ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, ქართული მხარე, კერძოდ კი საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით,  მონაწილეობას იღებდა ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფორუმში. აღსანიშნავია, რომ ფორუმს 30-ზე მეტი ქვეყანა, 500-მდე მულტინაციონალური კომპანია და 3000-მდე დელეგატი ესწრებოდა.

როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, ქართული დელეგაცია ბიზნეს ფორუმზე ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ორგანიზაციის მიწვევით ჩავიდა.  ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობდა გამოფენა, სადაც მონაწილეობა 15-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. მოწყობილი იყო სპეციაური პავილიონი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული თხილი, ჩაი, ზეითუნის ზეთი, მინერალური წყლები, ქართული ვისკი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელები.

გთავაზობთ ნაწყვეტს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის სიტყვით გამოსვლიდან: ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ჩინეთის მილიარდნახევიანი ბაზრის კარი ეხსნებათ. ქართული ნატურალური პროდუქტების მიმართ ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების გაღმავებისთვის აღნიშნული ფორუმი კი აბრეშუმის გზის მარშრუტზე გაერთიანებულ ქვეყნებს შორის ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის. ფორუმის მთავარი მიზანი, სწორედ ერთობლივი განვითარებისთვის ახალი გზების ძიება და გამოცდილების გაზიარებაა“.

ფორუმის ფარგლებში საქართველო არაერთხელ იქნა მოხსენიებული, როგორც  „აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელოვანი მონაწილე და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ტრანსნაციონალური მნიშვნელობის ჰაბი.  ძიანგსის პროვინციის მმართველი პარტიის ლიდერმა, ლუი ციმ აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორად ხედავს. 

ფორუმის შედეგები

აღნიშნული ფორუმის მნიშვნელოვან შედეგებზე საუბრისას,  აღსანიშნავაი, რომ ქართული პროდუქტით, კერძოდ კი ქართული ზეითუნის ზეთით, ვისკითა და ჩაითი  ჩინეთის მსხვილი იმპორტიორები დაინტერესდნენ. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტზე გატანის გადაწყვეტილება მიღებული იქნა  ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ გაფართოებულ შეხვედრაზე.  ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულებები გაფორმდა აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან.  ქართული მხრიდან ხელშეკრულებას ხელი “Georgian Olive“-ის დამფუძნებელმა, კომპანია “Askaneli Brothers“-ისა და კომპანია „ნიკორას“ დამფუძნებლებმა, ჩინური მხარიდან კი  აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებმა მოაწერეს. 

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე, რომელიც „საპარტნიორო ფონდს“ ეხება, უკავშირდება გუანჭოუს პროვინციის ბიზნეს დელეგაციასთან საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობას.  

რამდენიმე დღის წინ ფონდში  გუანტუნის პროვინციის  დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც გუანჭოუს პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო ურთიერთობების კომიტეტეის ხელმძღვანელი ლუო ჭუნი  ხელმძღვანელობდა.  დელეგაციის წევრებში შედიოდნენ ჩინეთის ბიზნეს წრეების წრარმომადგენლები. 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა როგორც სამომავლო თანამშრომლობა, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.  ჩინური მხარის განსაკუთრებულ ინტერესს სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიის პროექტები იწვევს. 

როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ჩინურ ბიზნეს ურთიერთობებს აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, საქართველოს როლს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებისა და კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ  2018 წელი ჩინურ-ქართული ბიზნესებისთვის საკმაოდ პოზიტიურ ნოტაზე სრულდება. ეს კი დამატებით დადებით მოლოდინებს ქმნის 2019 წლისთვის, რადგან ბევრი ის ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლის მეორე ნახევარში გაფორმდა, აქტიურად ძალაში სწორედ შემდეგი წლიდან შევა, რამაც კიდევ უფრო უნდა გაზარდოს და გაამტკიცოს ორ მხარეს შორის ბიზნეს-ეკონომიკური ურთიერთობები.

LEAVE A REPLY