[:ka]
შანხაიმ დოლჩე გაბანას შოუ დიზაინერის რასისტული განცხადების გამო გააუქმა.
ჩინელებმა მსოფლიო ბრენდს ჩინელი ხალხის შეურაცხყოფა არ აპატია.
იტალიური ძვირადღირებული ბრენდის Dolce & Gabbana-ს მოდის ჩვენება, რომელიც შანხაიში ოთხშაბათს საღამოს იყო დაგეგმილი, გაუქმდა, მას შემდეგ, რაც ბრენდის თანადამფუძნებელისა და დიზაინერის სტეფანო გაბანას ჩინელებისადმი შეურაცმყოფელი და რასისტული მიმოწერა შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გასაჯაროვდა.
შოუს თანამშრომლებმა და მოდელებმა ბარგი ჩაალაგეს და დატოვეს შანხაის ექსპოს ცენტრი, სადაც სადღესასწაულო გამოფენის მოწყობა ოთხშაბათს საღამოს 4 საათზე იყო დაგეგმილი.
ჩინურ სოციალურ ქსელში Sina Weibo-ზე @Fashion_BangZ-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოწერის გამოქვეყნების შემდეგ 500-ზე მეტმა ჩინელმა მოდელმა და ცნობილმა სახემ, მათ შორის: ჭანგ წ’იმ, ლი პინგპინგმა, ჩენ ქუნგმა და ვანგ ძიუნქაიმ უარი თქვეს შოუში მონაწილეობაზე. ჩინელების გაღიზიანება თავდაპირველად Dolce & Gabbana-ს ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა გამოიწვია, სადაც ჩინელ მოდელს იტალიური კერძების ჩხირებით ჭამას ასწავლიან. ჩინელებმა ვიდეოებს შეურაცხმყოფელი და რასისტული უწოდეს, რასაც უკვე პირად მიმოწერაში სტეფანო გაბანას მხრიდან უხეში პასუხები მოჰყვა.
სტეფანო გაბანამ ჩინეთს უცოდინარი სუნიანი მაფია უწოდა. ჩინელ ხალხს კი ძაღლისმჭამელები უწოდა. მის დაუფიქრებელ საქციელს ჩინეთში სწრაფი ვირუსული რეაქცია მოჰყვა, ამჟამინდელი მონაცემებით Amazon China-ს გარდა რვა ძირითადმა პლატფორმამ ბრენდის პროდუქცია სრულიად ამოიღო გაყიდვიდან. მათ შორის Tmall, Jingdong, Suning Tesco, Netease Kaola, VIPShop, No.1 Shop, Ocean Terminal და ა.შ
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები მაღაზიებიდან, თუ როგორ ათავისუფლებენ დახლებს Dolce & Gabbana ბრენდის ჩანთებისგან, ასევე მოკლე ვიდეოები ჩინელი მომხმარებლების მოკლე ვიდეოები, სადაც ისინი ანადგურებენ ბრენდის პროდუქციას, წვავენ, იყენებენ იატაკისა და ტუალეტის მოსაწმენდად.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ბრენდისთვის ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბაზარი იყო, გასულ წელს 1 მილიარდზე მეტი მოგება სწორედ ჩინეთისგან მიიღო ბრენდმა. წელს Dolce & Gabbana-ს შოუს პიარი ჰეშთეგით #DGlovesChina მიმდინარეობდა. ჩინელი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში პროტესტს გამოხატავენ შემდეგი ფრაზებით, “DEAD&GONE” – მკვდარი და გამქრალი “get out of China”- გაეთრიე ჩინეთიდან. ბრენდს ინსტაგრამზე სხვა ცნობილმა სახეებმა კი გამოწერა გაუუქმეს.
Dolce & Gabbana-მ მოგვიანებით ინსტაგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მომხდარს გაუგებრობა უწოდეს და განმარტეს, რომ სტეფანო გაბანას ინსტაგრამის პირადი გვერდი გატეხეს და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სტეფანო გაბანას გვერდზე კი დიზაინერი ბოდიშს იხდის და წერს, რომ მისი გვერდი გატეხეს “მე მიყვარს ჩინეთი და ჩინური კულტურა, ბოდიშს ვიხდი მომხდარის გამო”.
თუმცა განცხადებას ჩინელი მომხმარებელების მხრიდან უკურეაქცია მოჰყვა, სტეფანოს უწოდეს ლაჩარი, რადგან მას შეეშინდა ეღიარებინა საკუთარი შეცდომა და ყველაფერი პირადი გვერდის გატეხვას მხოლოდ ფულის დაკარგვის შიშით დააბრალა.
შეიძლება ითქვას, რომ ჩინელებმა მსოფლიო ბრენდს ქვეყნისა და ჩინელი ხალხის შეურაცხყოფა არ აპატია და რომ დღეს კი ბრენდი გამოძევებულია ჩინეთის ტერიტორიიდან.
ვარაუდობენ, რომ ბრენდი ახლა იაპონიაში ეცდება შეინარჩუნოს პოპულარობა, თუმცა ამასთან დაკავშირებით სტეფანო გაბანას ძველ განცხადებას იხსენებენ, სადაც მან თქვა, რომ არანაირი სურვილი არ აქვს Dolce & Gabbana-სთვის იაპონელმა დიზაინერმა იმუშავოს.
[:]