მამუკა გამყრელიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში და პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, Sinomedia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, გაგვიზიარა თავისი შეხედულებები სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტის მნიშვნელობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. გამყრელიძე განიხილავს ჩინეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლს, მის დიპლომატიურ და ეკონომიკურ პრიორიტეტებს და მისი საგარეო პოლიტიკის გავლენას დასავლურ ურთიერთობებზე.
როგორც ვიცით, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში სი ძინფინგის პირველი ვიზიტია. რას ფიქრობთ ჩინეთის მხარის ამ ნაბიჯზე?
– ჩინეთისთვის, როგორც მშვიდობისმყოფელი მხარისთვის, ეს ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. პროცესი დაიწყო სი ძინფინგის ძალისხმევით საუდის არაბეთისა და ირანის წარმომადგენლების პეკინში მოწვევისა და მოლაპარაკებების დროს. ამ შეხვედრას მოჰყვა მშვიდობის დამყარება მანამდე რელიგიური მიზეზებით დაპირისპირებულ ორ სახელმწიფოს შორის.
„ეს ჩინური დიპლომატიის დიდი გამარჯვება, ხოლო ამერიკული დიპლომატიის მარცხი იყო.“
ჩინეთმა, ამ ნაბიჯის შემდეგ, გადაწყვიტა გაეგრძელებინა მნიშვნელოვანი როლის შესრულება დიპლომატიაში. ვანგ იმ, დახვეწილმა ჩინელმა დიპლომატმა, ევროპაში თავისი ვოიაჟის ფარგლებში, ისაუბრა ჩინეთის მომავალი გეგმების შესახებ მშვიდობის დაცვის გზაზე. იგი დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, შემდეგ ეწვია უნგრეთსა და რუსეთს. პეკინში მის დაბრუნებას მოჰყვა ექვსპუნქტიანი გეგმის გამოშვება, რაც მოიცავს ჩინეთის ხედვას მსოფლიო მშვიდობასთან დაკავშირებით. ამ გეგმის შემდეგ გამოქვეყნდა ჩინეთის თორმეტპუნქტიანი პოზიცია ომის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურება ჩინეთის ამ ნაბიჯზე საკმაოდ სწორი იყო. მან ისაუბრა მოლაპარაკების აუცილებლობაზე. სი ძინფინგმა გამოთქვა ინიციატივა მასთან ვიდეოსაუბრის შესახებ.
ჩინეთისთვის ეს შეხვედრა არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო. წინა დღეებში ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის გამო, ვიზიტის პოლიტიკური მხარე გადაიფარა და მეტწილად ეკონომიკური დატვირთვა შეიძინა. ამას ამტკიცებს სი ძინფინგის სტუმრობის ირიბი ნიშნები – მას შეხვდა არა სერგეი ლავროვი ან ძალოვანი სტრუქტურების რომელიმე წარმომადგენელი, არამედ პრემიერ მინისტრი მიშუსტინი, რომელიც ეკონომიკის საკითხებით არის დაკავებული.
რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს რამდენიმე ძირითადი ასპექტი აქვს: ჩინური ტვირთბრუნვის ზრდა რუსეთში, ენერგორესურსების იმპორტი რუსეთიდან, ახალი გაზსადენების გაყვანის ინიციატივა, იუანის გამყარება და არქტიკის ერთობლივი შესწავლა. შესაბამისად, ამ ვიზიტით, მათ სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზი გაესვა.
თქვენი აზრით, ეს ვიზიტი არის თუ არა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის უშუალოდ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა?
– რა თქმა უნდა არის. ნათელია ის ფაქტი, რომ ჩინეთს არავითარ შემთხვევაში არ სურს რუსეთის დამარცხება, ვინაიდან რუსეთი უკვე ათწლეულებია მისი სტრატეგიული პარტნიორია. უნდა თუ არა ჩინეთს დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება? ბუნებრივია, არა. იგი ამ ეტაპზე ბალანსირებს რუსეთსა და დასავლეთს შორის. სავარაუდოდ, ის რუსეთს დაეხმარება, თუმცა არა იარაღით, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური დასავლური სანქციები. ჩინური პოლიტიკა ბალანსის პოლიტიკაა, შესაბამისად, მათგან რადიკალურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. ნებისმიერი ნაბიჯი ჩინეთის მხრიდან, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური, თავის სასარგებლოდ არის მიმართული. ამის გათვალისწინებით, რუსეთისთვის ომში დახმარება საეჭვოა.
