Home "ჩინეთის ექსპერტი 2017" ჩინეთის მდინარეები და ტბები

[:ka]ჩინეთის მდინარეები და ტბები [:]

0
4903

[:ka]

ჩინეთში უამრავი მდინარე და ტბაა. სტატისტიკის მიხედვით, 50 000-ზე მეტი მდინარის აუზის ფართობი 100 კმ2-ს აჭარბებს, 1 500-ზე მეტი მათგანის ფართობი კი – 1000კმ2-ს. მდინარეთა უმეტესობა მიედინება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ წყნარ ოკეანეში, გარდა რამდენიმე მათგანისა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, რომლებიც სამხრეთით მიედინება. მდინარეების საერთო სიგრძე ჩინეთში შეადგენს 220 000 კმ-ს. ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარეები სათავეს იღებენ ცინგხაი-ტიბეტის მთიანეთიდან და შესაბამისად მაღალი ვარდნით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, ჩინეთი მსოფლიოში ჰიდროელექტრორესურსების მწარმოებელი ლიდერი სახელმწიფოა. ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი – 22 500 მეგავატი მოცულობის ჰიდროელექტროსადგური – სანსია მდინარე იანძიზე ფუნქციონირებს.

ჩინეთის მდინარეებს შორის აღსანიშნავია ხუანხე და იანძი. ხუანხე (ყვითელი მდინარე) 5464 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი აუზის ფართობი კი 750 000 კმ2 -ია. სათავეს იღებს დასავლეთ ჩინეთში, ცინგხაის პროვინციაში, შემდეგ გადაკვეთს ჩინეთის 9 პროვინციას და ჩაედინება ბოხაის ზღვაში. ხუანხეს ჩინური ცივილიზაციის აკვანს უწოდებენ.

მდინარე იანძის სიგრძე 6300 კილომეტრია, ხოლო ფართობი – 1 800 000 კმ2. სათავეს იღებს ტიბეტის მთიანეთში და ჩაედინება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ქალაქ შანხაის სიახლოვეს. იანძი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარეა. მის აუზში ჩინეთის მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს. მდინარე ხუანხესთან ერთად, იანძის მნიშვნელობაც უდიდესია ჩინეთის ისტორიაში, კულტურასა და ეკონომიკაში.

ასევე ცნობილია ხელოვნური სანაოსნო არხი, ჩინეთის დიდი არხი, რომელიც პეკინიდან ხანგჭოუმდეა გადაჭიმული დაახლოებით 1800 კმ-ზე. არხს 2500 წლიანი ისტორია აქვს. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ხუანხეს, იანძის, ხაის, ხუაის და ციენთანგს. უძველეს დროში ამ არხის მეშვეობით ტვირთი გადაჰქონდათ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, იმპერატორები კი მისი გავლით მოგზაურობდნენ ჩრდილოეთიდან სამხრეთით. 2014 წლის 22 ივნისს არხი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ჩინეთში უამრავი ბუნებრივი ტბაა, რომელთა უმეტესობაც გაფანტულია ცინგხაი-ტიბეტის მთიანეთში და იანძის ვაკეში. ჩინეთის ყველაზე დიდი მტკნარწყლიანი ტბაა 3583 კმ2 ფართობის მქონე ფოიანგხუ, უდიდესი მლაშე ტბა კი – 4583 კმ2 ფართობის ცინგხაის ტბა დასავლეთში.

[:]

NO COMMENTS