0.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 6, 2022

[:ka]ჩინეთის ისტორია: თანგის დინასტია[:]

[:ka]

თანგის დინასტია (618–907) დააარსა ლი იუენმა, წარმოშობით ჩრდილოეთ ჩინელმა მსხვილმა მიწათმფლობელმა. ლი იუენმა თავის შვილ ლი შიმინთან ერთად გაიმარჯვა სამოქალაქო ომში სუის დინასტიის უკანასკნელი მეფის იანგის წინააღმდეგ და 618 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ ავიდა სამეფო ტახტზე სამეფო სახელით კაოწუ. მოგვიანებით იგი ტახტიდან გადააყენა საკუთარმა შვილმა, მაგრამ თანგის დინასტია ხელისუფლების სათავეში დარჩა 907 წლამდე 690-705 წლების გამოკლებით, როდესაც ქვეყანას მართავდა უ წეთიენი, ერთადერთი ქალი იმპერატორი ჩინეთის ისტორიაში. მმართველობის დროს უ წეთიენმა მრავალი რეფორმა გაატარა, რათა თანგის დინასტია კიდევ უფრო გაეძლიერებინა. 705 წელს იგი აიძულეს, გადამდგარიყო და იმპერატორმა ჭუნგწუნგმა დაიკავა ტახტი.

თანგის დინასტიის მმართველობის პერიოდში აყვავდა სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. ახალ წარმატებებს მიაღწიეს ქსოვის ტექნიკაში, მეტალურგიაში და გემთმშენებლობაში. მთელი ქვეყანა დაფარული იყო სახმელეთო და სამდინარო გზების ქსელებით. ჩინეთმა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა დაამყარა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა იაპონია, კორეა, ინდოეთი და სპარსეთი. განვითარდა მეცნიერება და ტექნიკა, დენთის იარაღის წარმოება: ფეიერვერკები, რაკეტები და „ცეცხლოვანი გველები“ ფლოტში. განვითარდა ასევე ჩაის სმის ცერემონიალი.  დიდი ხნის განმავლობაში ჩაი მიიჩნეოდა სამკურნალოდ და ითვლებოდა ჩინეთის კულტურის განუყოფელ ნაწილად. ჩინურმა კლასიკურმა ლიტერატურამ უკვდავყო თანგის დინასტიის ჩაის სმის ცერემონიის ოსტატების სახელები – ლუ თუნგი და ლუ იუია.

თანგის დინასტიის დასუსტების ზუსტი მიზეზები არაა ცნობილი, თუმცა VIII საუკუნის დასაწყისში გახშირდა აჯანყებები და საომარი მარცხები, რამაც განაპირობა ცენტრალური ხელისუფლების დაქვეითება. თანგის დინასტიას შეუტიეს არაბებმა. ტალასის ბრძოლის დროს (751 წ.) ჩინეთის ჯარი დამარცხდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამ მოვლენებიდან ძალიან მალე მოხდა ან ლუშანის აჯანყება (756 წ.), რომელმაც დაანგრია წლების მანძილზე ნაშენები ქვეყანა. ან ლუშანმა დაიკავა ორივე დედაქალაქი (ჩანგანი და ლუოიანგი) და ქვეყნის დიდი ტერიტორია. დინასტია დასუსტდა და ვერასოდეს ვეღარ მიაღწია არსებულ დიდებას. იმპერიამ კონტროლი დაკარგა ცენტრალურ აზიაზე. 858 წელს დიდი არხის რეგიონში საშინელი წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი. ჩინელების რწმენა, რომ ისინი ღვთის რჩეული ხალხია, შეირყა და მოსახლეობა ფიქრობდა, რომ დინასტიის წარმომადგენლებმა დაკარგეს ტახტზე ყოფნის უფლება. ამას თან დაერთო 873 წლის საშინელი მოუსავლიანობა. ათობით ათასი ადამიანი შიმშილობდა. თანგის დინასტიის მმართველობის ბოლო პერიოდში შესუსტდა ცენტრალური ხელისუფლება და გაძლიერდნენ პროვინციის სამხედრო გუბერნატორები, რომლებიც ისე იქცეოდნენ, როგორც დამოუკიდებელი მმართველები. იმპერატორების არაკომპეტენტურობამ და თანამდებობის პირების კორუფციამ, ამასთან ერთად გვალვამ და შიმშილობამ გამოიწვია მთელი რიგი აჯანყებები. უკანასკნელი დამანგრეველი აჯანყება იყო ხუანგ ჩაოს (874 წ.) აჯანყება. ამბოხებულებმა ხელში ჩაიგდეს ორივე დედაქალაქი. აჯანყება 10 წელი მიმდინარეობდა და დინასტიას უკვე აღარ შეეძლო ფეხზე დგომა. თანგის დინასტიის დაცემის შემდეგ ჩინეთის ისტორიაში დაიწყო 5 დინასტიისა და 10 სამეფოს პერიოდი.

თანგის დინასტიის (618–907) ეპოქა ჩინურ ისტორიოგრაფიაში მიიჩნევა ქვეყნის უმაღლესი ძლიერების ხანად, როდესაც იგი განვითარების დონით უსწრებს თავისი პერიოდის ყველა ქვეყანას.

[:]

- Advertisement -spot_img

More articles

- Advertisement -spot_img

Latest article