[:ka]შანხაის გზამკვლევი — ნაწილი I[:]

0
3006
შანხაი, ჩინეთი.

[:ka]

შანხაი — ვინც ჯერ კიდევ არ იცით, უდიდესი ქალაქია ჩინეთში, ხოლო მსოფლიოში პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. ოფიციალური ცნობებით ქალაქის მაცხოვრებელია 25 მილიონი, არაოფიციალური ცნობებით, თუ ჩემი უნივერსიტეტის (აღმოსავლეთ ჩინეთის პედაგოგიური უნივერსიტეტიECNU) პედაგოგებს დავუჯერებთ, ეს რიცხვი აჭარბებს 30 მილიონს.

შანხაი დღეს წარმოადგენს ფინანსურ და სატრანსპორტო ჰაბს, რომლის ტერიტორია გაჭიმულია დაახლოებით 588 კმ-ზე. ცნობილი ფუტონგისა და ხუნციაოს აეროპორტები კი ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.

ბანდი (ინგლ. – “the Bund”, ჩინურად – ”外滩“, იგივე “გარე სანაპირო“), ამ სიტყვაზე რატომღაც ყველა ჩემს ქართველ სტუმარს ეცინება (ოღონდ ვერ მივხვდი რატო) არის ქალაქის ალბათ ნომერ პირველი სანახავი ღირსშესანიშნაობა (უახლოესი მეტრო სადგურია “აღმოსავლეთ ნანძინგი-East Nanjing Rd.“), რომელიც წარმოადგენს გადმოსახედ მოედანს ლიუძიაწუეის არეალში (Liujiazui Rd.,刘家嘴路) არსებულ უზარმაზარ ცათამბჯენებზე, ესენია: შანხაის კოშკი (მეორე ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში – 632მ, 127 სართული), შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი (492მ, 101 სართული), ცინგ მაო (421მ, 88 სართული), შიმაოს საერთაშორისო პლაზა (333მ, 60 სართული), აღმოსავლეთისმარგალიტი (470მ, მბრუნავი რესტორნით), შანხაის ბანკის შტაბ-ბინა (252მ, 46 სართული), სასტუმრო პულმან შანხაი და სხვა.

შანხაის კოშკი.

პირადად ჩემთვის ყველაზე ლამაზი და გამორჩეული დიზაინის მქონე შენობებია: პულმანის სასტუმრო, ცინგ მაო და აღმოსავლეთის მარგალიტი. სხვათაშორის აღმოსავლეთის მარგალიტი მეხუთე ყველაზე მაღალი ანძაა მსოფლიოში, ხოლო აზიაში მეორე. თუ გსურთ გადმოხედოთ მთელს ქალაქს, მაშინ, რათქმაუნდა, უნდა ესტუმროთ შანხაის კოშკს. ბოლო სართულზე ასვლა აკრძალულია, თუმცა გადმოსახედი არის რამდენიმე სართულით ქვევით და ეს სიამოვნება დაგიჯდებათ 160 იუენი (დღევანდელი კურსით 61 ლარი). სტუდენტური ბარათის წარდგების შემთხვევაში გადაიხდით 90 იუენს (34,50 ლარი). ასევე, არსებობს სხვა ალტერნატივაც… პანორამის სართულიდან რამდენიმე მეტრით ქვემოთ მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ბარი, საიდანაც შესაძლებელია ქალაქის ხედის ნახვა. ამ შემთხვევაში შეძლებთ შანხაის დათვალიერებას მხოლოდდამხოლოდ 30-50 იუეინიანი (12-20 ლარის ფარგლებში) ყავის/ჩაის/კოქტეილის დაგემოვნებისას. ან თუ კი არ გიღირთ მსგავსი თანხის გადახდა, მაგრამ მაინც გაქვთ დიდი სურვილი, რომ გადაჰყუროთ ულამაზეს შანხაის, მაშინ შეგიძლიათ მოძებნოთ მაღალსართულიანი კორპუსები ასევე ფუტონგის ტერიოტირაზე და ჩუმად აიპაროთ ზემოთ. ჩუმად და მალულად იმიტომ, რომ ძირითადად ასეთი კორპუსები დაცვის ქვეშ არის და სადარბაზოში ვერ შეაღწევთ საიდუმლო კოდის (ჩვენში რომ ვთქვათ, “password”) გარეშე, რომელიც მხოლოდ კორპუსის მაცხოვრებლებმა იციან.

შანხაის აკვარიუმი.

ბარემ აქვე დავწერ შთაბეჭდილებებს შანხაის აკვარიუმზე, რომელიც ლიუძიაწუეის მეტროსთან მდებარეობს. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მრავალსართულიანი, უახლესი ტექნიკით და მოწესრიგებული ტუნელებით აღჭურვილი აკვარიუმი. მუშაობის საათებია 9:00-21:00-მდე ყოველდღე. ფასი ერთ ადამიანზე 160 იუენი (61 ლარი), გიდთან ერთად ემატება 100 იუენი (38 ლარი).

