[:ka]

ვაშინგტონისა და პეკინის პოლიტიკური კულტურების შედარებისას, კონტრასტი აშკარაა. დონალდ ტრამპის ვაშინგტონი შეგვიძლია შევადაროთ რეალით შოუს, რომლისთვისაც დამახასიათებელია პროტოკოლის საკმაოდ ხშირად დარღვევა, პრეზიდენტის მიერ მისი წინამორბედების დამცირება. სი ძინფინგის პეკინი კი შეგვიძლია შევადაროთ დიად ოპერას, სადაც ყოველი სიტყვა და ქმედება პროგნოზირებადია, პრეზიდენტი კი საკუთარ ავტორიტეტს უფრო მტკიცეს ხდის  წინამორბედთა პატივისცემით.

გასულ კვირას, პრეზიდენტი სი სიტყვით გამოვიდა ჩინეთის დიდ სახალხო დარბაზში , ტენგ სიაოფინგის (იგივე, დენ სიაოფინი) რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის 40 წლისთავის აღსანიშნავად. ტენგის რეფორმები ნამდვილად იმსახურებს აღნიშნვას, ვინაიდან 1978 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-11 ცენტრალური კომიტეტის მესამე პლენუმმა დაასახელა ქვეყნის გარდაქმნის საფუძვლები. შედეგად, თანამედროვე ჩინეთმა მიაღწია  კეთილდღეობის იმ დონეს, რომელიც წარმოუდგენელი იყო იმ დროისთვის. მსყიდველობითი უნარის მიხედვით, ჩინეთი მსოფლიოში უდიდეს ეკონომიკას ფლობს.

შეცვლილი რეალობა

გასაკვირი არ არის, რომ სი ძინფინგი თავს ტენგ სიაოფინგის მემკვიდრედ მიიჩნევს, თუმცა რეალობა ბევრად კომპლექსურია. გასულ წელს განვითარებული შიდა და საერთაშორისო ცვლილებები გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის ტენგის მემკვიდრეობას, რაზეც პასუხისმგებელი თავად სი ძინფინგიცაა.

  საერთაშორისო არენაზე, ჩინეთს უწევს დაუპირისპირდეს ამერიკას.  ტენგ სიაოფინგი თავის მხრივ ყოველთვის ცდილობდა ამის თავიდან აცილებას. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას,  კომუნისტურმა პარტიამ დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც სი ძინფინგს საშუალებას აძლევს იყოს ჩინეთის მმართველი სიცოცხლის ბოლომდე, რაც ეწინააღმდეგება ტენგის მიერ დაწესებულ ლიმიტს. გასულ წელს, სი ძინფინგის მოსაზრებები ოფიციალურად აისახა ჩინეთის კონსტიტუციაში. არც მედიაა  კრიტიკული მის მიმართ. ოფიციალური განცხადებებიც მხოლოდ მისი თანხმობით კეთდება.

  ჩინეთის პრეზიდენტი მოქმედებს იმ იდეით, რომ ის არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მესამე დიადი ლიდერი, რომელიც აგრძელებს ტენგ სიაოფინგისა და მაო ძედუნის გზას.  უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეა უგულებელყოფს ტენგ სიაოფინგის რეფორმებს, რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთის გათავისუფლებას კულტურული რევოლუციის შედეგად შექმნილი ანარქიისა და სიღარიბისგან.

  ორმოცი წლის შემდეგ, მდიდარ და გამოცდილ ქვეყანაშიც, ჩინელი ოფიციალური პირები ემორჩილებიან პარტიის ლიდერის შეხედულებებს. გასული წლის სექტემბერში, ტენგ სიაოფინგის შვილმა, ტენგ ფუფანგმა სი ძინფინგს მოუწოდა, დაბრუნებოდა მამამისის რეფორმატულ გზას. მისი აზრით, ჩინეთის პრიორიტეტი საკუთარი პრობლემების მოგვარება უნდა იყოს.

  არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთი გარკვულ საფასურს იხდის სი ძინფინგის მიერ კოლექტიური მმართველობის უარყოფისთვის. ჩინეთის ეკონომიკა ყოველ წელს 6%-ით იზრდება, რაც ბოლო 40 წლის საშუალო მაჩვენებელზე (9,5%) დაბალია. ჩინეთს თამამად შეუძლია თქვას, რომ არის მსოფლიო ლიდერი მობილური გადახდებით, 5G ტექნოლოგიითა და ხელოვნური ინტელექტით. მიუხედავად ამისა, ჩინელ კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სი ძინფინგის მიერ სახელმწიფოზე გაკეთებულმა აქცენტმა შეიძლება დააზარალოს კერძო სექტორის კომპანიები, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის რელურ ძრავას წარმოადგენენ. 2025 წლის „დამზადებულია ჩინეთში“ პოლიტიკაც მიზნად ისახავს მომავალი ინდუსტრიების განვითარებას, რაც ასევე ეფუძნება სახელმწიფოზე ორიენტირებულ საწარმოო პოლიტიკას. ოფიციალური პირები შიშობენ რომ მთავრობა კიდევ უფრო ბიუროკრატიული გახდება.

  საერთაშორისო არენაზეც, ჩინეთი  გარკვეულ საფასურს იხდის სტაბილური საერთაშორისო გარემოს შენარჩუნებისთვის, რასაც ტენგ სიაოფინგი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ ელემენტად მიიჩნევდა. თუმცა, ამაში დამნაშავე არა სი ძინფინგი, არამედ დონალდ ტრამპია, რომელიც ცდილობს გლობალური ვაჭრობის პირობების შეცვლას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სი ძინფინგის ჩინეთისთვის დამახასიათებელია უფრო მკაცრი პოლიტიკა, რისი კარგი მაგალითიცაა სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაცია.

  შეიძლება ითქვას, რომ სი ძინფინგის გამოსვლა იყო პასუხი ამერიკის ზეწოლაზე. არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც განსხვავდება გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მდგომარეობისგან, სი ძინფინგი სხვადასხვა სფეროში ჩინეთის მოწინავე პოზიციის შესანარჩუნებლად აუცილებელს მიიჩნევს რიგ შემთხვევებში ტენგს სიაოფინგის პოზიციისგან განსხვავებული ნაბიჯების გადადგმას.   მისი განცხადებით, არავის შეუძლია მიუთითოს ჩინელ ხალხს რა და როგორ გააკეთონ. თუმცა, ბაზრის გახსნის რეფორმებს, რომელსაც აშშ მოითხოვს, ტენგ სიაოფინგიც კი შეიძლება მოეხიბლა.

[:]