[:ka]
ტიბეტი ჩინეთის 5 ავტონომიური რეგიონიდან ერთ-ერთია. ის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. რეგიონს დასავლეთიდან ინდოეთი, ნეპალი, ბუტანი და მიანმარი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ს’ჩუანი, იუნნანი, სინძიანგი და ცინგხაი. სიდიდით ქალაქ პარიზზე ორჯერ დიდი და საშუალო სიმაღლით, დაახლოებით 4,000 მეტრია, ტიბეტის პლატო ყველაზე დიდი და მაღალია მსოფლიოში. ზოგჯერ, რეგიონს მეტსახელად „მსოფლიოს სახურავს“ ან „თოვლის მიწას“ უწოდებენ. 2006 წლის მონაცემებით, აქ რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი და 2.81 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეთნიკურ ჯგუფებს შეადგენენ ტიბეტელები, ხანელები, მოინბა, ლჰობა, ხუეი, მონღოლები და სხვაეთნიკური ჯგუფები. მოსახლეობის 90%-ს კი ტიბეტელები წარმოადგენენ.
ტიბეტის რეგიონი დაყოფილია, ექვს რეგიონად და ერთ მუნიციპალიტეტად ლჰასა, რომელიც რეგიონის დედაქალაქია. როგორც უკვე ავღნიშნეთ ტიბეტი მდებარეობს ტიბეტის პლატოზე, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს რეგიონს წარმოადგენს და მოიხსენიება, როგორც „დასავლეთ ნაწილი“, „დასავლეთ ჩინეთი“. რეგიონი იწყება ჰიმალაის მთათა სისტემის ჩრდილოეთიდან. ტიბეტში მრავალი მაღალი მთაა, რომლებიც წამყვან ათეულებს ქმნიან. მთა ევერესტი (8, 848 მ) წარმოადგენს დედამიწის უმაღლეს მწვერვალს, რომელიც ნეპალის საზღვართან მდებარეობს. ბევრი დიდი მდინარე სწორედ ტიბეტის პლატოზე იკვებება და იღებს სათავეს (დღესდღეობით ძირითადად ცინხაის პროვნიციაში). ესენია: იანძი, ხუანხე, ინდი, მეკონგი, განგი, სალუინი, ბრაჰმაპუტრა და სხვა.
ჩინურ ენაზე ფინინით (ტრანსკლიფციით), ტიბეტი არის „სიწანგი“, რაც „ დასავლეთის საგანძურს“ ნიშნავს. ინგლისური სიტყვა ტიბეტი პირველად, მონღოლებმა და თურქებმა გამოიყენეს, ანტიკურ ხანაში. ტიბეტი გამოირჩევა უნიკალურობითა და მიმზიდველობით, რაც ბუდისტური და ეთნიკური კულტურის ჰარმონიული შერწყმაა რეგიოონის ბუნებრივ სილამაზესთან. რეგიონი მოიცავს მსოფლიოს ორ ღირსშესანიშნავ მემკვიდრეობას, ესენია: პოტალას სასახლე და ნორბულინგკა, რომელიც 1754 წელს დაარსდა და წარმოადგენდა დალაი-ლამას საზაფხულო რეზიდენციას. ტურისტები, რომელთაც ბუდისტური კულტურის შეცნობა სწყურიათ, აუცილებლად უნდა ეწვიონ რეგიონს და გაიგონ მეტი ტიბეტური ბუდიზმის შესახებ. ტიბეტის საზეიმო ყელსახვევები, ზეციური დაკრძალვის ტრადიცია და იაქის დღესასწაული, მართლაც რომ უნიკალურია.
ტიბეტში რამდენიმე სახეობის ადგილობრივი პროდუქტია. მათგან გამოირჩევა: ცამფა (მოხალული ქერი)სუიოუჩა (ტიბეტური ჩაი) ცინგქ’ძიოუ (მაღალმთიანი ქერის სასმელი), ქარისგან გამომშრალი ხორცი. ცამფა და სუიოუჩა საკმაოდ გავრცელებული დიეტაა ტიბეტში.
მომოს (ცომის გუფთები ბოსტნეულის შიგთავსით) და თუქფას (ატრია ხორცით) დაგემოვნება პატარა რესტორნებში შეგიძლიათ.
ცინგქ’ძიოუს კი ხშირად სადილზე მიირთმევენ.
