[:ka]
ჩინური ენის სწავლა რომ დავიწყე, ვერ წარმომედგინა ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა თუ მომეცემოდა. ხშირად ვფიქრობდი, იმ დროს უფრო ვოცნებობდი, ჩინეთში ცხოვრებაზე, როგორი იქნებოდა შორეულ აღმოსავლეთში ერთი ქართველი გოგოს ცხოვრება, ოცნებები ხდება და ახლა მე ჩინეთში ვარ.
2016 წელს კონკურსის შედეგად ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია მოვიპოვე და უნივერსიტეტის არჩევის დროც მოვიდა. ბავშობიდან ვოცნებობდი ზღვისპირა ქალაქში ცხოვრებაზე, გადავწყვიტე მეორე ოცნებაც ამესრულებინა და ერთ-ერთ ზღვის პირა ქალაქზე გავაკეთე არჩევანი. ცინტაო, ასე ჰქვია იმ ქალაქს სადაც ამჟამად ვსწავლობ ჩინურ ენას. ცინტაო ცნობილი ბევრი რამით არის, პირველი ეს არის ლუდი, რომელიც არა მხოლოდ ჩინეთში არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილია.
ჩინეთის კულტურით და ისტორიით ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ, ჩინეთში ჩამოსვლამდე მეგონა რომ ამ ქვეყანას და ამ ხალხს კარგად ვიცნობდი, თურმე ვცდებოდი. როგორც ყველა ადამიანს მეც მქონდა სტერეოტიპები, რომელიც მალევე დამემსხვრა.
ჩინეთში მივხვდი, რამდენი რამის აღება შეიძლება კარგ მაგალითად და საქართველოში დანერგვა. რომ ჩამოვედი ძალიან მეშინოდა, ამხელა ქალაქებში როგორ უნდა გადავაადგილდე-მეთქი, თუმცა მინდა აღვნიშნო რომ სატრანსპორტო სისტემა და რუკები იმდენად გამარტივებულია, რომ მისი მოხმარება უცხოელისთვისაც ძალიან მოსახერხებელი და მარტივია.
ცინტაოში ჩამოსვლისას პირველი რაც თვალში მომხვდა სიმწვანე იყო, ამ ქვეყანაში ნამდვილად იციან, როგორ უნდა გაამწვანონ და გაალამაზონ ქალაქი. ასევე, რაც ძალიან გამიკვირდა, სისუფთავე იყო. არა მხოლოდ კამპუსის ტერიტორიაზე, არამედ მთელ ქალაქში. ეს იყო ის სტერეოტიპი, რომელიც პირველივე დღეს დამემსხვრა.
აქ ყველა უნივერსიტეტს თავისი ტერიტორია აქვს. ყველა უნივერსიტეტი პატარა ქალაქია, შიგნით კი ყველაფერია რაც სტუდენტს სჭირდება. საერთო საცხოვრებლები, მაღაზიები, საკვები ობიექტები, სასადილო, ბიბლიოთეკა, რამდენიმე სახის სტადიონი და ა.შ. საუკეთესო გარემოა შექმნილი სტუდენტური ცხოვრებისთვის. ძალიან შემშურდა ჩინელი სტუდენტების, რადგან ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება აქვთ.
ხშირად მეკითხებიან ძნელია თუ არა ჩინეთში ცხოვრება?! მინდა ვთქვა, რომ არა. ჩინელი ხალხი ისეთივე გულთბილი და სტუმართმოყვარეა, როგორც ქართველები. ყველას აქვს გათვითცნობიერებული, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება შედარებით ძნელია, შესაბამისად მაქსიმალურად ცდილობენ დაგეხმარონ, ყველანაირად გიწყობენ ხელს, რომ კარგი გარემო შეგიქმნან. მათი მხრიდან ეს ძალიან დასაფასებელია.
საერთო საცხოვრებელში სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად ვცხოვრობ, ესეც ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის. გარდა ჩინური კულტურისა სხვა სტუდენტებისგანაც ვსწავლობ მათი ქვეყნის კულტურებს. ჩინელ მეგობრებთან ერთად ყოფნისას ხშირად ვადარებთ ამა თუ იმ კუთხით ჩვენ ქვეყნებს, ჩვენ ხალხებს, წეს-ჩვეულებებს. ერთმანეთისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობთ. კამპუსში ბევრი ჩინელი მეგობარი შევიძინე, ხშირად ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს, ენის სასწავლად ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა.
სწავლება მხოლოდ ჩინურ ენაზეა, თავიდან მიჭირდა ყველაფრის გაგება თუმცა მალევე მივხვდი , რომ ენის სასწავლად საუკეთესო საშუალება იყო. სულ ყურადღებით უნდა ყოფილიყავი, რამე რომ არ გამოგრჩენოდა, შესაბამისად პროგრესი უფრო და უფრო მაღალი იყო.
უკვე ნახევარი წელი, რაც ჩინეთში ვარ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ნახევარი წელი ჩემ ცხოვრებაში იყო ყველაზე საინტერესო, ყველაზე შემეცნებითი და ბევრის მომცემი. ბედნიერი ვარ, რომ ჩინეთის მთავრობამ სტუდენტებს მოგვცა საშუალება ენის კურსებზე ჩამოვსულიყავით ჩინეთში და გვესწავლა ჩინური ენა, ახლოს გავცნობოდით ჩინეთის უძველეს კულტურას, გვენახა ყველასთვის ცნობილი ღირსშესანიშნაობები და გამოცდილებასთან ერთად შეგვეძინა ახალი მეგობრები.
[:]