[:ka]ქეთევან ბოჭორიშვილი: “საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ იყოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აზიიდან ევროპაში” [:]

0
4457

[:ka]

15 სექტემბერს, თბილისში, გლობალური  ბიზნეს ფორუმი 2017 გაიმართება და ის ბიზნესში მიმდინარე გამოწვევებს მიეძღვნება. ფორუმი საქმიან ქალთა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდება და უმასპინძლებს დელეგატებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფორუმის მნიშვნელობაზე ქართულ-ჩინურ მედია პლატფორმა „სინომედიასთან“ ფორუმის სპიკერმა და “ანაკლია სითის” გენერალურმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

ჩვენთან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა იმ თანამედროვე ბიზნეს ტენდენციებს, რომლებიც არსებობს დღეს მსოფლიოში და აღნიშნა, რომ მათი მიზანია ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას გააცნოს საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ასევე მიაწოდოს ინფორმაცია ტურისტული თუ საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მან ასევე გააკეთა აქცენტი ბიზნეს სფეროში მოღვაწე ქართველი ქალბატონების როლზე.

„როდესაც იგეგმებოდა აღნიშნული ფორუმი, მე ყოფილი თანამდებობის ფარგლებში ვიყავი. როგორც იცით 7 წელი ვმუშაობდი ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ და ჩემი მთავარი ფუნქციები სწორედ ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობის განვითარება, ინოვაციების დანერგვა, ინვესტიციების მოზიდვა და ტურიზმის განვითარება იყო. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სადაც ძალისხმევა კერძო სექტორის განვითარებაზე იყო მიმართული.  მათ შორის ქალბატონების ბიზნეს სამეწარმეო გაუმჯობესება და მათი აქტიურად ჩართულობა ბიზნეს საქმიანობებში, რომელიც უმნიშვნელოვანესია. არაერთი კონკრეტული პროექტი შევიმუშავე, მათ შორის მიკრომეწარმეობა, სადაც უფრო მეტი აქცენტი ქალბატონებზე კეთდებოდა, რათა მათი იდეები დაკავშირებოდა განათლებას და ფინანსირებას. წვდომა განათლებაზე, რათა იდეები ბიზნეს პროექტებად განახორციელო, ხოლო შემდგომ უკვე დაფინანსების წყაროს გაუმჯობესება, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბრკოლებელია ბიზნესის განვითარების კუთხით, განსაკუთრებით, კი  ქალბატონებში.

დღეს სხვა თანამდებობაზე ვარ, თუმცა სამეწარმეო უნარების განვითარება და ქალბატონების ჩართულობა ბიზნეს საქმიანობებში კვლავ ჩემს პრიორიტეტად რჩება. ყოველთვის ვცდლობ, რომ წინ წამოვიდეს ქალბატონებზე ორიენტირებული პროგრამები და პროექტები“ – განაცხადა ქეთევანმა.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება დაიწყო, რომელსაც ქალბატონი ქეთევან ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. ქალაქი ანაკლია რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება და ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე გაშენდება.

„დღეს, მაგალითად, ანაკლიაში ჩვენ ვახორციელებთ ღრმაწლოვანი პორტის განვითარებას და სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას, სადაც არაერთი საერთაშორისო კომპანია განავითარებს თავიანთ საქმიანობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მოვიზიდოთ ევროპული კომპანიები, რომელთაც სურთ თავიანთი პროდუქციის შეტანა ჩინეთში და პირიქით ჩინური კომპანიები, რომელთაც ევროპაში სურთ შეიტანონ საკუთარი პროდუქცია. ასევე იმ სხვა ბაზრებზე სადაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდეს, შემოვიდნენ უცხოური კომპანიები და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც რათქმაუნდა ხელს შეუწყობს არამხოლოდ კონკრეტულად იმ რეგიონს, არამედ იქნება ფართო მასშტაბების და ქვეყნის განვითარებასა და ახალ ეტაპზე გადასვლას განაპირობებს.“

გლობალური ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავს საუკეთესო ქართული და საერთაშორისო ბიზნესებისთვის საყოველთაო ქსელის შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გაღრმავებას.

„ფორუმის ჩატარება საქართველოში უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ გვექნება საშუალება მოვისმინოთ წარმატებული ქალბატონებისაგან და არა მხოლოდ მათგან ის გამოწვევები, რაც დღეს მთელს მსოფლიოში არსებობს. ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და შესაბამისად მნიშვნელოვანია ის თუ რა ეტაპები გაიარეს მათ ამ კუთხით, როგორ აუმჯობესებენ ისინი წლიდან წლამდე ქალბატონთა ჩართულობას სამეწარმეო საქმიანობებში და სწორედ მათი გამოცდილების, ცოდნის გაზიარება და ინსპირაცია იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მოტივაცია ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით. ასევე უმნიშვნელოვანესია წარმატებული მაგალითების წარმოჩენა სტიმულისათვის. ხშირად მნიშვნელოვანია გადალახო სტერეოტიპები, რათა მიიღო მეტი შედეგი“ – დასძინა მან.

“ანაკლია სითის” გენერალური დირექტორი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებსაც შეეხო და აბრეშუმის გზის პროექტის „სარტყელი და გზა“ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვაა. უკვე არაერთი მასშტაბური და  წარმატებული ჩინური ინვესტიცია განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმ პოტენციალთან შედარებით, რაც დღეს შეიძლება ჩინეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოვიდეს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ვიმუშაოთ და მეტად წარმოვაჩინოთ ის პოტენციალი, რაც შეიძლება ჩინეთ-საქართველოს აკავშირებდეს. 2015 წელს მე ვიყავი ინიციატორი აბრეშუმის გზის კონფერენციის, სადაც დაახლოებით 400 – 500 ჩინური კომპანია იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მათთან დავამყარეთ ურთიერთობა და მოხარული ვარ, რომ აღნიშნული კონფერენცია წელსაც ჩატარდება უკვე მეორედ. ანალოგიურად, ჩინეთი წელსაც იქნება ფორუმის თანაორგანიზატორი და მთავარი მონაწილე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩინური ინვესტიციები მრავალმხრივ შეგვიძლია მოვისაზროთ, როგორც ტურიზმის, წარმოებისა და სხვა  მიმართულებითაც და ასევე იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, თუნდაც სავაჭრო რეჟიმები ევროპასა, იგივე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. მინდა გამოვყო ტურიზმი, ეს პოტენციალი იზრდება და ამასთანავე იმატებს ჩინელი ტურისტების შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც დამატებითი ფრენების შექმნა ამას ხელს შეუწყობს. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით პეკინიდანაც განხორციელდება ფრენები, თუმცა კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანასთან არის სამუშაო ამ მხრივ, რათა უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და გაიზარდოს ექსპორტი. სულ რამოდენიმე წლის წინ ექსპორტი ჩინეთში არ ხორციელდებოდა ჩვენი ქვეყნიდან. მოხარული ვარ, რომ ღვინო უკვე გადის ჩინეთში და მასთან ერთად სხვა პროდუქციაც. ზრდის ძალიან მაღალი და პოზიტიური ტენდენციებია. ვთვლი, რომ ორ ქვეყანას შორის შესაძლებელია ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. აბრეშუმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა რჩება უმთავრესად და იცით, რომ საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ იყოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცენტრალური აზიიდან და აზიიდან ევროპაში.“


[:]