ჩინეთი, ზემოთნახსენები ექვსპუნქტიანი გეგმის შესაბამისად, პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტს. ჩინეთისთვის თაივანის არაღიარების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლინება უკრაინაში. იგი შეიძლება რუსეთს მხარს უჭერდეს, თუმცა ამ ასპექტში ნაკლებად. ეს ვიზიტი მორალური და ეკონომიკური მხარდაჭერის გამოხატვა უფროა, ვიდრე სამხედრო.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, აშშ არ დაუშვებს, რომ სხვა სახელმწიფომ დაიკავოს ლიდერის როლი უკრაინა-რუსეთის ომის მართვის საკითხში.“
რა შეიძლება იყოს აშშ-ის რეაქცია სი ძინფინგის ვიზიტზე რუსეთში?
– ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია ამ მოვლენაზე ორნაირი აღმოჩნდა. ჯეიკ სალივანი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დადებითად შეხვდა სის, როგორც მშვიდობის დამცველის, ვიზიტს რუსეთში. რაც შეეხება ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მისი პოზიცია უფრო ხისტი იყო. მან განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებდა ჩინეთის გეგმის განხილვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, აშშ არ დაუშვებს, რომ სხვა სახელმწიფომ დაიკავოს ლიდერის როლი უკრაინა-რუსეთის ომის მართვის საკითხში. ისინი კონფლიქტში იქნებიან ჩართულები როგორც მშვიდობისმყოფელები, იარაღის მიმწოდებლები და პოლიტიკური კლიმატის შემქმნელები.
“აშშ-ში გაიხსნა ჩინეთის შემსწავლელი ინსტიტუტი, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის გავლენის ზრდის მასშტაბებს.”
მამუკა გამყრელიძემ პუტინისა და სი ძინფინგის შეხვედრასთან ერთად ჩინეთის სამხედრო გააქტიურებასა და აუკუსის ორგანიზაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის გავლენა ცენტრალური აზიის რეგიონში იზრდება. ამაზე მეტყველებს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ სი ძინფინგის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სამიტის შესახებ.
“აქამდე ამ რეგიონში სამხედრო გავლენა რუსეთს, ხოლო ეკონომიკური ჩინეთს ეკავა. ახლა ჩინეთის სამხედრო მნიშვნელობაც საგრძნობლად გაიზარდა.ჩანაცვლების ეს პროცესი დაიწყო აშშ-ის მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ. ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის გააქტიურებაც სწორედ ამან გამოიწვია. ჯიბუტიში ერთი, ხოლო ტაჯიკეთში ჩინეთის ორი სამხედრო ბაზის გახსნა და პაკისტანში, გვადარში, პორტის აშენება მეტყველებს მის სურვილზე, თავი დაიმკვიდროს გლობალურ ძალად.” – განაცხადა მან.
საქართველოს ყოფილმა ელჩმა ისაუბრა ჩინეთის სამხედრო რეფორმის პროცესზე, რაც გულისხმობს როგორც სტრუქტურულ ცვლილებებს, ისე გადაიარაღებას.
“ამის საწინააღმდეგოდ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და ავსტრალიის ლიდერებმა სამმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულება, AUKUS-ი გააფორმეს. პაქტის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის შესაჩერებლად გამოიყენებენ. AUKUS-თან ერთად რეგიონში ჩამოყალიბდა სადაზვერვო ალიანსი, ხოლო აშშ-ში გაიხსნა ჩინეთის შემსწავლელი ინსტიტუტი, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის გავლენის ზრდის მასშტაბებს.”