულ ღვინოზე?

დაახლოებით 2012 წლამდე ჩინეთის მასშტაბით იყდებოდა დაახლოებით 12000 – 25000 ბოთლი ქართული წარმოების ღვინო. ეს იმით იყო განპირობებული, რომ პირველ რიგში ღვინო მოხმარების შედარებით ახალი პროდუქტი გახლდათ იმ დროისთვის და საქართველო კი საერთოდ უცნობი ქვეყანას წარმოადგენდა. დღესაც ჩვენს სახელმწიფოს იცნობს ჩინელების ძალიან მწირი ნაწილი. ძნელია იყიდო იმ ქვეყნის პროდუქტი რომლის არსებობა არც კი გაგიგია. ქართული ღვინო ვერ გაუწევდა ვერანაირ კონკურენციას ევროპულ, ავსტრალიურ თუ ჩილეს ღვინოებს.

2016 წელს უკვე დაახლოებით 5 მილიონამდე ბოთლი გადაიტვირთა ჩინეთის მიმართულებით.

რით განსხვავდებასათავადოსხვა ქართული ბრენდის ღვინოებისგან, და რას სთავაზობთ მომხმარებელს სხვა ქართული ღვინის კომპანიებისგან განსხვავებულს?

ბრენდ “სათავადოს” ღვინო მზადდება საუკეთესო და გამორჩეულ ვენახების ყურძნისგან. ვინარჩუნებთ რა კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას,  ფეხს ვუწყობთ თანამედროვეობას და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებასთან მეღვინეობის უახლესი მეთოდების ადაპტაციით  ვქმნით ღვინოებს, რომელნიც სიამოვნებას ანიჭებს  ყველაზე დახვეწილი გემოვნების მომხმარებელს. ბრენდ “სათავადოს” ღვინოებში განსხეულებულია ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და  ჩვენი მისწრაფება  საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნების, კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამორჩეული თანაფარდობა.

რა მიღწევები აქვს და რომელ ქვეყნებში გადის ბრენდი?

ძირითადად სათავადოს ღვინოები იყიდება ჩინურ ბაზარზე, არის სხვადასხვა გამოფენების და დეგუსტაციების მონაწილე. 2011 წელს ჩვენ დავაფუძნეთ ჩვენივე ბრენდის სახელობის ჩინური კომპანია “SATAVADO (BEIJING) INTERNATIONAL TRADE CO, LTD”, რომლის ოფისიც არის განთავსებული ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ამ კომპანიის მეშვეობით ჩვენი თანამშრომლები ეწევიან ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას ადგილზე, ახდენენ დროულ კომუნიკაციას და ღვინის მიწოდებას ჩინელ მომხმარებელთან. ჩვენ ბრენდს აქვს საწყობები ქალაქ პეკინში და ნანკინში, ეს გვაძლევს კარგ ლოგისტიკურ წვდომას მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე.

რომელი სახეობის ღვინოზეა ძირითადად მოთხოვნა?

საერთოდ ჩინურ ბაზარზე იყო მიღებული და აღიარებული  წითელი მშრალი ღვინო. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩემი ამ ქვეყანასთან  მეგობრობის თითქმის 20 წლიანი გამოცდილება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრადიცია ჩემ თვალწინ და ჩემი იქ მოღვაწეობის დროს  შეიცვალა. და ამ ბოლო 5 წლის მანძილზე საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა განსაკუთრებით წითელ ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, ნახევრად მშრალ და რაც მე მახარებს თეთრ მშრალ ღვინოებზე. ბევრმა ჩემმა ჩინელმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო ის ფაქტი რომ ქართველები თეთრი ღვინოთი ვქეიფობთ, ხოლო წითელს კი სამკურნალოდ სადილზე და ვახშამზე მივირთმევთ, თითქმის ყოველდღე თითო ბოკალს.

რა ისწავლეთ ჩინელებთან საქმიანი ურთიერთობების შემდეგ?

ჩინელებთან ურთიერთობის შემდეგ ვისწავლე სიმშვიდე და უფრო აუჩქარებლად სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. ჩინური ფილოსოფია ხომ სიბრძნეზე და მიტევებაზეა აგებული და ის, 4 ათას  წლიანი  სახელმწიფეობრიობის გამოცდილება აუცილებლადაა გასათვალისწინებელი. ისეთ შედარებით ახალგაზრდა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, ჩვენ ხომ 3 ათასი წლის სახელმწიფეობრიობას ვითვლით.

რამდენად მოგწონთ ჩინური სამზარეულო და ადათწესები?

მიუხედავად იმისა, რომ მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში ქართული სამზრეულო იყო გამორჩეულად გემრიელი, ამას აღიარებდა კიდევაც მთელი სსსრ მოსახლეობა და დღესაც ყველა სტუმარი, ევროპელი თუ აზიელი, აღიარებს ჩვენი სამზარეულოს სიგემრიელეს და სიუხვეს, მიუხედავად ამისა რომ ვარ ამავე დროს მოყვარული და პატრიოტი ჩვენი კერძებისა არ შემიძლია არ ვთქვა რომ ჩინური სამზარეულო არის, ჩემი აზრით, მსოფლიო საოცრება და იგი უნდა ვაღიაროთ ამ რანგში. მე ასე მჯერა, მე ასე მიყვარს და მე ასე მენატრება ჩინური მრავალფეროვანი სამზარეულო, მას ძალიან უხდება ქართული კეთილშობილური ღვინო და ამიტომაც ქართველი და ჩინელი ხალხი ყოველთვის გაუგებს ერთმანეთს.

რაც შეეხება ადათ-წესებს მინდა ავღნიშნო, რომ პირველივე წელს, ჩემი ჩინეთში ცხოვრების პერიოდში, მე აღვნიშნე და მაშინვე მოვახსენე ჩემ მეგობარ იქაურ მასპინძლებს, რომ ჩვენი ხალხების ტრადიციები ძალიან გვანან ერთმანეთს. მე ვერ ჩამოვთვლი ბევრს, ეს ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ძირითადს ვიტყვი –  მშობლების და მოხუცების პატივისცემა, მათზე ამაგი, ოჯახის ერთგულება და სტუმარმასპინძლობა, სამშობლოს პატრიოტიზმი. ეს ის ღირსებათა ჩამონათვალია, რომელიც ჩვენსა და ჩინელ ხალხებს აერთიანებს მთელი მსოფლიოს განათლებულ და მშვიდობის მოყვარულ ერებთან.

კომპანიის სამომავლო გეგმები ჩინეთში

რადგან ქართული პროდუქტი სულ უფრო ცნობადი ხდება ჩინეთში, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამას 12 წლის განმავლობაში ჩემმა კომპანიებმაც შეუწყვეს ხელი, გეგმაში გვაქვს გავზარდოთ ჩვენი ბრენდების ქართული ღვინის რეალიზაცია ბევრ სხვა პროვინციაში და გვაქვს სურვილი ჩვენ ქსელებში ჩინეთის მასშტაბით კიდევ სხვა ქართული ნატურალური პროდუქტების დისტრიბუცია განვახორციელოთ.

LEAVE A REPLY