ჩინეთის ელჩმა ქართველ ხალხს მძიმე პერიოდში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

0
104

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა პრესკონფერენცია გამართა. ქალბატონმა ლიმ ჟურნალისტებს ჩინეთში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ზოგადი სიტუაცია გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

“ეპიდემიის გამოჩენის შემდეგ, ჩინეთის მთავრობა ყოველთვის პირველ ადგილას აყენებს ხალხის სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. ჩინეთის მთავრობამ მიიღო ყველაზე ყოვლისმომცველი და მკაცრი პრევენციის ზომები.”

ქალბატონმა ელჩმა თავის სიტყვაში სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ზომებზე ისაუბრა:

“ცენტრალური მთავრობის ხელმძღვანელობით, ჩინეთმა ჩამოაყალიბა პრევენციისა და კონტროლის სისტემა, რომელიც ორიენტირებულია უხანსა და ხუპეიზე და შექმნა თავდაცვითი ხაზი ერთობლივი თავდაცვისა და კონტროლისთვის. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. „ძალა ერთობაშია“ – ამ სულისკვეთებით ჩინელი ხალხი ერთად ებრძვის ეპიდემიას, წესრიგმა და სტაბილურმა წინსვლამ ეფექტურად შეაფერხა ვირუსის გავრცელება.”

ის ასევე შეეხო ეპიდემიის გავრცელების პრევენციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ლიმ განმარტა ჩინეთში  გახანგრძლივდა ჩინური ახალი წლის არდადეგები, ხალხს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. “მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადაიწია სწავლის გაგრძელების თარიღმა, დროებით შეჩერდა ქვეყნის შიდა და გარე ჯგუფური ტურიზმის ბიზნესი, გაძლიერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებულ პირთა სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.”-განაცხადა ლიმ.

ელჩმა თავის სიტყვაში ისაუბრა ახალი კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების პროცესზე, მან თქვა, რომ ჩინეთი აქტიურად თანამშრობლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

“შეიქმნა ვაქცინების კვლევის ექსპერტთა ჯგუფი პათოგენების წარმატებით იდენტიფიცირებისა და ახალი ტიპის კორონავირუსის შტამის გამოყოფის მიზნით, შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაზე მუშაობა.”

ლი იენმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩინეთი მჭიდრო კომუნიკაციას ინარჩუნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან. ინფორმაციას აწვდის ეპიდსიტუაციისა და ჩინეთი მიერ მიღებული პრევენციული ზომების შესახებ, ეხმარება ქართულ მხარეს ყოველმხრივ გააძლიეროს პრევენციული ზომები. 

“საელჩო დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ ჩინელ მოქალაქეებს, ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან ვირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში. – ამბობს ის.

ჩინეთის ელჩმა ქართველ ხალხს მძიმე პერიოდში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

ჩინეთის მიერ ეპიდემიის აცილების მიზნით გატარებულმა ზომებმა მიიღო ქართული მხარის მხარდაჭერაც. მაშინ, როდესაც ეპიდემიის გავრცელების პირობებში, ჩინელი ერი განიცდის ამმძიმე პერიოდს, ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ფორმით, გამოხატეს თანადგომა და რწმენა იმისა, რომ ჩინეთი ძალიან მალე დაამარცხებს ამ ვირუსს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას და მედიას ეპიდემიის ფონზე შეუძლია შეინარჩუნოს ობიექტური, მშვიდი და რაციონალური დამოკიდებულება, ხოლო ჩინეთს სრული გაგება და მხარდაჭერა გამოუცხადოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც დიდ მადლიერებას გამოვხატავთ. ” – განაცხადა ლი იენმა.

ჩინეთის ელჩმა ჟურნალისტის კითხვას, ექნება თუ არა გავლენა აღნიშნულ ეპიდემიურ სიტუაციას ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაზე უპასუხა, რომ ჩინეთს აქვს ძლიერი ეკონომიკა და შეინრჩუნებს სიმტკიცეს, ეპიდსიტუაციამ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ გავლენას არ მოახდენს ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში. “ეპიდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკური წინსვლა გაგრძელდება, ამიტომ საეთაშორისო ინვესტორების შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.”-თქვა ლიმ.

ლი იენმა ქართულ მხარეს მოუწოდა, რომ ყურადღებით გადახედოს უკვე მიღებულ დროებით შემზღუდველ ზომებს, იმ ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რაც შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიამ ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის.

“რაც შეეხება ჩინეთ საქართველოს ეპიდემიამ გარკვეული უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა ჩინეთ-საქართველოს შორის მიმოსვლაზე, ვიზიტებსა და იმპორტ-ექსპორტზე და შეიძლება ასევე გავლენა იქონიოს მიმდინარე მასშტაბური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპზე.ჩინეთი გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ უმოკლეს დროში დაამარცხოს ეპიდემია.”

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ ლი იენმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა ზრუნავს ჩინეთში მყოფი უცხო ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მზადაა საერთაშორისო პრაქტიკის და ეპიდემიის განვითარების შესაბამისად, საჭირო დახმარება აღმოუჩინოს მათ. 

ხუპეის პროვინციის ქალაქ უხანში მცხოვრებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ საქართველოში დაბრუნება არჩია, ჩინეთი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას და მათ შესაბამისი დახმარებაც გაუწია. საქართველოს კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ კი ჩინეთში დარჩენა გადაწყვიტა, ისინი ენდობიან ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს და სჯერათ, რომ ეპიდემია კონტროლს დაექვემდებარება. ჩინეთი გააგრძელებს ახლო კომუნიკაციას საქართველოს საელჩოსთან ჩინეთში და აქტიურ დახმარებას გაუწევს ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.” – ამბობს ლი.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35982 შემთხვევა, გამოჯანმრთელების 3281 და სიკვდილის 908 შემთხვევა, შესაძლო შემთხვევების რაოდენობაკი შეადგენს 23589-ს. აღსანიშნავია, რომ 2 თებერვლიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობას. ახალი შემთხვევების რაოდენობა ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში მცირდება.