[:ka]ქორწილია! ქორწილი![:]

[:ka]

გიოცნებიათ დოკუმენტური გადაცემის თანამონაწილე ყოფილიყავით? რეალურად შეგეგრძნოთ სინამდვილე, კულტურა და ეპიცენტრიდან გედევნებინათ თვალი ყოველგვარი განსხვავებულისთვის? მაშინ გისურვებთ რომ ერთხელ მაინც დაესწროთ ტრადიციულ ქორწილს ჩინეთში.

ჩემმა მეგობარმა ნათანმა, ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ახსენა, რაც სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში: არ მესმის იმ ხალხის ვინც ამბობს წარმოშობით ჩინეთიდან ვარო. ჩინეთი კონტინენტისხელა ქვეყანაა, უდიდესი რეგიონია, განსხვავებული ხალხითა და ყოველ მხარეში ინდივიდუალური წეს-ჩვეულებებით. ეს იგივეა ფრანგი, ინგლისელი ან შვედი გაგეცნოთ მსგავსი ფრაზით: გამარჯობა მე ევროპელი ვარ. არაფრის მთქმელია ხომ?! ასეა ჩინეთშიც, აუცილებელია თავისი ქვეყნისხელა პროვინციის და/ან ქალაქიც დაასახელოს რომ შეგექმნას უფრო მეტი წარმოდგენა ვის ესაუბრები…

ჯოჯო პეკინიდან შორს, სამხრეთით დაიბადა (იანგშუოს – Yangshuo მახლობლად), სადაც ბუნება მდიდარია მთებით, მდინარეებით, ნატულარიზმით და მრავალშვილიანობით. დიახ, არ მოგესმათ. ერთი შვილის კანონი მთელ ჩინეთზე არ ვრცელდებოდა, მხოლოდ სტრატეგიულ ქალაქებზე. ამიტომაც ჯოჯოს ყავს 2 და და 1 ძმა, ხოლო ჯოჯოს დედა 7 შვილიანი ოჯახის წევრია.

შარშან ნოემბერში, ზუსტად ერთი წლის წინ, ჯოჯომ ჯონსი ბოიფრენდად აღარ მოიხსენია, გამომიცხადა ჩემი ქმარია, ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ და დაპატიჟებული ხარ ქორწილშიო. თარიღი – 9 იანვარი; ტრანსპორტი – მატარებელი; დრო – 4 საათი; მიმართულება: სუჭოუ (Suzhou). ქორწილი ტარდებოდა მისი ქმრის სოფელში, საქმროს ოჯახის თაოსნობითა და ინიციატივით. ჯოჯომ ასე მითხრა, ჩემი მშობლები ქორწილს ვერ ესწრებიან, წელს ჩემი დაც თხოვდება და ორი შვილის ქორწილში დასწრება მშობლისთვის ერთიდაიგივე წელიწადს არ შეიძლებაო. თან გამეხუმრა, დედაჩემი შენ იყავიო))))

ქორწილისთვის მზადებას დიდის ამბით შევუდექი: კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, აქსესუარები…პეკინიდან სუჭოუსკენ საბასთან და ჯონსის მეგობართან ერთად გავემგზავრეთ. მატარებლიდან თბილად ჩაცმული გადმოვედით, ჯოჯომ დაგვინახა და ეგრევე გვამცნო: ხვალ ასე ჩაიცვით თორემ გაიყინებითო. ჩამივარდა კოვზი ნაცარში!

ქორწილის წინა დღე იყო, თანაც სოფელში გაიგეს უცხოელები ჩამოდიანო, დიდის ამბით მოემზადნენ. სახლი სადაც სადღესასწაულო სუფრა უნდა გაშლილიყო ერთსართულიანი იყო, ისეთივე როგორც ჩინური ტრადიციული სახლები ე.წ. ხუთუნები (Hutong). სუფრა უკვე გაწყობილი დაგხვდა ჩამოსულების საპატივცემულოდJ კერძები რათქმაუნდა ტრადიციული იყო, განსხვავებული და გემრიელი. მაგიდას მოხარშული კუც კი ამშვენებდა. მერე იყო ბრინჯის არაყი, მერე იყო შემოთავაზება სიმღერაზე და მერე იყო დიდი სცენა, რომელზეც მე და საბას უნდა შეგვესრულებინა მაიკლ ბუბლეს “სანტა ქლაუს ის ქამინგ თუ თაუნ” (Michael Buble – Santa Claus Is Coming to Town). სიმღერა ქუქუ მუზიკის (QQ Music) დახმარებით ჩამოვტვირთე ინტერნეტიდან. ეს ღია ცის ქვეშ მდგარი სცენა, პირდაპრ თვალებში უყურებდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც თავიანთი სახლებიდან გამოეტანათ სკამები, ჩაედგათ ახალნაწვიმარ ტალახიან ქუჩაში და ხელები მჭიდროდ მოეჭდოთ ტანზე რომ არ გაყინულიყვნენ. ჩვენი წარმოდგენის გამო, სცენას მოყოლილი დაქირავებული მსახიობები გააჩერეს, რომლებიც მანამდე ჩინურ ტრადიცულ თეატრს თამაშობდნენ. ჩავარაკრაკეთ სიმღერა, მიკროფონს რაღაცნაირი ეფექტი ედო და ხმა სადღაც მთებიდან მოდიოდა, თან მომწონდა. დასრულდა სიმღერა და ფილმ „უკან მომავალში“ რომ როკენროლის პირველად გაგოგონებაზე ხალხი დუმს გაუგებრობისგან, ის გვიყურებდა ჩვენც ადგილობრივი სოფელი. მაგრამ 3 წამში გამოფხიზლდნენ, იგემეს „ახალი მიმდინარეობის“ გემო და ბისზე გასვლასაც გვთხოვდნენ.

სიმღერის მერე ყველანი დასასვენებლად დავიშალეთ. ჯოჯო იმ დღეს საქმროსთან არ რჩებოდა, ოთახი ჰქონდათ დაჯავშნილი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. თუმცა თან ქათამი გაიყოლა, ყუთში ჩასმული. ჯონსს კი მამალი დაუტოვა, ყუთში ჩასმული. ქათამსაც და მამალსაც მთელი ღამე ნეფე-პატარძლის საძინებელში უნდა გაეტარებინა ღამე.

ეს იყო ძველი ჩინური ტრადიციული ქორწილის ნაწილი, თუმცა ჩემთვის ყველაფერი კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა…. რასაც ფარდა მეორე, ქორწილის უშუალო დღეს აეხადა…

#Wechat #WechatPay #BaiduMap ##სინომედიაბლოგი #ახალირუბრიკა #სინომედიაბლოგერი #სინომედია #SinomediaBlog #SinomediaBlogger #Sinomedia #QQmusic #Tradition #Wedding #TinasBlog

 [:]

კომენტარის დატოვება