[:ka]

 2021 წლის 26 ივლისს, გუანდონის პროვინციის ქალაქ გუანჯოუს ცენტრში, ,,სარტყლისა და გზის ბიზნეს სახლის“ საერთაშორისო საგამოფენო-სავაჭრო ცენტრის განვითარების ფორუმი გაიმართა, რასაც მოჰყვა საზეიმო ვითარებაში სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის 25 ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო-საგამოფენო ცენტრისა და  ქართული რესტორნის გახსნის ცერემონიალები.

 გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ გუანჯოუში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბატონი არჩილ კალანდია, ნეპალის, თურქეთის, პანამის, არგენტინის გენერალური საკონსულოს კონსულები ქალაქ გუანჯოუში, ტაილანდის სამეფოს გენერალური საკონსულოს კომერციული განყოფილების  კონსული, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის გუანდონის პროვინციული კომიტეტის თავმჯდომარე, გუანდონის პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა სამსახურის დირექტორი, გუანდონის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს საერთაშორისო  დეპარტამენტის დირექტორი,  გუანჯოუს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს დირექტორი და ადგილობრივი ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები.

  ბიზნეს სახლის მუდმივმოქმედ საერთაშორისო სავაჭრო-საგამოფენო ცენტრში  წარმოდგენილია აბრეშუმის გზაზე მყოფი 25  ქვეყნის წარმომადგენლობა და გამოფენილია წევრი ქვეყნების პროდუქცია და ტურიზმი. მისულ სტუმრებს  აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ქვეყნების მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, კულტურასა და ისტორიას. ბიზნეს სახლის მოწვევით, მუდმივმოქმედ გამოფენას ამ ეტაპზე ოფიციალურად ჰყავს 21 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლობა: საქართველო, ჩინეთი, იტალია, გერმანია, უკრაინა, თურქეთი, ავსტრალია, ეკვადორი, არგენტინა, პორტუგალია, ტაილანდი, ინდოეთი, ნეპალი, ირანი, ბანგლადეში, ეგვიპტე, ნიგერია, იორდანია, ახალი ზელანდია, სომალი, პაკისტანი და ბიზნეს  სახლის მოწვევით, მუდმივმოქმედ გამოფენას კიდევ 4 ქვეყნის წარმომადგენლობა შეუერთდება. მეცხრე სართულზე წარმოდგენილია ქართული რესტორანი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ძველ ქართულ ტრადიციულ კერძებს, გადახალისებული და გაცოცხლებული გემოებით. ასევე, თვეში ორჯერ გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის კულტურის დღე და ბიზნეს სახლში გაწევრიანებულ ქვეყნებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის სამზარეულო, კულტურა, სანახაობრივი შოუები და ა.შ.

  ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებმა, სიტყვით გამოსვლის დროს, დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს შემდგარ პროექტს და აღნიშნეს, რომ ბიზნეს სახლის პლატფორმაზე გახსნილი 25 ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო-საგამოფენო ცენტრი წარმოადგენს სარტყლისა და გზის საწყისს წერტილს, საიდანაც განხორციელდება აბრეშუმის გზის ქვეყნების კულტურის,  პროდუქციის, ტურიზმის, საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის.

 შეგახსენებთ, რომ სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი 7 მნიშვნელოვანი, კომპლექსური მიმართულებითა და შესაძლებლობებით, რომლის კონცეფციაც უპირველესად ეხმიანება საქართველოს პოპულარიზაციას არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ორგანიზაცია მზად არის, ჩინეთში მოღვაწეობის პერიოდში, თავისი ყველა რესურსის გამოყენებით,   ყველა დიდ ქალაქში გახსნას ბიზნეს სახლი და ამ გზით გააცნოს ქვეყანა არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ დანარჩენ მსოფლიოს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგია ცალსახად ეხმიანება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინფინის ინიციატივას აბრეშუმის გზის ქვეყნების გაერთიანების შესახებ და მიზანმიმართულად მოქმედებს აღნიშნული ინიციატივის სრულყოფილად განხორციელებისთვის. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს აბრეშუმის გზის ქვეყნების გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ, მათ შორის მშვიდობიანი და მომგებიანი ბიზნეს ურთიერთობების დამყარება, ერთმანეთის ქვეყნების პოტენციალის გაცნობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი ოფიციალური ვიზიტებით მოინახულეს: ჩინეთის კომერციის მინისტრმა, გუანდონის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, ქალაქ გუანჯოუს ვიცე-მერმა, გუანჯოუს მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივანმა, გუანჯოუს კომერციული ბიუროს პრეზიდენტმა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა.

[:]