ქართველი სტუდენტები: ერთად გადავლახოთ სირთულეები და ერთად ვაშენოთ სრულყოფილი სამყარო

0
150

[:ka]

ჩინეთი უკვე ორ თვეზე მეტია ახალ კორონავირუსს ებრძვის, მან ქვეყნის შიგნით დაავადების გავრცელების გაკონტროლება შეძლო. ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჩინელი ხალხის ერთობლივმა სულისკვეთებამ და მის დასამარცხებლად შემუშავებულმა მეთოდებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

დღეს ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში მძვინვარებს. ჩინეთი მაქსიმალურად ეხმარება დაავადებასთან მებრძოლ მსოფლიოს უამრავ ქვეყანას. ამარაგებს ქვეყნებს საჭირო მედიკამენტებით, სამედიცინო აღჭურვილობით და გზავნის ექსპერტ ექიმებს. ჩინეთმა ასევე შეადგინა რამდენიმე ენოვანი „ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობის ცნობარი“, რომელიც დაეხმარება თითოეულ ქვეყანას საკუთარი ძალებით შეებრძოლონ და დაამარცხონ გავრცელებული ეპიდემია.

კანსუს პროვინციის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიამ, როგორც „სარტყელი და გზის“ ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მონაწილემ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეპიდემიის გავრცელების მდგომარეობას „სარტყლისა და გზის“ ქვეყნებში, ასევე კანსუს პროვინციაში მყოფი უცხოელი მოსწავლეების მოღვაწეობას. ამჟამად ლანჭოუს უნივერსიტეტში რვა ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში არ დაბრუნებულან. აკადემია, ლანჭოუს უნივერსიტეტის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემუშავებული ზომების დაცვით, გაესაუბრა ამ სტუდენტებს. სასწავებელი ითვალისწინებს პრევენციულ რეკომენდაციებს და სწორედ ამავე უნივერსიტეტის ხელშეწყობით ავიღეთ ინტერვიუ ქართველი სტუდენტებისგან.

2019 წლის სექტემბერში, ივანე კიშკომ, დალი ბერკაცაშვილმა, მარგალიტა აფციაურმა და სხვა ქართველმა სტუდენტებმა, დაიწყეს ლანჭოუს უნივერსიტეტში  სწავლა. ლანჭოუში სწავლის განმავლობაში, ისინი გაეცნენ ჩინეთის ისტორიასა და კულტურას, ზნე-ჩვეულებებს, ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს და შეიძინეს ახალი მეგობრები. დადგა არდადეგები, სტუდენტების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ზოგი სამოგზაუროდ გაემართა, მხოლოდ რვა ქართველმა სტუდენტმა გადაწყვიტა უნივერსიტეტში დაჩენა. ზოგიერთმა მათგანმა, დაფინანსების პერიოდის დასრულების მიუხედავად, გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით გაეგრძელებინა სწავლა. სტუდენტების ნაწილმა საჭიროდ ჩათვალა ერთწლიანი დაფინანსება მაქსიმალურად გამოეყენებინა და ამ პერიოდის განმავლობაში მომზადებულიყვნენ „HSK“, ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდისთვის. დანარჩენებმა კი ყველაზე უსაფრთხო ადგილად უნივერსიტეტის ტერიტორია მიიჩნიეს და დარჩენა გადაწყვიტეს.

ეპიდემიის გავრცელების პერიოდში, ლანჭოუს უნივერსიტეტის ლექტორები და მომსახურე პერსონალი უცხოელ სტუდენტებს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევდნენ, უმოწმებდნენ სტუდენტების სხეულის ტემპერატურას, უნივერსიტეტის სასადილო დღეში სამჯერ უზრუნველყოფდა მათ საკვებით, ასევე ატარებდა დეზინფექციას. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ყოველდღიური მოხმარების ნივთების საკმარისი რაოდენობაა, რაც გარანტიას აძლევს სტუდენტებს, რომ ვირუსი მათ ცხოვრებასა და განათლებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