რაც შეეხება ადგილობრივ კულტურას ტიბეტში, ის საკმაოდ უნიკალური, მიმზიდველი და იდუმალია. აქ შეხვდებით უძველესი დროის არქიტექტურას თავისი ტაძრებით, სასახლეებით, საგვარეულო რეზიდენციებით, გაეცნობით ტიბეტურ ბუდიზმს, ენას, ლიტერატურას, მედიცინის ხერხებს, ხელოვნების ნიმუშებს და ხალხურ ტრადიციებს. ტიბეტური კულტურის მაგალითებია, რეგიონში გავრცელებული სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულები, საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიები, ხილით შესრულებული ნაკეთობები, საკვები და სუფრასთან ქცევის წესები. დღესდღეობით, ტიბეტში ადამიანის დაკრძალვის ხუთი ხერხი არსებობს: ტაძარში დაკრძალვა, კრემაცია, წყალზე დაკრძალვის ტრადიცია, სხეულის მიწისთვის მიბარება და ზეციური დაკრძალვა. მათ შორის ზეციური დაკრძალვა, ყველაზე მეტად იდუმალია ტურისტებისათვის.
ინდუსტრია
ტიბეტელები თავიანთ ყოველდღიურობაში ფლობდნენ საკმაოდ ბევრ მრავალფეროვან საქმიანობას, მათ შორის იყო წისქვილის სამუშაოები: ხორბლის დაფქვა, კანვასა და იალქნების ხატვა, ქაღალდის წარმოება, თოკის დაწნა, მატყლის დამუშავება, სხვადასხვა ქსოვილების წარმოება, მეტალის დამუშავება – ზეინკლობა, ხალიჩების დამზადება, ხის დამუშავება და სხვადასხვა აქსესუარების დამზადება. ინდივიდუალური საოჯახო მეურნეობაც და მცირე წარმოებაც სტანდარტული ხასიათის იყო, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, როგორსაც წარმოადგენდა რელიგიური მანუსკრიპტებისა და წიგნების ბეჭდვა.
ხელოვნება
კლასიკური, ტრადიციული ტიბეტური ხელოვნება, შეიძლება ითქვას, მეტწილად ორიენტირებულია რელიგიურ კულტზე და შესაბამისად, ძირითადად,მოიცავს რელიგიური ღვთაებების სხვადახვა სახით შესრულებულ ნახატებს, სკულპტურებს, ამოკვეთილ საკურთხევლებს, რელიგიურ წარწერებს, ძვირფასი ქვისა და მეტალისაგან შექმნილ მოზაიკებს, სპეციალურ კოსტიუმების შექმნას რელიგიური რიტუალებისა და წარმოდგენებისთვის, ასევე რელიგიური ხასიათის მუსიკას.
ასეთ ყოვლისმომცველ რელიგიურ ელემენტებს, განაპირობებს ისიც, რომ უმეტესობას ამ ხელობათაგან ეუფლებოდნენ და პრაქტიკაში ავითარებდნენ სწორედ წმინდა ბერები მონასტერში მოღვაწეობისას. ამას გარდა, აღსანიშნავია უძველესი ბუდისტური წმინდა წერილების კოლექციები, ტიბეტური მწერლობა და ლიტერატურა, უაღრესად მნიშვნელოვანი ფილოსოფიური, ისტორიული, სამედიცინო, სამეცნიერო, მათემატიკური თუ ასტრონომიული დისკურსის ნაშრომები, ასევე პოეზიაც და ბელეტრისტიკაც. სპეციფიკური ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და სამკაულებით გამოირჩეოდნენ ადგილობრივი
ქალები.
მედიცინა
ტიბეტურ მედიცინას წარმოშობისა და განვითარების ათასწლოვანი ისტორია აქვს. საკმაოდ სფეციფიური მკურნალობის კულტურა მთელი რიგი ინოვაციური და თანამედროვე ელემენტებით იყო გაჯერებული. დიაგნოზის დასასმელად და ორგანიზმის სრულად გამოსაკვლევად გავრცელებული მეთოდი იყო მაჯაში მოწოლილი სისხლის ნაკადის მოსმენა-ერთგვარი პულსის გაზომვა; შარდის ანალიზი და სხეულის თითქმის ყველა ნაწილის შემოწმება, გულისა და ფილტვების მოსმენა, აუცილებელი იყო პაციენტის დეტალური გამოკითხვაც. ამის შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილით მზადდებოდა და ეძლეოდა სამკურნალო მცენარეები და ტაბლეტები. ითვლებოდა, რომ თითოეული ადამიანის სხეული შედგებოდა, ბალანსდებოდა და გავლენას განიცდიდა სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიც იყო საკვები, რელიგიური მრწამსი და სწავლება, მენტალური მდგომარეობა, დიეტა ან მარხვა. ფიზიკური წრთობისა თუ რეაბილიტაციის პროცესები საკმაოდ ხანგრძლივი იყო და კონტროლდებოდა წმინდა ბერების მიერ.
[:]