30 წლის წინ შენჭენი მეთევზეების სოფელი იყო. დღეს კი ამ ქალაქში თქვენ შეხვდბით ჩინეთის უმსხვილეს ტექნოლოგიურ hi-tech კომპანიებს. სწორედ ამ ქალაქში გაჩნდა ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Huawei, Tencent, ZTE, DJI და სხვა.
შენჭენის მნიშვნელობის და მასშტაბების გასააზრებლად ისიც საკმარისია, რომ ამ ქალაქშია ტექნოლოგიური გიგანტი Huawei-ს ცენტრალური ოფისი. თანამშრომლების რიცხვი 60,000-ს ითვლის, რომელთაგან 25,000 ადამიანი კვლევისა და განვითარების კუთხით მუშაობს. 2013 წელს შენჭენი იქცა სამომხმარებლო ელექტრონული მოწყობილობების უდიდეს მწარმოებლად მსოფლიოში. 2015 წელს კი ელექტრონული მოწყობილობების ექსპორტმა ქალაქიდან $29 მილიარდი შეადგინა
ბოლო 20 წლის განმავლობაში შენჭენის მოსახლეობა 5 მილიონიდან 20 მილიონამდე გაიზარდა. იგი იქცა ინოვაციების თავშეყრის ადგილად, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მიდიან კონკურენტუნარიანი ტალანტები. მაგალითისთვის, ყოველწლიურად 6 მილიონი სტუდენტი მიდის სამსახურის და ახალი შესაძლებლობების საძებნელად დიდი ყურის ტერიტორიაზე, რომლის შუაგულშიც შენჭენი მდებარეობს. ქალაქის საშუალო ასაკი 20-30 წელია და აქ შეხვდებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სტარტაპერებსა და უკვე დამკვიდრებულ კომპანიებს. ამ ქალაქში ხალხი მომავალში ცხოვრობს. დიდი ყურეს ტერიტორია ჯამში 11 ქალაქისგან შედგება და ჯამური მოსახლეობა 66 მილიონს აღემატება. ტექნოლოგიური რეგიონის განვითარებამ, რომელიც ინოვაციებით იყო გამოწვეული, შედეგად ამ რეგიონისთვის მოიტანა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მაგალითისთვის, მახოლოდ ამ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი აღემატება სამხრეთ კორეის მშპ-ს.
ის ინოვაციები, რომლებსაც შენჭენში არსებული კომპანიები სთავაზობენ მსოფლიოს, იქცა ამ ქალაქის სიმბოლოდ. ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანია Huawei-მ $400 მილიარდის ინვესტიცია ჩადო კვლევასა და განვითარებაში. ქალაქის და მთლიანად დიდი ყურეს სივრცის წარმატება მისი ადგილმდებარეობითაცაა განპირობებული. ბოლო ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებით გაიზარდა ჩინური, დასავლური და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის შემთხვევები. შენჭენი ამის ნათელი მაგალითია. ის იქცა დანარჩენ მსოფლიოსთან ჩინეთის ერთგვარ დამაკავშირებლად, როცა საქმე ეხება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ამასთან, ამ ქალაქმა დაამსხვრია ბევრი სტერეოტიპი, რომელიც წლების მანძილზე ჩინურ პროდუქციას უკავშირდებოდა.
შენჭენის კულტურა დიდ პატივს სცემს დამოუკიდებელ ბიზნესებს და აფასებს ინდივიდუალურ ძალისხმევას. ამ ქალაქში ადამიანების სტატუსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინოვაციური და წარმატებულები არიან ისინი ტექნოლოგიის სფეროში. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები ცდილობენ, თავად შექმნან ახალი პროდუქტი, თუნდაც დიდი რისკის ფასად. დიდი კომპანიები კი ხშირად მათი თანამშრომლების მიერ შექმნილ სტარტაპებში აბანდებენ ფულს. მსგავსი პრეცედენტები ხშირადაა Tencent-ის და Huawei-ს შემთხვევებში. ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სიახლეების მიმართ ასეთი დამოკიდბულება ეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ინოვაციების ჰაბის სტატუსი.
კოლაბორაციის ის გზები, რომლებსაც შენჭენი უხსნის ათასობით კომპანიას, აუცილებელია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღეს დგას მსოფლიოს წინაშე. იქნება ეს კლიმატის ცვლილება თუ მომხმარებელზე მორგებული ტექნოლოგიის შექმნა. ბოლო ათწლეულების მანძილზე შენჭენმა დააგროვა ფასდაუდებელი გამოცდილება და დაამტკიცა, რომ მას ბევრი სამართლიანად უწოდებს ახალ სილიკონის ველს.