უცხოელი სტუდენტები ყოველდღიურად ეცნობიან ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების შესახებ ცნობებს, ჩინეთის მთავრობის მიერ დადგენილ უსაფრთხოების ზომებს. სხვადასხვა წყაროების მეშვეობით ნახულობენ უამრავ გულისამაჩუყებელ კადრს, მათ უკვე ღრმად ესმით სიტყვა „მზრუნველობის“ მნიშვნელობა. ისინი უფრო მეტად ზრუნავენ ოჯახის წევრებზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, გარშემომყოფებზე. სწავლის გაგრძელებასთან ერთად, მუდმივად ვარჯიშობენ, სწავლობენ ჩინურ სიმღერებს, ინარჩუნებენ ოპტიმიზმს. რამდენიმე სტუდენტი ასევე დახელოვნდა ჩინური კერძების მომზადებაში, რომლებიც საუცხოოდ გამოიყურება, არაჩვეულებრივი სურნელით და გემოთი გამოირჩევა.

მართალია ქართველი სტუდენტები ჩინეთში იმყოფებიან, მაგრამ მათი გული მაინც სამშობლოშია. საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების რიცხვი თანდათან იზრდება, იმედოვნებენ, რომ მათი სამშობლო მოკლე პერიოდში მოახერხებს ვირუსის გავრცელების გაკონტროლებას. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ საფუძვლიანად დაეუფლებიან ჩინურ ენას, რათა თავიანთი ცოდნით ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის განმტკიცებას.

ქართველი სტუდენტების სახეზე თავდაჯერებული და პოზიტიური ღიმილი, გაზაფხულის ფერებს ირეკლავდა. მხიარული და მიზანდასახული ახალგაზრდები, ახლა თავიანთი მიზნის მისაღწევად იღვწიან.

მარგალიტა აფციაური (ჩინ.雪美): ვირუსის გამოჩენის შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩინეთში დარჩენა უფრო უსაფრთხო იქნებოდა. მშობლებმაც მირჩიეს ლანჭოუში დავრჩენილიყავი, რადგან აეროპორტში ყოველთვის ხალხმრავლობაა და დაინფიცირების რისკი თავისთავად მაღალია. იანვრიდან მოყოლებული და მას შემდეგ რაც კარანტინი გამოცხადდა, ბევრი დრო მქონდა სამეცადინოდ, რაც ძალიან დამეხმარა ჩინური ენის ცოდნის გაღრმავებაში. ვისწავლე და გამოვწერე ბევრი იეროგლიფი. დავწერე უამრავი სავარჯიშო, რაც დამეხმარება hsk 4-ის ჩაბარებაში. მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად სამ დღეში ერთხელ გავდიოდი, ამასობაში კერძების  მომზადებაც კი ვისწავლე, რაც საეროდ არ მეხერხებოდა. საქართველოში მყოფ ჩემს ოჯახს და ყველა მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ არ შეშინდნენ და ჩინელებივით მობილიზებულები და ყურადღებიანები იყვნენ. მთავარია სისუფთავის დაცვა, თანადგომა და მზადყოფნა. ძალიან ვაფასებ ჩინელი ლექტორების გულისხმიერებას და ყურადღებას ჩვენდამი, ვგულისხმობ უცხოელ სტუდენტებს. ისინი მუდამ მზადყოფნაში არიან დაგვეხმარონ და უპასუხონ ჩვენს ნებისმიერ კითხვას.”

ივანე კიშკო (ჩინ. 李想) : „2019 წლის დეკემბერში “Covid19″_ის გავრცელება მთელი მსოფლიოსათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩინეთი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ყურადღებით აკვირდებოდნენ, თუ როგორ უმკლავდებოდა ის, თავდაპირველად ლოკალურ, ხოლო შემდეგში კი მსოფლიო მასშტაბის პრობლემას.

ამ ეტაპზე შესაძლოა ითქვას, რომ ჩინეთი წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსს, თუმცა დანარჩენი დასავლეთის ქვეყნებისათვის ყველაფერი ახლა იწყება, მათ შორის საქართველოსთვისაც.

იანვრის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც გააანალიზებდა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. ერთი რამ მალევე გახდა ცხადი, რომ მთავარი საფრთხე ირანიდან მომდინარეობდა, შესაბამისად შეწყდა ყველანაირი მიმოსვლა ირანთან, თუმცა ბევრი ადამიანი აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა, რასაც მოყვა პირველი დადასტურებული კორონავირუსით დაავადების ფაქტი.

