ჩინეთში, შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა, ერი დაბერებას განიცდის, რამაც სერიოზული ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკას. იმ მიზეზით, რომ ცხოვრების ხარჯები სულ უფრო იზრდება და მომავალიც ბუნდოვანია, ბევრი მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთი შვილის ყოლას. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობა მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის 2015 წლამდე ახორციელებდა „ერთი ბავშვის პოლიტიკას“, რაც ოჯახებისთვის ერთ ბავშვზე მეტის ყოლის შეზღუდვაა. ჩინეთის მთავრობა მას ოფიციალურად მოიხსენიებს როგორც – ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკას. დღეისთვის, პოლიტიკა მიმართულია შობადობის გაზრდისკენ, თუმცა ვხვდებით ერთ პრობლემას. მოსახლებას უკვე არ სურს ერთზე მეტი ბავშვის ყოლა.
36 წლის განმავლობაში, მმართველი კომუნისტური პარტია იყენებდა სოციალური ინფრასტრუქტურის უკიდურეს ფორმას დაბადების განაკვეთების რეგულირების დაწესების მიზნით. ეს იყო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა ერთდროულად ეკონომიკის ზრდასა და ცხოვრების დონის ამაღლებას. ჩინეთის მასშტაბით ხორციელდებოდა პროპაგანდა ისეთი ლოზუნგებით, როგორიცაა: „ თუ გინდა რომ იყო მდიდარი, იყოლიე ცოტა შვილი“.
დაგეგმარების პოლიტიკამ, შეიძლება ითქვას, ზედმეტად კარგადაც იმუშავა. როგორც ნავარაუდევია, 2017 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობა 1,45 მილიარდს მიაღწევს, შემდეგ კი მკვეთრად დაეცემა. 2050 წლისთვის, მოსახლეობის 1/3 65 წელს გადაცილებული იქნება, შესაბამისად შემცირდება ეკონომიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობაც. ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვები: ვინ გააძლიერებს ეკონომიკას? ვინ მიხედავს ხანშიშესულ ადამიანებს? ვინ გადაიხდის გადასახადებს მათი პენსიების დასაფინანსებლად?
უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად განაპიობა მუშახელის სიმრავლემ. ასობით მილიონმა ჩინელმა მუშამ დატოვა თავისი საცხოვრებელი რეგიონებში და გადაერთო ქარხნებსა თუ კონსტრუქციებზე მუშაობაზე, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკური ბუმისა და ურბანიზაციის განვითარებას. ჩინეთის ეკონომიკა განსაკუთრებით ძლიერი იყო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ნაწილობრივ 1970-იან წლებში დაბადებულთა წყალობით, რომელთაგან ბევრი დასახლდა ქალაქებში. თუმცა, ეს ფაქტორი თანდათან შესუსტდა, რამდენადაც შობადობის მაჩვენებელმა იკლო.
დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ახალგაზრდა მოსახლეობა ეკონომიკური წინსვლის გარანტია, თუმცა არც ეკონომიკური ზრდის მოლოდინია გამართლებული, როდესაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ხოლო პენსიონერების-იზრდება.
შობადობასთან დაკავშირებით პოლიტიკა ნელ-ნელა იცვლება. თუ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლა წყვილის პატრიოტულ მოვალეობად აღიქმებოდა, დღეს მათ ამხნევებენ, რომ ჰყავდეთ სულ მცირე ორი შვილი. ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკის შეჩერების შემდეგ, ნავარადუევი იყო, რომ ქვეყანაში დაფიქსირდებოდა შობადობის ბუმი, თუმცა გასულ წელს, ჩინეთში 15 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 2 მილიონით ჩამორჩება წინა წლების მაჩვენებლებს.
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ცხოვრების ხარჯებიც გაიზარდა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ხანგრძლივი სამუშაო საათები ნორმა გახდა. სწორედ ამიტომ, ბევრ ჩინურ ოჯახს, ისევე როგორც გერმანულსა თუ იაპონურს, ურჩევნია მთელი რესურსი მხოლოდ ერთ შვილს მოახმარონ, რათა იცხოვრონ უკეთეს პირობებში და გაიუმჯობესონ ცხოვრების დონე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა იდეები ჟღერდება. მარტში, ეროვნულ სახალხო კონგრესზე, ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ უნდა შემცირდეს ქორწინების ასაკი, ბიჭებისთვის-20 წლამდე, ხოლო გოგონებისთვის- 18 წლამდე. ასევე გაჩნდა წინადადება, რომ იმ ოჯახებმა, რომელთაც ჰყავთ ერთზე მეტი შვილი, მიიღონ სპეციალური ფინანსური დახმარება საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. ასევე გაჩნდა ინიციატივა, 28 მაისი გამოცხადდეს უქმედ- „ჩინელი ბავშვების დღედ“. ასევე არსებობენ ადამიანები, ვინც სწორად მიიჩნევენ იმ წყვილის დაჯარიმებას, ვისაც შვილი არ ჰყავს.
პოლიტიკა იცვლება არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ პროვინციებშიც. ხდება შობადობის გაზრდის აქტიური ხელშეწყობა. ზოგიერთ საავადმყოფოში მეორე ბავშვზე მშობიარობა უფასო გახდა, სხვა სამშობიაროებში კი მიმდინარეობს მატერიალური წახალისება ყოველ მეორე და მომდევნო შვილზე. ზოგიერთ პროვინციაში, მთავრობა ორსულთათვის უზრუნველჰყოფს უფასო სამედიცინო შემოწმებას.
ფაქტია, რომ ჩინეთი იმ რეალობის წინაშე დადგა, სადაც მოსახლეობა უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ეკონომიკურად აქტიური ადამიანების, სტუდენტებისა თუ ბავშვების რაოდენობა კი იკლებს. ჩინეთის მთავრობა სულ უფრო აქტიურად ცდილობს დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრას იმ პროგრამების განხორციელებით, რომელიც ხელს უწყობს შობადობის გაზრდას, ახალშობილთა პირდაპირი გზით სუბსიდირებას და დახმარებას, მშობლებისთვის კი საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.