 

 

გადაადგილება შანხაიში:

პირადი ავტომობილი:

მანქანის ყოლა შანხაიში ძვირი სიამოვნებაა. გარდა მანქანის ყიდვისა, აუცილებლად უნდა შეიძინოთ თქვენი ოთხბორბალასთვის ლიცენზია, რომლის მოპოვება რიგ ბიუროკრატიულ ეტაპებთანაა დაკავშირებული. მანქანის ლიცენზიის საშუალო ფასი არის 70 ათასი იუენი (26620 ლარი) და იცვლება ნომრის პრესტიჟულობიდან გამომდინარე. ჩინური ნუმეროლოგიის გათვალისწინებით კი, ზედიზედ სამი 8-იანის შემთხვევაში, რასაკვირველია, ფასი გაუთანაბრდება ერთი ან ოროთახიანი ბინის ფასს. გარდა ამისა, ყოველთვიური გადასახდელი ფიქსირებული თანხა მანქანის ლიცენზიის გამოყენებაზე შეადგენს 6-10 ათას იუენს (2290-3825 ლარის ფარგლებში).

ტაქსი:

ჩვეულებრივი ტაქსი, რომელსაც აქვს სპეციალური ტაქსი-მეტრი. შანხაი, ჩინეთი.

სტანდარტულად, გავლილი თითო 2,5 კმ ჯდება 14-18 იუენი (5-7 ლარი). საბოლოო თანხის ათვლა იწყება ტაქსიში ჩაჯდომიდანვე, ამიტომ რომ გქონდეთ გასავლელი 500 მეტრი ან 2 კმ-ზე ნაკლები დისტანცია, გერჩივნოთ ფეხით გავლა, რადგან მაინც ტაქსის ფანჯარაზე მითითებული ტარიფის გადახდა მოგიწევთ, ანუ იქნება ეს 14 თუ 18 იუენი. ყველაზე ეკონომიური ტაქსის აპლიკაციაა “ტიტი” (滴滴), სადაც 2,5 კმ-ზე ტარიფი იწყება 10-11 იუენიდან. აღნიშული მობილური აპლიკაცია ძალიან მოსახერხებელია და სწრაფი, ფაქტობრივად გამოძახებიდან სულ 2-3 წუთში თქვენთან მოდის მძღოლი. წინასწარ შეგიძლიათ დანიშნულების ადგილის მითითება, ღირებულების გაგება და ავტომობილის (ტაქსის) კლასის შერჩება (სტრანდარტი, პრემიუმი, ლიმუზინი, სატვირთო და ა.შ.). თუმცა ავტომობილის კლასის შერჩევისას გირჩევთ იხელმძღვანელოთ ჩინური ლექსიკონით და დაკვირვებით ამოარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი, რადგან არ დაუშვათ ჩემ მსგავსად შეცდომა, როდესაც პირველად გამოვიძახე “ტიტი”-ის პრემიუმ კლასის მანქანა და იმაზე ბევრად მეტი გადავიხადე, ვიდრე სტანდარტული ღირებულება ჯდებოდა (მანქანაში დახვედრილი საჩუქრებისა და გამაგრილებელი სასმელების მიუხედავად :დდდ).

“უბერი” (Uber) ასევე ფუნქციონირებს ჩინეთში და “ტიტიზე” უფრო იაფიც არის, თუმცა მისი გამოყენება ძირითადად მხოლოდ მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს შეუძლიათ, რადგან მობილურ აპლიკაციაში საჭიროა უნიკალური კოდის შეყვანა, რომელიც მხოლოდ ბინადრობის საბუთებში არის მითითებული.

პოპულარული ტაქსის აპლიკაცია ჩინეთში – “ტიტი”.

დღეისთვის ყველაზე სწრაფი და იაფიანი გზა შანხაიში ბიუჯეტიანი მოგზაურისთვის არის, რათქმაუნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო და ავტობუსი, ან ჩინეთში ძალიან პოპულარული – საერთო მოხმარების ველოსიპედები!