  ამჟამად საქართველოში 214 ადამიანია ვირუსით დაავადებული, რაც რეგიონში უმცირესი მაჩვენებელია. იმისათვის, რომ ვირუსმა პროგრესირება შეანელოს, აიკრძალა მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთანაც, ყოველი დაბრუნებული კი სავალდებულო იზოლაციის პროცესს გადის, მათ შორის იყო ჩემი ძმაც, რომელმაც ორ კვირიანი სავალდებულო თვითიზოლაციის კურსი გაიარა და საბედნიეროდ ვირუსი არ დაუდასტურდა.

  საქართველოს ეპიდემიოლოგიური პრევენციის პოლიტიკა ჩამოჰგავს ჩინეთისას, მოსახლეობა იცავს მკაცრ სოციალური დისტანცირების წესებს, ასევე კარანტინშია მოქცეული რამდენიმე ქალაქი. ეპიდემიის კონტროლისათვის გაწეულ დახმარებებში აუცილებელია აღინიშნოს, ჩინეთის წვლილიც, მოგეხსენებათ საქართველოს გადაეცა ათასამდე სწრაფი იდენტიფიცირების ტესტი.

  ლანჭოუს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნები გაითვალისწინებენ ჩინეთის პრაქტიკას და რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური ეკონომიკური დანახარჯებით დაამარცხებენ უხილავ მტერს რომელსაც “Covid19″-ის სახელით ვიცნობთ.”

დალი ბერკაცაშვილი (ჩინ. 达玲): “აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ლანჭოუში ჩამოვედი სასწავლებლად. ჩინურის ენის პირველმა გაკვეთილმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მასწავლებლებმა ბევრი იშრომეს მთელი ამ დროის განმავლობაში, რისი წყალობითაც სემესტრის დასრულების შემდეგ,  ჩინური  ენის დონე კიდევ უფრო გამიუმჯობესდა. ლანჭოუს უნივერსიტეტის მასწავლებლები საქმის პროფესიონალები არიან, ამიტომ გადავწყვიტე, ახლა უკვე თვით დაფინანსებით გამეგრძელებინა სწავლა. ასევე ვაპირებ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას ჩემს რჩეულ ლანჭოუს უნივერსიტეტში, ამიტომ კიდევ უფრო ბევრს ვშრომობ ჩინური ენის დონის ასამაღლებლად, რათა სრულყოფილად შევძლო ჩემი პროფესიის დაუფლება. კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, გადავწყვიტე ჩინეთში დავრჩენილიყავი. ჩინეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა, ამიტომ ამ ვირუსის დროსაც აქ თავს ძალიან დაცულად ვგრძნობდი. კარანტინის განმავლობაში ყოველდღიურად ვმეცადინეობდი და ვემზადებოდი ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდისთვის. ამ პერიოდში ასევე  ვისწავლე ჩინური კერძების მომზადება. დავიწყეთ ონლაინც გაკვეთილები, რომელიც ძალიან ეფექტურია. ლანჭოუს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველდღიურად იღებს იფორმაციას უცხოელი სტუდენტების ჯანმრთელობის შესახებ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ  გამოჩენილი ყურადღებისათვის. ქართველებს კი მოვუწოდებ სიმშვიდისაკენ და რაც მთავარია დაემორჩილეთ წესებს, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისთვისაა.”

