[:ka]

  ჩინეთი ყოველწლიურად უფრო და უფრო იმტკიცებს თავის ადგილს საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტი სი ძინფინგიც მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, ატარებდა დიპლომატიურ შეხვედრებს, რომლებიც ძირითადად მილიარდობით დოლარის ინვესტიციებსა და დახმარებას შეეხებოდა. მედიაში ამ შეხვედრებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სახელმწიფო ლიდერთა დიპლომატიას. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სი ძინფინგის ამბიციური პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გარკვეულ ეჭვებსაც იწვევდა, რომელიც ძირითადად ჩინეთის შედარებით ფართო სტრატეგიულ განზრახვებთან იყო დაკავშირებული. 2019 წლის მოახლოებასთან ერთად, შეგვიძლია გადავხედოთ 2018 წლის მნიშვნელოვან დიპლომატიურ შეხვედრებს.

მოვლენათა შეჯამება შეგვიძლია დავიწყოთ ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობებით. პეკინსა და ფლორიდაში ორმხრივი სახელმწიფო ვიზიტების მიუხედავად, სი ძინფინგი  და დონალდ ტრამპი ვერ შეთანხმდნენ გრძელვადიან ორმხრივ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დროთა განმავლობაში, ტრამპმა დაიწყო სავაჭრო ომი, რომელიც გამოიხატა ჩინურ საქონელზე ტარიფების ზრდით.  შემდგომში, ტრამპის ამ ქმედებას მოჰყვა საპასუხო წინააღმდეგობრივი ზომების ესკალაცია. უთანხმოებამ სტრატეგიულ ფრონტზეც (სამხრეთ ჩინეთის ზღვა)  გადაინაცვლა, სადაც მდგომარეობა სექტემბრის ბოლოს საკმაოდ დაიძაბა. ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე დიდ საფრთხედ სახელდებოდა.  უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ომის დასრულება ორივე მხარის ინტერესებში შედის.

 

 მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრამპმა მისი და სი ძინფინგის მეგობრობა ეჭვის ქვეშ დააყენა. მისივე ვარაუდით, ჩინეთი აღარ ახორციელებს ზეწოლას ჩრდილოეთ კორეაზე. გარდა ამისა, ტრამპმა ჩინეთი დაადანაშაულა აშშ-ის არჩევნებში ჩარევაშიც. სი ძინფინგისა და დონალდ ტრამპის ბოლო შეხვედრა შედგა არგენტინაში გამართულ G20- ის სამიტზე. 1 დეკემბერს, ისინი შეთანხმდნენ 90 დღიან სავაჭრო ზავზე, რომელიც შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის ორი მხარის სავაჭრო ურთიერთობების მოსაგვარებლად.

  2018 წლის მარტში, სი პეკინში შეხვდა კიმს. კიმ ჩენ ინი პირველი საგარეო ვიზიტით ჩინეთს ეწვია. სწორედ ჩინეთის დედაქალაქში გამოთქვა კიმმა სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისა ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ისტორიული მოკავშირეები არიან, ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჩრდ. კორეამ დაიწყო სარაკეტო და ბირთვული იარაღის პროგრამების განხორციელება. 2018 წელს, ლიდერები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სინგაპურის ისტორიული სამიტის დაწყებამდე და მის შემდეგაც. ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა წლებია მოკავშირეები არიან, თუმცა სი ძინფინგი არ იმყოფებოდა ჩრდ. კორეის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რაც ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ ჩინეთი კიმისგან ელის უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით.

  წლების განმავლობაში არსებული უსიამოვნო ურთიერთობებისა და 7 წლიანი პაუზის შემდეგ, იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პეკინში. მიუხედავად მათი საზღვაო დავისა, ორივე მხარემ ხელი მოაწერა ბიზნეს-გარიგებებსა და შეთანხმებებს. ერთ-ერთი მათგანი შეეხება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას, სადაც ორივე ქვეყანას გარკვეული ინტერესები აქვს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა და იაპონიამ დაიწყეს თანამშრომლობის ახალი ერა. ეს შეხვედრა განსხვავდებოდა 2014 წელს გამართული აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის შეხვედრისგან, სადაც მხარეები მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლნენ.იაპონიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2018 წელს ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ თავად იაპონიასაც აქვს გარკვეული პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მიუხედავად ამისა, აბემ ურჩია სის დაიწყოს სავაჭრო მოლაპარაკებები აშშ-ისპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

 მალაიზიის პრემიერ მინისტრი, მაჰათრ ბინ მოჰამედი , აგვისტოში, 5 დღიანი ვიზიტით სტუმრობდა პეკინს, რაც არც იყო გასაკვირი მას შემდე, რაც მან  22 მილიარდი დოლარი ჩადო ჩინეთის მიერ მალაიზიაში დაფინანსებულ პროექტში, განსხვავებით ბევრი ქვეყნისა, რომელთაც ეჭვები აწუხებდათ „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მალაიზიის მეგობრული პოლიტიკა ჩინეთის მიმართ არ შეცვლილა და ქვეყანა კვლავ მიესალმება ჩინურ ინვესტიციებს.

 სი ძინფინგი, ნოემბერში, ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ფილიპინებს. ჩინეთის ლიდერმა პრეზიდენტ როდრიგო დუტერტე სთან შეხვედრა შეაფასა სიტყვებით „ცისარტყელა წვიმის შემდეგ“. ლიდერებმა ხელი მოაწერეს 29 შეთანხმებას, მათ შორის მემორანდუმს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში  ნავთობისა და გაზის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ დუტერტეს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გვერდზე გადაედო 2014 წელს საერთაშორისო ტრიბუნალზე მოპოვებული გამარჯვება პეკინის წინააღმდეგ, რითიც გზა გაუხსნა ჩინურ ინვესტიციებსა და მხარდაჭერას. 

[:]