ჰუნანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ცენტრალურ ჩინეთში, სტუდენტებს ორი შანსი აქვთ. მაისიდან დაწყებული, თითოეულ სტუდენტს აქვს საშუალება, შეამოწმოს საკუთარი დისერტაცია ონლაინ ბაზაში, რომელიც მათ უჩვენებს, თუ მათი ნაშრომის რა ნაწილი იქნა გადმოკოპირებული უკვე არსებული პუბლიკაციებიდან.
შემოწმების პროცესი სტუდენტებისთვის უფასოა და მათ ამის საშუალება ნაშრომების ოფიციალურად ჩაბარებამდე ეძლევათ. ამის შემდეგ, თუ სტუდენტის თეზისის 35%-ზე მეტი გადმოკოპირებული იქნა, ნაშრომები არ განიხილება კომისიის მიერ.
ჩინეთში უფრო და უფრო მეტი უნივერსიტეტი ამკვიდრებს ამ პრაქტიკას, რათა აქტიურად ებრძოლონ პლაგიატს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ ტენდენციამ გაზარად იმ ბაზების რიცხვი და ეფექტურობა, რომლებიც ემსახურება სტუდენტების ნაშრომების ონლაინ რეჟიმში შემოწმებას. ზოგი აკადემიკოსის აზრით 35%-იც საკმაოდ არასამართლიანი ზღვარია და ისინი პლაგიატის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარებას ემხრობიან.
ჩინელი მსახიობი ჭაი თიენლინი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ინტერნეტ მომხმარებლებმა გამოააშკარავეს, რომ მსახიობის მიერ 2018 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ესეს 40% 12 წლის წინანდელი პუბლიკაციიდან იყო მოპარული.
სკანდალის შემდეგ მსახიობი ჭაი თიენლინი გაირიცხა პეკინის ფილმის აკადემიიდან, სადაც ის 2 წლიან პროგრამაზე სწავლობდა. აპრილის თვეში კი, ჰუანგ ლიუიუს, რომელიც სახალხო გამათავისუფლებელი არმიის სახელობის ინსტიტუტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ინსტიტუტის დირექტორია, ჩამოერთვა დოქტორის ხარისხი მას შემდეგ, რაც მას 12 წლის წინანდელი პლაგიატი გამოუაშკარავდა. როგორც გაირკვა, მან საკუთარი სადოქტორო დისერტაციის დიდი ნაწილი სხვა სტუდენტის PhD ნაშრომიდან მოიპარა.
მსგავსი პრეცედენტების თავიდან ასარიდებლად, ისეთმა უნივერსიტეტებმა, როგორიცაა ჰუნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დაიწყეს გადმოკოპირებულ მასალებზე ლიმიტის დაწესება. სხვადასხვა უნივერსიტეტებში აღნიშნული ზღვარი განსხვავებულია. მაგალითად, პეკინის ინფორმაციული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კოლეჯში, სტუდენტებს აკრძალული აქვთ 30%-ზე მეტის სხვა ნაშრომებიდან გადმოღება. რამდენიმე სხვა უნივერსიტეტი უფრო მკაცრად უდგება და ზღვარი 10-20%-მდე ჩამოჰყავს.
ედი ჭენგმა, რომელიც ჭეძიანგის უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტია, განაცხადა, რომ მისმა უნივერსიტეტმა პლაგიატზე მკაცრი კონტროლი დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. მისი განცხადებით, ჭეძიანგის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე საბოლოო ნაშრომებისთვის გადმოღებული მასალების ზღვარი 10%-ზე დაბალია.
“ზოგჯერ ჩვენ ვიყენებთ სხვის იდეებს, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ, მათ ახალი კუთხით მივუდგეთ. რადგან ჩვენი ნაშრომები დამყარებულაი ექსპერიმენტულ მონაცემებზე, მასალების გამეორების შანსი საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებმაც იციან, რომ ნამდვილად გამოიყენეს სხვისი მასალები, თუმცა არ არიან დარწმუნებულები, გადასცდნენ თუ არა ისინი დასაშვებ ზღვარს, შეუძლიათ გამოიყენონ შემოწმების არაერთი ბაზა, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია.
თუ სტუდენტებს სურთ, უნივერსიტეტის გარეშე თავად შეამოწმონ საკუთარი ნაშრომები პლაგიატზე, ეს მათ $6-დან რამდენიმე ათეულ დოლარამდე დაუჯდებათ საკუთარი თეზისის მოცულობის მიხედვით. კომპანიების უმეტესობა იყენებს იმავე სისტემას, რომელსაც უდიდესი ჩინური ონლაინ ბიბლიოთეკა და მას CNKI ეწოდება.
აღნიშნული ბიზნესი პოპულარობას სოციალურ მედიაში იძენს. WeChat-ის მომხმარებელი Kuaiwoyou Thesis Writing-ის მფლობელი აცხადებს, რომ მის კომპანიას შეუძლია VIP Paper Check System-ზე უკეთ გამოააშკარაოს პლაგიატი და სტუდენტებს დაეხმაროს საკუთარი თეზისის ხელახლა დაწერაში.
მა ლიანგი, რომელიც Renmin University-ს საჯაროა დმინისტრირებისა და პოლიტიკის ფაკულტეტის პროფესორია, აცხადებს, რომ ერთადერთი სტანდარტი, რომელიც პლაგიატის მიმართ უნდა იყოს, ნულოვანი ტოლერანტობაა. “სასაცილო მგონია, რომ სტუდენტი ვერ ჩააბარებს ნაშრომს, თუ მისი დისერტაციის 10% კოპირებულია, თუმცა მიეცემა ამის საშუალება 9,9%-ი შემთხვევაში. ასეთი მიდგომა სტუდენტებს დააჯერებს, რომ პლაგიატი ნაწილობრივ მისაღებია და მასზე ვაჭრობა შეიძლება.”
ემერი ბერგერი, რომელიც მასაჩუსეთის ინფორმაციული და კომპიუტერული მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორია, აცხადებს, რომ პლაგიატი ამერიკულ კულტურაში სრულად მიუღებელია. “ის აზრიც კი, რომ ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა შესაძლოა, სხვისი მასალები გამოიყენოს, აღმაშფოთებელია. ასეთ დროს, ცალსახაა, არ უნდა არსებობდეს ტოლერანტობის პროცენტული განმსაზღვრელი”.
წამყვანმა ჩინურმა უნივერსიტეტებმა, მათ შორის ცინგჰუას უნივერსიტეტმა, პლაგიატთან ბრძოლა ყოველდღიურად დასაწერ ესეებზეც გაავრცელა და არ შეზღუდა მხოლოდ ფინალური დისერტაციებით. მა-ს განცხადებით “პლაგიტიზმი ჩინურ საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული და არ შემოიფარგლება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებით. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ კომპანიები და საჯარო ორგანიზაციები დიდწილად დამოკიდებულები არიან აკადემიურ ხარისხზე, რაც სტუდენტებში აღძრავს სურვილს, ხარისხისთვის ყველაფერი გააკეთონ. მაგალითად, თუ თქვენ არ გაქვთ მაგისტრის ხარისხი, წარმოუდგენელია, საჯარო მოხელე გახდეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ კომპანია დაგიქირავებთ, თქვენს საწყის ხელფასს სწორედ აკადემიური ხარისხი განზაზღვრავს”.