 

 

მეტრო:

შანხაის მეტრო ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია (588კმ), მას ფერების მიხედვით დაყოფილი 14 ხაზი და სულ 364 გაჩერება აქვს. მეტროს სისტემა ძალიან მოსახერხებელია მგზავრისთვის და ქალაქის ნებისმიერ წერტილში მიგიყვანთ (თითქმის ყველგან…). მეტროს ვაგონები აღჭურვილია სპეციალური გზამკვლევებით, მიმართულების ნიშნებით, ელექტრონული რეკლამებით. გარდა ამისა, მგზავრობისას მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ჩინური სერიალის ან ოპერის ყურება. აგრეთვე მსოფლიო ლიტერატურული საგანძურის ციტატების და მოკლე პოემებისა ან ნოველების წაკითხვა ვაგონებში დამაგრებულ ხელის მოსაკიდებლებზე.   მეტროს ღირებულება ყველაზე ახლო გაჩერებამდე შეადგენს 3 იუენს (1,15 ლარი), ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დისტანცია ერთი ან ორი გაჩერებაა, ერთსა და იმავე ხაზზე. ხაზების ცვლასთან ერთად ასევე იცვლება მეტროს მგზავრობის ტარიფი, თუმცა საბოლოო თანხა ერთს მგზავრობაზე არ გადააჭარბებს 14 იუენს (5,30 ლარი). თუ ხანგრძლივი პერიოდით აპირებთ ცხოვრებას შანხაიში, მაშინ გირჩევნიათ “交通卡”-ს ან ქართულად რომ ვთქვათ “სამგზავრო ბარათის” შეძენა, რომლის ღირებულება შეადგენს 20 იუენს (8 ლარი). ამ შემთხვევაში აღარ დაგეკარგებათ დრო ცალ-ცალკე ბილეთის ყიდვაზე ყოველი მგზავრობისას. ამ ბარათზე თანხის ჩარიცხვა კი შესაძლებელია მეტროში მყოფი სპეციალური აპარატების მეშვეობით. ბარათში გადახდილი თანხა შეგიძლიათ უკან დაიბრუნოთ აღნიშნული ბარათის უკან ჩაბარებისას ნებისმიერი მეტრო სადგურის საინფორმაციო ოფისში.

მეტროს ასევე აქვს თავისი სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც მიახლოებით დროსა და გადაჯდომების ზუსტ რაოდენობას გითვლით, ასევე გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს დანიშნულების ადგილას მისაღწევად (“Shanghai Metro”). დღეს მიმდინარეობს 4 ხაზის მიშენება და სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ 7 ხაზის მიმატება, ესეც საბოლოოდ ხაზების რაოდენობა იქნება 23!

შანხაის მეტრო.

Maglev Train:

მაგილევის სწრაფი მატარებელი შორეული ფუტონგის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე სულ რაღაც 8 წუთში მიგიყვანთ მაშინ, როდესაც ავტომობილით გადაადგილებას დასჭირდება 50 წუთზე მეტი დრო. მატარებელი ავითარებს სიჩქარეს 350 კმ/სთ-მდე 2 წუთში. ეს სიამოვნება დაგიჯდებათ 50 იუენი (20 ლარი).

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კომერციული მატარებელი შანხაიში.

თუ ისარგებლებთ სტანდარტული მეტროთი მაშინ გადაჯდომებით გადაიხდით 14 იუენს (5,30 ლარი), მგზავრობის ხანგრძლივობა ქალაქის ცენტრამდე შეადგენს 1,5 საათს.

ავტობუსი:

ავტობუსით მგზავრობა ჩინეთში, პირადად ჩემთვის, ოდნავ მოუხერხებელია, რადგან დიდ დროს გართმევს გადაადგილებისას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქალაქის სანავახად სულ რამდენიმე დღე გაქვს, შანხაი კიდე ხომ სანახაობრივად ამოუწურავია! ავტობუსით მგზავრობა სტანდარტულად 2-4 იუენი ჯდება (0,70-1,5 ლარი).

ჩვეულებრივი ავტობუსი შანხაიში, ჩინეთში.

საერთო მოხმარების ველოსიპედები:

ჩემთვის, ნებისმიერი შანხაელისთვის და ზოგადად რიგითი ჩინელისთვის ყველაზე იაფიანი და, ამავდროულად, ჯანსაღი გადაადგილების საშუალებაა საერთო მოხმარების (shared) ველოსიპედები. დღეისათვის ყველაზე ცნობილი ველოსიპედების კომპანიებია: Ofo და Mobike. პირველის შემთხვევაში წინასწარ შესატანი დეპოზიტია 100 იუენი (38 ლარი), ხოლო მეორის შემთხვევაში – 300 იუენი (114 ლარი). ველოსიპედის კიდევ ერთი უპირატესი მხარეა ის, რომ 1 საათი მგზავრობა მხოლოდდამხოლოდ 1 იუენს შეადგენს, ეს თანხა ავტომატურად გეჭრებათ თქვენი დეპოზიტიდან. ანუ გამოდის, რომ თქვენსავე გადახდილ თანხას დეპოზიტში იყენებთ უკვე მომავალში სამოგზაუროდ.

