მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკაა, ყველაზე მეტი მილიარდერის სამშობლო კვლავ “განვითარებადი” ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს და სარგებლობს ბევრი ისეთი ტიპის ბენეფით, როგორც, მაგალითა ზიმბაბვე და პაპუა ახალი გვინეა.

პეკინის პირადი ნებაა, რომ შეინარჩუნოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მიიღოს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ქვეყნის მმართველები განვითარებადი ქვეყნის ფუნდამენტურ უფლებას უწოდებენ. გასულ კვირას, ვაჭრობის მინისტრმა, კაო ფენგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთლიანი შიდა პროდუქტი $14,2 ტრილიონია, ავსტრალიის კი, მაგალითად, $1,5 ტრილიონი.

“”ჩვენ თავს არ ვარიდებთ საერთაშორისო პასუხისმგებლობას და მზად ვართ ყველა ის ვალდებულება შევასრულოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკისრია და დავეხმაროთ სხვა განვითარებად ქვეყნებს, გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა.” განაცხადა კაო ფენგმა.

საინტერესოა, სანამდე შეძლებს ჩინეთი ამ სტატუსის შენარჩუნებას და რამდენად უნდა გაიზარდოს მისი ეკონომიკა, რომ ის ავსტრალიის მსგავსად განვითარებული სახელმწიფო გახდეს?

რას ნიშნავს “განვითარებული” და “განვითარებადი” ქვეყანა?

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებულობის და განვითარებადობის სტატუსს. მას არც ამის საზომი ოფიციალური საშუალება გააჩნია. სტატუსი სრულადაა დამოკიდებული ინდივიდუალურ წევრებზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია განსაზღვრავს მხოლოდ “ყველაზე ნაკლებად განვითარებულ” ქვეყნებს და ამისთვის იყენებს გაეროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია განმარტავს მაღალშემოსავლიან ქვეყნებს და ამისთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიან ეროვნულ შემოსავალს იყენებს. ზღვარი კი $12,005-ზეა დაწესებული. ჩინეთის შემთხვევაში ეს მონაცემი $8,690-ია. სწორედ ამ ციფრებს იყენებს არგუმენტად ჩინური მხარე, თუ რატომ იტოვებს იგი განვითარებადის სტატუსს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების მიხედვით, მისი 164 წევრიდან 2/3 აღიარებულია როგორც განვითარებადი ქვეყანა. მათ შორის ჩინეთი და ინდოეთი. ეს ქვეყნები სარგებლობენ სპეციალური უფლებებით, მაგალითად აღებული პასუხისმგებლობის შესასრულებლად მათ უფრო დიდი ვადები ეძლევათ. აშშ-ს მოთხოვნა იყო, მხარეებს გადაეხედათ ამ წესებისთვის, თუმცა ინიციატივა უარყო ჩინურმა მხარემ ვენესუელასთან, ინდოეთთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად.

რატომ არ მოითხოვს ავსტრალია და აშშ განვითარებადის სტატუსის მიღებას?

ამის ფართოდ აღიარებული ახსნა გახლავთ ის, რომ ეს აბსურდული ნაბიჯი იქნება ისეთი სახელმწიფოების მხრიდან, როგორიცაა აშშ და ავსტრალია. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც განვითარებულობისა და განვითარებადობის ზღვარზე არიან, თუმცა ავსტრალია და აშშ მათ რიცხვში არ შედიან. მიუხედავად იმისა, რომ არავინ კამათობს საქართველოს განვითარებადობის სტატუსზე, ბევრ კითხვას ბადებენ ქვეყნები, რომლებიც ერთი პერიოდი ცალსახად იყვნენ განვითარებადები, თუმცა ეს გზა სწრაფად გაიარეს და სტატუსი არ შეუცვლიათ. მაგალითად სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ა.შ.

ბუნებრივია, როცა ვუყურებთ ჩინეთს, ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, რთულია ის არ აღვიქვათ განვითარებადად. ჩინეთის შემთხვევა იმითაცაა უნიკალური, რომ ის გახდა გავლენიანი სახელმწიფო მანამ, სანამ შეუერთდებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რიცხვს.  იმდენად უნიკალურია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა არც იციან, როგორ მიუდგნენ მის სტატუსს.

ბევრი ეკონომისტის აზრით, საჭიროა შუალედური კატეგორიის შექმნა, სადაც მოექცევიან ჩინეთის მსგავსი ქვეყნები, რომლებიც აიღებენ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, ვიდრე განვითარებადი ქვეყნები და ისარგებლებენ ნაკლები ბენეფიტით. ამ პოზიციაზეა ოფიციალური ვაშინგტონიც, თუმცა მათ ჩინეთისა და ინდოეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა ხვდებათ. აშშ-მ განაცხადა, რომ ის მალე მზად იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე დადოს ის კრიტერიუმები, რომელსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, რათა ის იყოს “განვითარებადი”, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს შემთავაზება წევრმა ქვეყნებმა მიიღონ.

LEAVE A REPLY