ნიკა გოგინაშვილმა ჩინურის სწავლის დაწყებისთანავე ჩინური სახელი და გვარი შეარჩია.  ვირუსის დაწყებამდე, მას სურდა ქალაქ ლანჭოუში გაეტარებინა ზამთრის არდადეგები, აგრეთვე ენახა პეკინი და შანხაი. ეპიდემიამ კარდინალურად შეცვალა ნიკას გეგმები. ის სულ ცდილობს დაიცვას უნივერსიტეტის მოთხოვნები და პირობები. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ნიკა ერიდება გარეთ გასვლას. ის ყოველდღე მეადინეობს უნივერსიტეტის კამპუსში და ესწრება ონლაინ გაკვეთილებს. სახლიდან გასვლის დროს იკეთებს პირბადეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკა გრანტის მოპოვების შემდეგ, ენის კურსებზე ლანჭოუს უნივერსიტეტში ჩაირიცხა და უკვე 6 თვეზე მეტია, რაც კანსუს დედაქალაქში ცხოვრობს, აპირებს მაგისტრატურაც ჩინეთში გაიაროს. მას შემდეგ, რაც ლანჭოუში ჩამოვიდა, თვლის, რომ ლანჭოუს უნივერსიტეტი არა მარტო სასწავლებელი არამედ დიდი ოჯახია, სადაც  გულთბილად მიიღეს. თვლის, რომ ვირუსმა გვასწავლა ის, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ და რაც მთავარია, არ შევუქმნათ საფრთხე ერთმანეთს. რაც შეეხება ჩინეთის მთავრობას, მათმა ქმედებებმა კარგად აჩვენა მსოფლიოს ის, თუ როგორ ეფექტურად შეუძლია ჩინეთს გაუმკლავდეს ასეთ მასშტაბურ სიტუაციას. ნიკას მიაჩნია, რომ ეს პანდემია მალე დასრულდება დავჩინეთსა და მთელს მსოფლიოს წარმატებას უსურვებს.

ნინო გოგიაშვილი (ჩინ. 尼诺) : ჩინეთში ვიმყოფები 1 წლით, ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით.  ვცდილობ მაქსიმალურად დავრჩე სახლში (საერთო საცხოვრებელში). ყოველთვის,მიკავშირდება მასწავლებელი  მეც და ჩემს ჯგუფელებს. ხშირად იგებენ ჩვენს ამბებს. მაქსიმალურად გვაქცევენ ყურადღებას და ზრუნავენ ჩვენზე რაც ძალიან სასიამოვნოა. ახლა საქართველოს   მთავრობა ყველანაირად ცდილობს ეპიდემია თავიდან აიცილოს და გააკონტროლოს. საქართველოს და ჩინეთს კარგი ურთიერთობები აქვთ. ამ კრიტიკულ ვითარებაში ჩინეთის მთავრობამ  საჭირო სამედიცინო საშუალებებით  უსასყიდლოდ გაგვიწია დამარრეება. ძალიან მადლობელი ვარ“.

რეზი კვაჭაძე, ჩინ. 瑞胜: „7 თვეზე მეტია რაც ჩინეთში, ლანჭოუს უნივერსიტეტში ვსწავლობ ჩინურს. როდესაც პირველად გავიგე, რომ ჩინეთში, კერძოდ ქალაქ უხანში დაფიქსირდა ვირუსი სახელად “კორონა”, რომელიც  დიდ საშიშროებას უქადდა არამხოლოდ ამ კონკრეტულ ქალაქს, არამედ მთელ ჩინეთსა და, დღეს უკვე ვიცით მსოფლიოს რიგ ქვეყნებსაც, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი, რადგან მიმაჩნია ჩინეთი იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც  ძალა შესწევთ გაუმკლავდნენ აღნიშნულ პრობლემას.  ჩინეთის მთავრობა აქტიურად იბრძვის ვირუსის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველდღე გვიმოწმებენ ტემპერატურას, გვაძლევენ საჭირო როკომენდაციებს. ამ დროის განმავლობაში ჩემი ცხოვრების რიტმი შეიცვალა, მე ყოველდღე ვმეცადინეობ და ვვარჯიშობ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში.  კორონა ვირუსის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ჩემ ქვეყანაშიც, მაგრამ საქართველოს მთავრობა და მედიკოსები, მსგავსად ჩინეთისა, საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან ვირუსის გავრცელებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. ვიმედოვნებ, ვირუსთან ბრძოლა შედეგიანი აღმოჩნდება და 2-3 თვეში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.”

დაე, მსოფლიომ გაზაფხულის დღეებს აუწყოს ფეხი, ყვავილებმა ჩვეული სილამაზით განაგრძონ ყვავილობა. დაე, ახალგაზრდები მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს ამ მშვენიერ დროს.[:]