Mobike and Ofo bikes sit on the sidewalk outside a subway station. in Shanghai, China, on Thursday, September 12 2017. Photographer: Qilai Shen/Bloomberg

საცხოვრებელი:

საცხოვრებელიც შესაბამისად ძვირია შანხაიში. ერთი ოთახის ქირა 2-, 3- ან 4-ოთახიან ბინაში, შესაბამისად უცხო ადამიანებთან, დაგიჯდებათ $300-400, ეგეც ყველაზე იაფიან და ნაკლებად პრესტიჟულ უბანში. მაგალითად ჩემი ახლო მეგობარი, რომელიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს (მეტროს გაჩერება People’s Square) 5-ოთახიან ბინაში, ახალ კორპუსში, თვეში მხოლოდ თავისი ერთი ოთახის ქირაში იხდის 5000 იუენს, ანუ 1910 ლარის ფარგლებში, ესეც კომუნალური გადასახადების გარეშე. ხოლო მეორე მეგობარი ცნობილ French Concession-ზე ბინადრობს და ამ სიამოვნებაში მთლიან LOFT-ს (2 სართული, სულ 25 კვ.მ) 5500 იუენში ქირაობს (2103 ლარი), ესეც, რასაკვირველია, კომუნალურების გარეშე… აღარ გავაგრძელებ სინთიენტის (Xintiandi) მცხოვრებლებზე… ამიტომ თუ დააპირებთ შანხიში საცხოვრებლად გადასვლავს აუცილებლად გათვალეთ ფინანსები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩინეთში, განსაკუთრებით კი შანხაიში ძალიან რთულია საცხოვრების დროულად პოვნა, მითუმეტეს კარგის. ხშირად ერთ დღეს ჩინური სოციალური მედიის აპლიკაციებში ატვირთული განცხადება მეორე დღეს უკვე უქმდება, რადგან მაშინვე, განცხადებიდან რამდენიმე წუთში გაქირავებული ან გაყიდულია ხოლმე, შანხაიში ხომ უამრავი უცხოელი ჩამოდის სამუშაოდ და სასწავლებლად.

სპორტული შანხაი:

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჰობი, რაც ჩინეთში ცხოვრებისას შევიძინე არის სპორტი, ვარჯიში, ან როგორც გნებავდეთ ისე უწოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მოჭიდავე მამა მყავს და ყოველთვის მაძალებდა სხვადასხვა სპორტულ სექციაში სიარულს, ეგ საქმე დიდად არ მიზიდავდა, უბრალოდ მშობლების რჩევით დავდიოდი ხოლმე… ჩინეთში აღმოვაჩინე, რომ უამრავი ადამიანის ვარჯიში რეალურ მოტივაციას გაძლევს რომ შენც დაკავდე სპორტით და უკეთესად იგრძნო საკუთარი თავი… განსაკუთრებით როცა ჭარბი წონა გაწუხებს და შენი უცხოელი ჯგუფელების ნახევარზე მეტი არაჩვეულებრივ ფიზიკურ მდგომარეობაშია. სწორედ ასეთ აქტიურ და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება გაძლევს სტიმულს, რომ თავად ივარჯიშო და განვითარდე.

ჩინელების ცექვა შანხაის ქუჩებში.

განსაკუთრებით მიყვარს ასაკოვანი ადამიანების ცქერა, როდესაც ყოველ დილას, საღამოს ან სრულიად დაუგეგმავად დიდ ჯგუფებად ცეკვავენ პარკებსა და მოედნებზე, რადიოს ან დინამიკებში ხმამაღლად ჩართული მუსიკის თანხლებით… აღნიშნულ ტრადიციას ჩინურად “公场舞“, ანუ ზუსტი თარგმანი ქართულზეა – “პარკის ცეკვები“. მახსოვს პირველი საღამო, სულ რამდენმე საათი იყო გასული ჩემი ჩაფრენიდან შანხაიში და გამოშტერებულივით ვუყურებდი ამ ცოცხალ სანახაობას ჩემს სასწავლო კამპუსთან ახლოს… როგორი ენთუზიაზმით და გულით ცეკვავენ საყვარელი ჩინელი მოხუცები, უბრალოდ უნდა ნახოთ! მათ შემხედვარე ახალგაზრდას სირცხვილის განცდა გიჩნდება, რომ მათსავით სალტოებსა და “შპაგატში” ჩაჯდომეს კი არა, ჩვეულებრივ სირბილიც რომ გეზარება!!!

P.S. გთხოვთ, მოიწეროთ შენიშვნები ან დამისვათ კითხვები, რაც გაინტერესებთ შანხაურ ცხოვრებაზე, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ!

P.P.S ფასები მოცემულია დღევანდელი კურსით (10/25/2017).

მუდამ თქვენი, დამწყები #სინომედიაბლოგერი ტავეი (大卫).

 [:]