ახალი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ეპიდსიტუაციას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისი ხელმძღვანელობით, ჩინეთის კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის 6 სხდომა ჩატარდა შესაბამისი ზომების მისაღებად. იგი პირადად ეწვია უხანს წინა ხაზზე მდგომარეობის გასაცნობად. იგი საკუთარი ინიციატივით ატარებს ნიღაბს, იზომავს ტემპერატურას და მთელი ქვეყნის მოსახლეობას აძლევს მაგალითს. იგი მეთვალყურეობს და კომპლექსურ კოორდინაციას უწევს ეპიდემიის კონტროლისა და წარმოების აღდგენის სამუშაოებს. პრეზიდენტ სი ძინფინგის მეთაურობით, ჩინეთის მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო, ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და რადიკალური ღონისძიებები გაატარა, ხოლო ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრა, სახლში დარჩენისა და იზოლაციის დაცვისაკენ ხელისუფლების მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურა და ეპიდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში თითოეული მოქალაქე ჩაერთო. ჩინეთის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, წარმოება და ცხოვრება სწრაფად უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. გარდა იმპორტირებული შემთხვევებისა, ჩინეთში შიდა გადაცემით გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევა ნულის ტოლია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 70 000-ზე მეტია.

ჩინეთმა ფაქტობრივი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია, ხოლო ჩინური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი და ეფექტურია. ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა სამუშაოებმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ჩინელმა ხალხმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარა, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მკაცრი ზომები გაატარა, უდიდესი მსხვერპლი გაიღო და მთელი კაცობრიობის წინაშე დიდი წვლილი შეიტანა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის ქვეყნის შიგნით გავრცელების მართვასთან ერთად, მის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუშალა ხელი და მსოფლიოს მოსამზადებლად ძვირფასი დრო მოაგებინა.

ჩინეთი არასოდეს დაივიწყებს ეპიდემიის ყველაზე მძიმე წუთებში, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერასა და უანგარო დახმარებას. ეპიდემიის გლობალურად გავრცელებით გამოწვეული მწვავე ვითარების წინაშე, ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, მოუდუნებლად გააგრძელებს როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიის მართვას, ასევე სხვა ქვეყნებთან ეპიდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას, გაუზიარებს მათ ეპიდემიასთან ბრძოლისა და განკურნების გამოცდილებას, რათა ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ გლობალური პანდემიის გამოწვევებს. პანდემიამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის. ეს ეპიდემია მთელი მსოფლიოსათვის სერიოზული გამოწვევაა და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევასა და რეაგირებას მოითხოვს. ეჭვს იწვევს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, რომ ტალახში ამოსვაროს ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ გაწეული ძალისხმევა და ჩირქი მოსცხოს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩინეთის წვლილს.