საგაზაფხულო წარწერებს ასევე საგაზაფხულო სტიკერებს, კუპლეტებს და კარის წყვილ დეკორაციებსაც უწოდებენ. ეს სამშვენისები ერთ-ერთია წითელი სადღესასწაულო ელემენტებიდან, რომლებიც ჩინური ახალი წლის[1] პერიოდში გამოიყენება.

ყოველ ახალ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლებსა თუ თანამედროვე ქალაქებში, ყველა ოჯახში არჩევენ ლამაზ წითელ სამშვენისებს, რომლებსაც შემდეგ კარზე კიდებენ. ამით ოჯახის წევრები ემშვიდობებიან ძველ წელს და ეგებებიან ახალს, ამგვარ დეკორაციას სახლში სადღესასწაულო განწყობა შემოაქვს.

საგაზაფხულო სამშვენისების ერთ-ერთი სახეა საგაზაფხულო კუპლეტები. უძველეს პერიოდში, ადამიანები გაზაფხულის შემობრძანებისას, კარზე აკრავდნენ ორი იეროგლიფისგან(宜春 ი ჩუნ) შემდგარ დეკორაციას, რომელიც თანდათან გარდაიქმნა გაზაფხულის დღესასწაულის სამშვენისებად. დასაწყისში ახალი წლის წარწერები გამოხატავდა ჩინელი ხალხის სურვილს, თავიდან აეცილებინათ ბოროტება და უბედურება, გაეზარდათ კეთილდღეობა. ამბობენ, რომ ტრადიციას საფუძველი სუნგის დინასტიაში[2] ჩაეყარა, ხოლო პოპულარობა მინგის დინასტიაში[3] მოიპოვა.

როდესაც იმპერატორი ჭუ იუენ ჭანგი[4] თავისი იმპერიის გარშემო მოგზაურობდა, იგი შემთხვევით წააწყდა საგაზაფხულო წარწერებს. იმისთვის, რომ ეს კულტურული აქტივობა წაეხალისებინა, ბრძანა, რომ ახალი წლის პერიოდში, ყველა სახლში  ყოფილიყო კარის მსგავსი დეკორაცია.

ჩინურ საგაზაფხულო წარწერებს მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა აქვს. ის სამი ნაწილისაგან შედგება: ორი ვერტიკალური და ერთი ჰორიზონტალური ნაწილისაგან. პირველი და მეორე ნაწილი კარის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე იკიდება, ხოლო მესამე ნაწილი-კარს ზემოთ.

კარის ამგვარ სამშვენისებს რამდენიმე დამახასიათებელი ასპექტი ახლავს თან: მარჯვენა და მარცხენა ნაწილებზე დატანილია ერთი და იმავე რაოდენობის იეროგლიფი. ასევე, აუცილებელია ორივე მხარეს მეტყველების ერთი და იგივე ნაწილი ეწეროს. მაგალითად, თუ კარის მარჯვენა მხარეს დეკორაციაზე არსებითი სახელია მოთავსებული, აუცილებელია მარცხენაზეც სწორედ არსებითი სახელი იყოს. ორივე ნაწილს უნდა ჰქონდეს ერთნაირი სტრუქტურა.

საგაზაფხულო კარის წყვილები ამგვარი პოპულარობით იმიტომ სარგებლობს, რომ იგი არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობას ქმნის, არამედ არის სიმბოლო კარგი იღბლისა, მშვიდობისა და წარმატებისა. ჩვეულებრივ, კუპლეტზე დატანილი ტექსტი გამოხატავს ოჯახის მოლოდინებსა და სურვილებს, ახალი წლისათვის.

 

 

[1] ჩინური ახალი წელი (春节-ჩუნ ძიე)-სხვაგვარად უწოდებენ გაზაფხულის ფესტივალსაც, ამ დროს აღინიშნება ახალი წლის დადგომა მთვარის კალენდრის მიხედვით.

[2] სუნგის დინასტია (宋朝-სუნგ ჩაო)- საიმპერატორო დინასტია, რომელიც მართავდა ჩინეთს 960–1279 წლებში.

[3] მინგის დინასტია(明朝-მინგ ჩაო)-მმართველი დინასტია 1368-1644 წლებში.

[4] ჭუ იუენ ჭანგი(朱元璋)-მინგის იმპერიის დამაარსებელი, რომელიც მართავდა სახელმწიფოს 1368-98 წლებში.