[:ka]
ბოლო კვირების მანძილზე Kwai-ს აპლიკაციის საშუალებით, რომელიც ერთგვარი სოციალური ქსელია, გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ იჭერენ ახალგაზრდები ბრინჯის მარცვლისთვის განკუთვნილ მინდორში თევზს შიშველი ხელებით. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: “თქვენც გაქვთ ასეთი ფერმა?”
ეს მოკლე ვიდეო, ისევე როგორც მისი მსგავსი სხვა კლიპები გადაღებულია საერთო ეროვნული მიზნის მხარდასაჭერად, რომელიც გულისხმობს 1,4 მილიარდიან ჩინეთში სიღარიბის აღმოფხვრას 2020 წლისთვის. ნიშანდობლივია, რომ ეს დაპირება პრეზიდენტმა სი ძინფინგმა 2015 წელს თავის სიტყვაში გააჟღერა.
ჩინეთის მთავრობა სიღარიბეს განსაზღვრავს $416 დოლარზე ნაკლები წლიური შემოსავლით, რაც დღეში $1,10 უტოლდება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი სიღარიბე $1,90-დღიური და წლიური $700-ზე დაბალი შემოსავლით განისაზღვრება.
სოფლის პროდუქტების პოპულარიზაციისთვის ვიდეოების ონლაინ ატვირთვის იდეა ქალაქ კაიპაოს სიღარიბესთან ბრძოლის სახელმწიფო მოხელე უ იუშენგს გაუჩნდა. მოქალაქეებმა აპლიკაციის მომხმარებლებისგან ვირტუალური საჩუქრებიც მიიღეს, რომელთა გადაცვლაც მათ ნაღდ ფულში შეუძლიათ.
სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული კამპანია
ჩინეთში სიღარიბის აღმოსაფხვრელი კამპანია ნახევარ საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს. ჩინეთის კომუნისტური პარტიაც თავდაპირველად უთანასწორობისა და ფერმერებში სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. ეფექტური ნაბიჯები დენგ სიაოფინგის მმართველობის პერიოდში გადაიდგა. კერძოდ 1978 წლიდან, როცა დაიწყო ჩინეთის ეკონომიკის ლიბერალიზაცია. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, როცა ფერმერებს ნება დართეს ნარჩენი პროდუქტები გაეყიდათ და ამით კერძო სარგებელი ენახათ.
სიღარიბის მაჩვენებელი ჩინურ სოფლებში 1978-2017 წლებში
იმისთვის, რომ დღევანდელი მაჩვენებლისთვის მიეღწია, ჩინეთმა რთული გზა გაიარა. 1990 წლისთვის ქვეყანაში 750 მილიონზე მეტი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვევით, რაც მთელი მოსახლეობის 60% იყო. დაახლოებით 30 წლის შემდეგ, 2019 წელს, პეკინის განცხადებით ეს რიცხვი 16,6 მილიონია. ჩინეთის მმართველი პარტია ბოლო წლებში ხშირად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ მათ მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვევიდან ამოიყვანეს.
თუმცა, პრეზიდენტი სი ძინფინგი ბოლომდე დაკმაყოფილებული არ არის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შანხაისა და პეკინის მსგავსი ქალაქები სწრაფად ვითარდება, მილიონობით ადამიანი სოფლებში კვლავ ელექტროენერგიისა და სუფთა წყლის გარეშე ცხოვრობს. 2015 წელს პრეზიდენტმა სიმ განაცხადა, რომ სიღარიბის აღმოფხვრა იქნება მისი პრიორიტეტი.
გზები, ინტერნეტი და სამუშაო ადგილები
სამთავრობო გეგმები გაყოფილია ორ ძირითად კატეგორიად – დიდი ეროვნული სტრატეგია და მცირე ადგილობრივი ჩარევა.
ეროვნულ დონეზე, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. 2019 წელს ამ მიმართულებით $19 მილიარდი დაიხარჯა. დაიგო ან განახლდა 200.000 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა. ღარიბი სოფლების 94% დაუკავშირდა ინტერნეტს. სამთავრობო მსხვილი კომპანიების დიდმა ნაწილმა $4 მილიარდი გადარიცხა სიღარიბის დამარცხების ფონდში.
ამის მიუხედავად, სიღარიბის დასამარცხებლად დაწყებული კამპანია დიდწილად დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომლის წარმომადგენლებიც სოფლებში კარდაკარ დადიან და ესაუბრებიან მოსახლეობას, ეკითხებიან, თუ რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას და ასევე მათ აძლევენ რჩევებს, როგორ დაამარცხონ სიღარიბე. გავრცელებული ცნობებით, არის მოსახლეობის კატეგორია, რომელიც უარს აცხადებს დახმარებაზე და არ გამოხატავს სიღარიბიდან ამოსვლის სურვილს.
უ იუშენგის განცხადებით “მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად. მიკრო დონეზე, ღარიბი მოსახლეობის სამიზნე ჯგუფები ზედმიწევნით სწორადაა შერჩეული. მთავარია, მთელი საზოგადოების მხარდაჭერა.” ანალიტიკოსების აზრით, განვითარების ეფექტური ზომებისა და სოციალური პოლიტიკის შერჩევა აუცილებელია, რათა 1,4 მილიარდიან ქვეყანაში სიღარიბე სრულად აღმოიფხვრას. მიუხედავად იმისა, მიიღწევა თუ არა გეგმა სრულად 2020-ში, მთავრობა არ შეწყვეტს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას.
[:]